თიბისის მომხმარებლები ამიერკავკასიაში პირველები იქნებიან, რომლებსაც მეტალის ბარათები ექნებათ. „კონცეპტ 360“-ის მომხმარებელმა გამორჩეული შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო. მსურველებს გამორჩეული დიზაინისა და უპირატესობებით დახუნძლული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობა იანვრიდან აქვთ. რას მოიცავს მეტალის ბარათების ნაკრები, ამის შესახებ Forbes Georgia-სთან პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ ისაუბრა.
ნატა, რატომ გადაწყვიტეთ მეტალის ბარათების შეთავაზება მომხმარებლისთვის?
წელს თიბისი 30 წლის გახდა და ჩვენთვის საიუბილეო წელია, გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის ჩვენივე დაბადების დღეზე, საჩუქარი გაგვეკეთებინა. ზოგადად, მუდმივად ვფიქრობთ, რა სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რისთვისაც ვატარებთ კვლევებს, დავდივართ საერთაშორისო კონფერენციებზე, ვსწავლობთ გლობალურ გამოცდილებას. სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მეტალის ბარათები წამყვან მსოფლიო ბანკებში ნიშური და პრემიალური პროდუქტია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ის ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვისაც გაგვეხადა. აღსანიშნავია, რომ მეტალის ბარათების ნაკრები იქნება ლიმიტირებული გამოცემა და ის მხოლოდ „კონცეპტ 360“-ის მომხმარებლებისთვისაა გათვალისწინებული.
რა შედის ნაკრებში?
გამომდინარე იქიდან, რომ Visa და MasterCard-ი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები არიან და ჩვენ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და ღირებული შეთავაზებების უზრუნველყოფას ვცდილობთ, გადავწყვიტეთ, ნაკრებში ორივე ბარათი შეგვეყვანა. მათ დავუმატეთ „კონცეპტ 360“-ის საკრედიტო ბარათი, რომელიც უნიკალური პროდუქტია, ვინაიდან ის მხოლოდ „კონცეპტ 360“-ის მომხმარებელს აქვს და ახლა უკვე ის მეტალის გახდება. შედეგად, მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ბარათისგან: Visa Signature-ისგან, MasterCard World Elite-სა და Ertguli Visa Signature credit card-ისგან შედგება.
მეტალის ბარათების გამოწერა უკვე შესაძლებელია, მათი უშუალოდ გაცემა კი 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. მეტალის ბარათების ნაკრების ლიმიტირებული გამოშვების გამოსაწერად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე www.360.tbcconcept.ge.
რაც შეეხება თავად „კონცეპტ 360“-ს, როგორი ტიპის მომხმარებლისთვის არის ის შექმნილი?
მოგეხსენებათ, თიბისის პრემიალური მომსახურება გამოწერის პრინციპზე დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა, როდესაც ჩვენ მომხმარებელს ორი ნაკრები წარვუდგინეთ – ციფრული და პრემიუმ-ნაკრები. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 100 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შეუძლებელია ყველა მათგანის საჭიროებების მხოლოდ ამ ნაკრებებით დაკმაყოფილება, დამატებით მესამე პაკეტი შევქმენით და მას „კონცეპტი 360“ დავარქვით. დასახელებაც მეტყველებს იმაზე, რომ ის ფარავს მომხმარებლის საჭიროებებს 360 გრადუსით.
და რა საჭიროებები აქვთ მათ?
ამ ადამიანებს სჭირდებათ ალტერნატიული საინვესტიციო პროდუქტები, ვინაიდან დეპოზიტებზე განაკვეთები მათთვის საინტერესო აღარ არის. ასევე, მათ სჭირდებათ ბევრი საკრედიტო პროდუქტი და მათზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. მათ სჭირდებათ მაღალი კლასის ბარათები, მაღალი ლიმიტებით, ვინაიდან მათი ხარჯვის ქცევა სულ სხვანაირია, ჩვენს ნაკრებში შემავალი ბარათები ამას უზრუნველყოფს.
რა შეთავაზებებით პასუხობთ ამ საჭიროებებს?
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი განსაკუთრებული შეთავაზებები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას, რომლითაც მომხმარებელს ინვესტიციების განხორციელებაში ვეხმარებით როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე.
მაღალი კლასის ბარათები – Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს. ხოლო Ertguli Visa Signature საკრედიტო ბარათი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, დააგროვოს უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS-ტერმინალზე საქართველოში. გარდა ამისა, მათთვის გვაქვს 250 ობიექტში მუდმივი სპეციალური შეთავაზება როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათზე, რომელთაც ისინი აქტიურად იყენებენ.
დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ბევრი დამატებითი სერვისი, მათ შორის ბარგის დაზღვევა, ულიმიტო და უფასო შესვლა 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯში. ასევე საზღვარგარეთ ბანკომატიდან განაღდების საკომისიო არის ნული. გარდა ამისა, გვინდოდა, რომ ამ ადამიანებს მოგზაურობა სასიამოვნოდ თიბისისთან ერთად დაეწყოთ და თბილისის აეროპორტში გავხსენით კონცეპტის ლაუნჯიც, რომელიც მათთვის უფასოა.
ამ სამი წლის განმავლობაში რამდენს მიაღწია „კონცეპტი 360“-ის ნაკრების მომხმარებელთა რაოდენობამ?
მალე 3000-ს გავცდებით და 2023-ში ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით.
თქვენი გეგმების შესახებ გვითხარით, რას უნდა ელოდოს „კონცეპტ 360“-ის მფლობელები თიბისისგან 2023-ში?
საინტერესო გეგმები გვაქვს, თუმცა დეტალების გამხელისგან ახლა თავს შევიკავებ. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე იანვარში მომხმარებელი ჩვენგან კიდევ ერთ საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, დანარჩენს შემდეგ ინტერვიუში მოგიყვებით.