ვირტუალური იახტა, რომელიც მეტავერსში ონლაინთამაშისთვის, The Sandbox-ისთვის შეიქმნა, ახლახან 650 ათას აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მას პლატფორმაზე ყველაზე ძვირად ღირებულ NFT-აქტივად აქცევს. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა Business Insider-ი ავრცელებს.
Metaflower-ის სახელწოდებით ცნობილ ვირტუალურ მეგაიახტაში, რომელსაც სამი გემბანი აქვს, დი-ჯეისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე, საცეკვაო მოედანი და აუზია მოწყობილი. იქ ასევე ვერტმფრენის დასაჯდომ-ასაფრენი ორი ბილიკია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ იახტა კომპანია Republic Realm-ის მიერ შექმნილი ძვირად ღირებული NFT-კოლექციის, Fantasy Collection-ის შემადგენელი ერთ-ერთი ციფრული აქტივია. კოლექციაში ასევე შედის კერძო კუნძულები და სწრაფმავალი კატერები.
ისეთ სათამაშო პლატფორმებზე, როგორიც The Sandbox-ია, ვირტუალური ფუფუნების საგნების ყიდვა-გაყიდვა არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იახტაში, რომლის სრული სახელიც Metaflower Super Mega Yacht-ია, პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა 149 ეთერიუმი (Ethereum) გადაიხადა, რაც იმ დროისთვის დაახლოებით 650 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს წარმოადგენდა.
ციფრულმა სამყარომ ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მარკ ცუკერბერგმა კომპანია Facebook-ს სახელი შეუცვალა და Meta უწოდა, ასევე მეტავერსთან დაკავშირებით სიახლეები დააანონსა. შეგახსენებთ, რომ ახლახან ბარბადოსმა მეტავერსში პირველი საელჩოს გახსნის გეგმა გააჟღერა. სახელმწიფო ჩანაფიქრის განხორციელებას 2022 წლისთვის აპირებს.