მილიარდერი ჯეფ ბეზოსი AT&T-სგან CNN-ის ყიდვაზე ფიქრობს - ამერიკული მედია

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი AT&T-სგან CNN-ის ყიდვაზე ფიქრობს - ამერიკული მედია

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი AT&T-სგან CNN-ის ყიდვაზე ფიქრობს. ამის შესახებ გამოცემა Moneycontrol-ი Fox Business-ზე დაყრდნობით წერს. როგორც წყაროები ამერიკულ გამოცემებს ატყობინებენ, Amazon-ის დამფუძნებელი ამერიკის სამაუწყებლო მედიის ყიდვაზე ფიქრობს. მათივე ცნობით, AT&T-მა CNN-ი შესაძლოა გაყიდოს, ვინაიდან 2016 წელს TimeWarner-სგან $85 მილიარდად აღნიშნული მედია ორგანიზაციის ყიდვამ AT&T-ის დიდი ვალი დაუგროვა.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსმა 2013 წელს $250 მილიონად გამოცემა Washington Post-ი შეიძინა. “სიეტლში დაფუძნებულ კომპანია Amazon-ს კავშირი არ აქვს ამ გარიგებასთან. ბეზოსი თავად ყიდულობს მედიაორგანიზაციას და ხდება მისი ერთადერთი მეპატრონე მას შემდეგ, რაც გარიგება დასრულდება“, – განაცხადეს მაშინ Washington Post-ში.

თავად ბეზოსმა კი მაშინ აღნიშნა, რომ Washington Post მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მომავლის შესახებ ოპტიმიზმის თვალსაზრისით.

“გაზეთი მოვალეა მკითხველების წინაშე და არა მისი მფლობელების წინაშე“, – განაცხადა მაშინ ბეზოსმა.

რაც შეეხება CNN-ის შესაძლო ყიდვას, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *