რამდენს მუშაობენ ამერიკელები კვირის განმავლობაში?

რამდენს მუშაობენ ამერიკელები კვირის განმავლობაში?

პანდემიამ სამუშაო პირობები მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სრულად შეცვალა. სახლიდან მუშაობა ზოგიერთ ჩვენგანში პროდუქტიულობას ზრდის, ზოგიერთში კი პირიქით, კონცენტრაციის ნაკლებობას იწვევს. საინტერესოა, რას აკეთებენ დასაქმებულები სამუშაო დღის განმავლობაში?!

ამერიკულმა LED-განათების ფირმა e-conolight-მა გამოკითხვა ჩაატარა 1000 ამერიკელს შორის და გამოიკვლია, რეალურად რას საქმიანობენ ისინი სამუშაო საათების მიმდინარეობისას.

კვლევის ავტორებს სურდათ გაეგოთ, რა დროის განმავლობაში არიან დასაქმებულები სრულად დატვირთული, რა დროს იყენებენ არასამუშაო საქმიანობისთვის და რამდენ დროს კარგავენ სხვადასხვა მიზეზის გამო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმეტესობა დროის დიდ ნაწილს იმ დავალებების კეთებას უთმობს, რისთვისაც ანაზღაურებას იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ოთხი ამერიკელიდან სამი სამუშაო დღის მინიმუმ ოთხ საათს საქმეზე ხარჯავს, ზოგიერთი ნაკლებად კონცენტრირებულია. მაგალითად, ყოველი ხუთიდან ერთი გამოკითხული ამბობს, რომ სამსახურის საქმეს 1-3 საათში აკეთებს, ხოლო გამოკითხულთა 2.5%-ისთვის ეს დრო ერთ საათზე ნაკლებია.

საინტერესო მონაცემებია კომპიუტერთან გატარებული დროის მიხედვითაც. ყოველი ხუთიდან ორი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ კომპიუტერისგან მოშორებით ოთხ საათზე მეტ დროს ატარებს, ყოველი მეოთხესთვის ეს დრო 4-6 საათია, ხოლო გამოკითხულთა 17.5% შვიდი საათის განმავლობაში არ ზის სამუშაო ტექნიკის ეკრანებთან. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სამუშაო დღის მხოლოდ ერთ საათს ატარებს კომპიუტერისგან მოშორებით 21.54%-ია.

ადამიანების უმეტესობა, დაახლოებით 53%, სამუშაო დღის მინიმუმ ერთ საათს მაინც ატარებს სოციალურ მედიაში. ყოველი ცხრა მილენიანელიდან ერთი ამბობს, რომ ისინი სამუშაო საათებიდან საშუალოდ 4-6 საათს ატარებენ სოციალურ მედიაში, ეს კი ნამდვილად არ არის კარგი იმ შემთხვევაში, თუ ციფრული მედია მათი ოფიციალური სამსახური არ არის.

გამოკითხულთა 77%-ის განცხადებით, ისინი კვირაში ერთხელ მაინც, სამუშაო საათების დროს ერთი საათით ონლაინ ვაჭრობენ, ყოველი ხუთიდან სამს კი ერთხელ მაინც ჩაუთვლემია სახლიდან მუშაობისას. ე.წ. baby boomer-ები კი (29%-იანი აღიარების მაჩვენებლით) ის თაობაა, რომელსაც ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად აწუხებს.

სამწუხარო ფაქტია ის, რომ გამოკითხულთა 51%-ს დაუგვიანია სამუშაო შეხვედრაზე იმის გამო, რომ სხვა, სამუშაოსთან არდაკავშირებული  საქმით იყო დაკავებული. მათ ნახევარს კი უმუშავია სხვა კომპანიისთვის მაშინ, როცა სამუშაო საათები ჰქონდა თავის პირველ დამსაქმებელთან. ეს რიცხვი განსაკუთრებით მაღალი იყო მამაკაცებისა და მილენიანელების შემთხვევაში,  49% და 48%.

რესპონდენტთა 28%-მა განაცხადა, რომ სამუშაო საათების დროს სხვა საქმის კეთება უარყოფითად აისახა მათი მუშაობის ხარისხზე, რაც საერთოდ არაა გასაკვირი. ყოველი ხუთი ადამიანიდან ორისთვის ერთხელ მაინც უსაყვედურიათ სხვა საქმის კეთების გამო, 38% კი საერთოდ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან.

გასაგებია, რომ პანდემიის დროს დასაქმებულებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ თავიანთი საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება, თუმცა დედლაინების დარღვევა და შეხვედრების გამოტოვება სამსახურიდან დათხოვნამდე მიიყვანს მათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი თავს აჩვენებენ, რომ მუშაობენ და სინამდვილეში სხვა კომპანიის საქმეს აკეთებენ. ამ შემთხვევაში კი საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებენ.

კვლევის ავტორი კომპანია ამერიკელებს ურჩევს, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ სამუშაოზე და იმუშაონ, რომ თვის საუკეთესო თანამშრომლები გახდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *