Microsoft-მა, ზედიზედ მეხუთედ, რეკორდული კვარტალური შემოსავალი მიიღო

Microsoft-მა, ზედიზედ მეხუთედ, რეკორდული კვარტალური შემოსავალი მიიღო

Microsoft-მა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ზედიზედ უკვე მეხუთედ, კვარტალური შემოსავლის რეკორდის გაუმჯობესება შეძლო. შემოსავლების ზრდის პერიოდი პირდაპირ ემთხვევა ინვესტორების მხრიდან ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესის გაძლიერებასა და Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპის, OpenAI-ის ჩატბოტ ChatGPT-ის წარდგენას.

FactSet-ის თანახმად, 2023 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, Microsoft-ის შემოსავალმა $62 მილიარდს მიაღწია და ანალიტიკოსთა საშუალო შეფასებას – $61.1 მილიარდსაც გადააჭარბა. საერთო ჯამში, მეოთხე კვარტალის შემოსავლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და მესამე კვარტალის რეკორდული შედეგი – $56.5 მილიარდი – გააუმჯობესა.

ანალიტიკოსთა პროგნოზებთან ($2.77) შედარებით მაღალი აღმოჩნდა მოგებაც თითო აქციაზე და ის $2.93-ს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, გასულ კვარტალში მცირედითაა შემცირებული კომპანიის მოგება და ის $21.9 მილიარდს უტოლდება. შედარებისთვის, მესამე კვარტალში Microsoft-ის მოგებამ $22.3 მილიარდს მიაღწია. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი.

შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Microsoft-ის აქციების ფასი უმნიშვნელოდ დაეცა. თუმცა 2024 წელს კომპანიის აქციების ფასი 11%-ითაა გაზრდილი, 2023 წლის დასაწყისთან შედარებით კი ზრდა 70%-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასულ კვირაში Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა $3-ტრილიონიან ნიშნულს და ტექგიგანტი გარკვეული პერიოდით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსსაც დაეუფლა.