Microsoft-მა მეოთხე კვარტალში რეკორდული რაოდენობის შემოსავლები აჩვენა

Microsoft-მა მეოთხე კვარტალში რეკორდული რაოდენობის შემოსავლები აჩვენა

Microsoft-მა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა და 2020 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდით მეტი გაყიდვები აჩვენა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პანდემია ტექნოლოგიურ გიგანტებზე დადებითად აისახება, იქნება ეს კომპიუტერები, სათამაშო სისტემები, “ქლაუდ“ სერვისები თუ სხვა, რაც კომპანიებს დისტანციურად მომსახურების და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

ოფიციალური მონაცემებით, Microsoft-ის შემოსავლები მეოთხე კვარტალში $43.1 მილიარდი იყო, ეს კი 17%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებისთანავე, ბირჟებზე კომპანიის აქციებმა 6%-იანი ზრდა განიცადა. ხოლო მონაცემების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აქციები 3%-ით იყო გაზრდილი.

“ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ რაც დავინახეთ, ეს ისაა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მეორე ტალღა “წალეკავს“ თითოეულ კომპანიას და თითოეულ ინდუსტრიას“, – განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სატია ნადელამ.

“Microsoft-ი კი ამ გარდასახვას კიდევ უფრო აძლიერებს მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე თანამედროვე ქლაუდ-პლატფორმით“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, Microsoft-ის “ქლაუდ” სისტემები ეხმარება გაყიდვების ზრდას გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის გამო, ბევრი კომპანია ონლაინ მომსახურებაზე გადავიდა. ე.წ ქლაუდ-პლატფორმა Azure-ის შემოსავლების ზრდაც (რომელიც Amazon-ის Web Services-ის და Google Cloud-ის კონკურენტია) 50%-ით დაჩქარდა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ვაქცინა გამოჩნდა და ელოდებიან ინფიცირების დონის კლებას, “ქლაუდ“-სისტემებზე მოთხოვნა მაინც შეინარჩუნებს ზრდას.

უფრო მეტიც, 2022 წლისთვის ელოდებიან, რომ “ქლაუდით“ შესრულებული სამუშაოს მოცულობა 55%-ს მიაღწევს, ახლა ეს მაჩვენებელი 35%-ზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.