მეტი, ვიდრე დიზაინი | ინტერვიუ ქეთი ასათიანსა და ნუკა კორინთელთან

მეტი, ვიდრე დიზაინი | ინტერვიუ ქეთი ასათიანსა და ნუკა კორინთელთან

ინტერიერის დიზაინი სივრცის კომფორტულად და ფუნქციურად ორგანიზების ხელოვნებაა. ხუთი წლის წინ შექმნილი Objects-ისთვის არქიტექტურა და დიზაინი უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ხელობა. კომპანიის დამფუძნებლები ქეთი ასათიანი და ნუკა კორინთელი იმ ადამიანების შემოკრებას ცდილობენ, რომლებიც მათ ხედვას იზიარებენ.

Objects-ი 2015 წელს დაარსდა. თქვენ გიმუშავიათ როგორც სახლების, ასევე სალონების, სასტუმროების დიზაინზე. ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ნუკა კორინთელი: ჩვენი მომხმარებლები თანამედროვე ესთეტები არიან. ის ადამიანები, ვისთვისაც დიზაინი საინტერესო გამოწვევაა. ის ადამიანები, ვინც თვლის, რომ ინტერიერის დიზაინი ხელოვნებაა. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებლები უმეტესად საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათი ახალი საცხოვრებელი თავიდანვე სწორად დაიგეგმოს, რათა ზუსტად ისეთი შედეგი მიიღონ, როგორიც სურთ და ასევე ისიც, რომ ბიუჯეტი თავიდანვე ზუსტად ჰქონდეთ გათვლილი.

რამდენად სპეციფიკურია ქართველი მომხმარებელი?

ნუკა კორინთელი: ქართველი მომხმარებელი საკმაოდ პრაგმატულია. ჩვენ ახლახან მივედით იმ დასკვნამდე, რომ პროექტი და არქიტექტორი საჭიროა, და რომ ელემენტარული საცხოვრებელი საჭიროებების გარდა, გვაქვს სურვილი, ესთეტიკური სიამოვნებაც მივიღოთ იმ გარემოდან, რომელშიც ვატარებთ დროს, ან ვქმნით სხვისთვის, რათა ამ სივრცეს როგორც ფუნქციურად, ასევე ვიზუალურადაც შეეძლოს სიამოვნების მონიჭება.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით თქვენი პორტფოლიოდან?

ქეთი ასათიანი: თითოეული პროექტი გამორჩეულია ჩვენთვის, რადგან ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა და ვცდილობთ, ყველა გამორჩეული იყოს. როდესაც შედეგით ერთნაირად კმაყოფილები ვართ ჩვენც და დამკვეთიც, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პროფესიული ბედნიერება. საშუალოდ, წელიწადში 15 პროექტზე ვმუშაობთ ერთდროულად. ყველა პროექტი სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობდა და ეს გვეხმარებოდა მათზე მუშაობაში. ასე დროისა და კრეატიული ენერგიის განაწილებასაც ვახერხებთ.

საქართველოში ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაზე არაერთი კომპანია მუშაობს. მათი რიცხვი მზარდია, ვინაიდან ეს მომსახურება თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. რით გამოირჩევა Objects-ი მათგან?

ნუკა კორინთელი: Objects-ის გამორჩეულობაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ჩვენ ვიცით ჩვენი დამოკიდებულება ხარისხის, დროის მენეჯმენტისა და მუდმივი განვითარების მიმართ. ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მიდგომით და თავდადებით მოვედით აქამდე.

რამდენად რთულია საქართველოში ეს ბიზნესი? რა გამოწვევების წინაშე დგებით?

ქეთი ასათიანი: ჩვენი მთავარი საქმიანობა არის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, რაც ყველგან ერთნაირად რთულია, რადგან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგებით – ჩვენ მარტო დიზაინის შექმნით არ შემოვიფარგლებით, ასევე ზედამხედველობას ვუწევთ ყველა ჩვენს პროექტს, რომ საბოლოდ ის შედეგი მივიღოთ, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს კი ნამდვილად რთულია და დიდ გამოცდილებასა და ყურადღებას მოითხოვს.

2016 წელს თქვენ შოურუმიც გახსენით იმის გამო, რომ საქართველოს ბაზარზე სასურველ ავეჯს, განათებას და დეკორაციებს ვერ შოულობდით. რამდენად გაამართლა შოურუმმა და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომწოდებლები?

ქეთი ასათიანი: ჩვენს პროექტებში ვიყენებთ ისეთ პროდუქციას და მასალებს, რაც საქართველოში მოიპოვება და რეალურია. ჩვენ როცა გავიხსენით, ბევრი პროდუქცია არ იშოვებოდა საქართველოში, ამიტომ თავიდანვე საჭიროდ ჩავთვალეთ შოურუმიც გაგვეხსნა და ის კომპანიები წარმოგვედგინა, რომელთა ნაწარმი მოგვწონდა და გვინდოდა, ჩვენს ინტერიერებში ყოფილიყო. ძირითადად სკანდინავიური ავეჯის Nordic Design-ის კომპანიები შემოვიყვანეთ, რაც იმ დროისთვის საქართველოში არ იყო, ახლა კი 100-ზე მეტი კომპანია შემოგვყავს, ასეთებია, მაგალითად, &Tradition-ი, Muuto, Gubi, Fredericia, Edra და სხვა მრავალი.

პანდემიის პერიოდში ბევრი ბიზნესი შეფერხდა, თქვენს კომპანიაზე როგორ აისახა ეს კრიზისი? 2020 წელი რა შედეგით დაასრულეთ?

ქეთი ასათიანი: რა თქმა უნდა, როგორც ყველა კომპანიას, კრიზისი ჩვენც შეგვეხო, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოგვიწია, თუმცა ჩვენს პროდუქტიულობაზე ამ შეზღუდვებს გავლენა არ მოუხდენია.

ტენდენციის მიხედვით, ინტერიერის დიზაინის ვირტუალურად შექმნა დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, Objects-ი რას ფიქრობს ამ მიმართულებით? გაქვთ თუ არა ამ კუთხით გეგმები?

ნუკა კორინთელი: საცხოვრებელი ინტერიერის დიზაინის შექმნა იმდენად პირადულია, მაინც ვამჯობინებთ დამკვეთის პირადად, კარგად გაცნობას რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად: თუ როგორი ცხოვრების სტილი, ხასიათი აქვს, რა მასალები უყვარს, როგორი გარემო.. მთავარია, ეს გაცნობა მოხდეს – ვირტუალურად თუ რეალურად, სულ ერთია.

თქვენ ამჟამად მუშაობთ საზღვრებს გარეთაც. კერძოდ, ლონდონში ერთ-ერთი მომხმარებლის სახლისთვის ქმნით დიზაინს. შედის თუ არა თქვენს გეგმებში საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოება?

ნუკა კორინთელი: როგორც მანამდე აღვნიშნე, ყველა ახალი პროექტი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა თავისი ახალი გამოწვევებით. მთავარია, სწორი კომუნიკაცია შედგეს და ჩვენ მზად ვართ, საქართველოს საზღვრებს გარეთაც შევქმნათ დიზაინი.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. ქართულ სინამდვილეში დიზაინის ასეთი დახვეწილი გემოვნების ნიმუში ჯერ არ გამოჩენილა. მადლბა თქვენ ამისთვის!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *