Micron-ი ნიუ-იორკში მიკროჩიპების ქარხნების კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $100 მილიარდია

Micron-ი ნიუ-იორკში მიკროჩიპების ქარხნების კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $100 მილიარდია

ამერიკული Micron-ი შტატ ნიუ-იორკის ქალაქ სირაკუზთან $100-მილიარდიანი ინვესტიციით მიკროჩიპების ქარხნების კომპლექსს ააშენებს, – ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ.

Micron-ის აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიციირებულ „ჩიპებისა და მეცნიერების აქტს“ უკავშირდება, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა აგვისტოში მიიღეს. $280-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოების ასაჩქარებლად, ქვეყნის პრეზიდენტი მწარმოებლებს $52 მილიარდს გამოუყოფს. პრეზიდენტ ბაიდენისთვის ეს კანონპროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხნის წინ, მან მისი აღსრულების დაჩქარება მოითხოვა.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ „ჩიპების აქტის“ გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით“, – ვკითხულობთ Micron-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სანჯეი მეროტრას წერილში.

როგორც The New York Times-ისა და ადგილობრივი გამოცემისგან, Syracuse-ისგან ვიგებთ, Micron-ის მიკროჩიპების ჰაბი შტატ ნიუ-იორკში, სირაკუზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქლეიში განთავსდება. ტერიტორიაზე, რომელიც 526 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს მოიცავს, მიკროჩიპების ოთხი ქარხანა მოეწყობა. მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში, ქარხანაში ცხრა ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო რეგიონში ინდუსტრიული წარმოების განვითარება, დამატებით ორმოცი ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

ახალი ქარხნების მშენებლობას Micron-ი 2024 წელს დაიწყებს – პირველად, $20-მილიარდიანი საწარმო აშენდება, რომელშიც სამი ათასი ადამიანი დასაქმდება. მიკროჩიპების წარმოების დაწყებას კი, Micron-ი 2025 წლის შემდეგ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი ამერიკის ერთადერთი შტატი არ არის, რომელშიც Micron-ი წარმოებას აფართოებს – ასეთი გეგმა კომპანიას აიდაჰოშიც აქვს, სადაც ის $15-მილიარდიანი ქარხნის აშენებას გეგმავს. ისე კი, აღნიშნული განაშენიანება Micron-ის საერთო პოლიტიკის ნაწილია, რომლის თანახმად, აშშ-ში ქარხნების ასაშენებლად, 2030 წლისთვის, კომპანია $40 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

შეგახსენებთ, აშშ-ში მიკროჩიპების წარმოების გაფართოების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიციირებული აქტის ფონზე, Intel-მაც განაცხადა. კომპანიამ ოჰაიოსა და არიზონაში ორი $20-მილიარდიანი ქარხნის აშენება გადაწყვიტა.