Meta ტრამპთან დავის შეთანხმებით დასასრულებლად $25 მილიონის გადახდას დათანხმდა

Meta ტრამპთან დავის შეთანხმებით დასასრულებლად $25 მილიონის გადახდას დათანხმდა

The New York Times-ის ცნობით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Meta თანახმაა, 2021 წელს დონალდ ტრამპის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის დასასრულებლად დაახლოებით 25 მილიონი დოლარი გადაიხადოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, Meta მის მიმართ ცენზურის არასწორად გამოყენებასა და Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, კონგრესში მიმდინარე კონსტიტუციური პროცედურის ჩაშლის მიზნით, კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ.

როგორც The Wall Street Journal-ი იტყობინება, ზემოხსენებული თანხიდან დაახლოებით 22 მილიონი დოლარი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გადაირიცხება, დანარჩენი თანხა კი იურიდიული მოსაკრებლებისა და საქმეში ჩართული სხვა მოსარჩელეებისთვის იქნება გამიზნული.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში, ოთხშაბათს მოაწერა. მედიასააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ ტრამპმა და Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა სარჩელი ნოემბერში, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განიხილეს.

ცნობისთვის, ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები 2023 წლის იანვარში აღდგა, თუმცა პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ შემზღუდავი ეფექტი შენარჩუნდა ანგარიშებზე, რომლებიც პროტოკოლის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჩვეულებრივზე მაღალ ჯარიმებს ექვემდებარებოდა.

როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, Meta-ს სარჩელზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით The Wall Street Journal-ის ინფორმაცია დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ Meta-მ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტს $1 მილიონი შესწირა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კი ფიცის დადების ცერემონიაზე, სხვა ტექმილიარდერებთან ერთად, გამორჩეული ადგილი დაიკავა. ღონისძიებაზე ცუკერბერგის გვერდით იდგნენ Alphabet-ის (Google) აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, Amazon-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი.