მილიარდერების კომპანიები, რომლებიც 2024 წელს აქციებს საჯაროდ განათავსებენ

მილიარდერების კომპანიები, რომლებიც 2024 წელს აქციებს საჯაროდ განათავსებენ

როგორც მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, სწრაფი მოდის ჩინურმა კომპანია Shein-მა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქციების პირველად საჯარო განთავსებაზე მოთხოვნა კონფიდენციალურად წარადგინა. IPO-ს ანდერრაიტერები Goldman Sachs Group-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley არიან. აქციების საჯაროდ განთავსებამდე კომპანიაში $80-$90 მილიარდის შეფასების მიღებას იმედოვნებენ, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს IPO-დ აქცევს.

Shein-ის დამფუძნებლის, სკაი სუს ქონება $11.2 მილიარდადაა შეფასებული. თუმცა სკაი სუ ერთადერთი მილიარდერი არაა, რომელიც 2024 წელს მისი კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალს წელს ტანისამოსის ბრენდ Skims-ის აქციებს IPO-ზე კიმ კარდაშიანი განათავსებს, მომდევნო კვარტალში კი აქციების საჯარო შეთავაზებისთვის მოლაპარაკებებს სოციალური მედიასერვისი Reddit-იც აწარმოებს. PitchBook-ის შეფასებით, Reddit-ის ღირებულება – $10 მილიარდს, Skims-ის კი $4 მილიარდს უტოლდება.

Bloomberg-ის ცნობით, მომდევნო კვარტალში აქციებით საჯაროდ ვაჭრობას დაიწყებს მონაცემთა დაცვის ქლაუდკომპანია Rubrik-იც (ღირებულება $4 მილიარდი). ასევე ვარაუდობენ, რომ 2024 წელს აქციებს IPO-ზე წარადგენს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის $150 მილიარდად შეფასებული SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-იც, თუმცა არსებულ ხმებს უარყოფს თავად მილიარდერი.

სხვა მრავალმილიარდდოლარიან კერძო კომპანიებს შორის, რომლების, გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო წელს აქციებს საჯაროდ განათავსებენ, ვხვდებით ფინანსური ტექნოლოგიების ფირმებს Stripe-ს (ბოლო შეფასებით $50 მილიარდი), Chime-სა ($25 მილიარდი) და Klarna-ს ($6.7 მილიარდი). 2024 წელს შესაძლოა აქციები IPO-ზე წარადგინოს მონაცემთა ანალიტიკის AI-სერვისმა Databricks-მა, რომლის ღირებულებაც ბოლო მონაცემებით $43 მილიარდს უტოლდებოდა.

2020-2021 წლების რეკორდული ზრდის შემდეგ, გასულ წელს IPO-ები მკვეთრად შენელდა და დიდ რეცესიამდე არსებულ მინიმუმს მიუახლოვდა. შიდა IPO-ებმა 2023 წლის პირველ სამ კვარტალში $18.6 მილიარდის მოზიდვა შეძლეს, რაც შესამჩნევი ზრდაა 2022 წლის იმავე პერიოდის $7.2 მილიარდის შემდეგ. თუმცა იგივე მონაცემები 2021 წელს $155.8 მილიარდს შეადგენდა.