მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდვაქცინის გაკეთებისას თრომბის გამომწვევი მიზეზი აღმოაჩინეს

მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდვაქცინის გაკეთებისას თრომბის გამომწვევი მიზეზი აღმოაჩინეს

გერმანელი მკვლევრების განცხადებით, მათ კოვიდვაქცინით გამოწვეული თანამდევი მოვლენის, თრომბის „თავსატეხი“ გადაჭრეს. მათი თქმით, თრომბის წარმოქმნა ადენოვირუს-ვექტორითაა გამოწვეული, თუმცა მისი გამოსწორება შესაძლებელია. აღნიშნული AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ადენოვირუსები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ვირუსული ვექტორები ვაქცინებში. მათ მოცემული ვაქცინის ინგრედიენტები უჯრედებში გადააქვთ. AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინების შემთხვევაში, ადენოვირუსი გენეტიკურად დამუშავდა, რათა ადამიანის უჯრედები დაიცვას კორონავირუსისგან. მის ზედაპირზე ჩაშენდა SARS-CoV-2-ის (კოვიდის გამომწვევი ვირუსი) გენური მონაკვეთი, S-spike პროტეინის მაკოდირებელი გენი. აღსანიშნავია, რომ Spike-ცილები იწვევს იმუნურ რეაქციას და ადამიანის ორგანიზმს კორონავირუსის ამოცნობის საშუალებას აძლევს, თუ მას ვირუსი შეხვდება. ასევე, Johnson & Johnson-ის ვაქცინა შეიცავს ადამიანის ადენოვირუსს, სახელწოდებით Ad26.

გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა, როლფ მარშალეკმა განაცხადა, რომ თრომბის გამომწვევი მიზეზი spike-პროტეინის უჯრედის ბირთვში მოხვედრაა, ნაცვლად იმისა, რომ ის ციტოზოლის სითხეში მოხვდეს. პროფესორის განცხადებით, უჯრედის ბირთვში მოხვედრილი spike-პროტეინი 10000-იდან ერთ შემთხვევაში სისხლის შედედებას იწვევს, რაც ფატალურად სრულდება.

გაერთიანებულ სამეფოში 33 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც AstraZeneca-თი აიცრნენ, 56 ადამიანი გარდაიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ათეულობით ქვეყანას AstraZeneca-ს გამოყენება  სწორედ ამ მიზეზით ჰქონდა შეჩერებული.

ცნობისთვის, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინების შემთხვევაში, როგორიცაა BioNTech / Pfizer და Moderna, spike პროტეინი ბირთვში არ ხვდება. აქედან გამომდინარე, როლფ მარშალეკი აცხადებს, რომ არსებობს გამოსავალი, რაც გენის თანამიმდევრობის შეცვლას გულისხმობს ვაქცინებში.

Johnson & Johnson-ი მარშალეკის ლაბორატორიას ვაქცინის ადაპტაციისათვის უკვე დაუკავშირდა. მიუხედავად ამისა, მარშალეკის თეორიის დასამტკიცებლად, დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *