ქართველმა ანტრეპრენიორმა, მიხეილ ლომთაძემ ყაზახურ ფინტექ-კომპანიაში, Kaspi.kz-ში საკუთარი წილი გაზარდა, – ამის შესახებ ყაზახური გამოცემა, Kapital.kz-ი ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე დაყრდნობით წერს. 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, მიხეილ ლომთაძის წილი 1.13%-ით გაიზარდა და ახლა 24.55%-ს შეადგენს – ამგვარად, ქართველი კომპანიის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი გახდა. საერთო ჯამში, კომპანიის წამყვანი აქციონერების განაწილება უცვლელი დარჩა – მიხეილ ლომთაძე (24.55%), ვიაჩესლავ კიმი (23.55%) და Baring Bostok Funds-ი (28.8%), კვლავაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერები არიან.
2023 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, Kaspi.kz-ს 216 742 000 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, რომელთა დიდი ნაწილი, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ოქტომბერში, Kaspi.kz-ის სამეთვალყურეო საბჭომ აქციების გამოსყიდვის ოთხთვიანი მექანიზმი დაამტკიცა – საერთო ჯამში, დღემდე, კომპანიამ $96 მილიონის ღირებულების აქციების გამოისყიდა. დღევანდელი მდგომარეობით, Kaspi.kz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.85 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ანუ დაახლოებით $14.5 მილიარდს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანამფლობელი – ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი ანტრეპრენიორია, რომლის ქონებას Forbes-ი $3.4 მილიარდად აფასებს. ლომთაძის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ყაზახურ ფინტექ-კომპანიასთანაა დაკავშირებული – თავად Kaspi.kz-ი ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად და Super App-ის კონცეფციის მქონე კომპანიის თვალსაჩინო მაგალითად მიიჩნევა, რომელიც აერთიანებს, როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს.