ომის მიმდინარეობის ფონზე, პროტესტის ნიშნად, რუსეთში დაბადებულმა მილიარდერმა მეწარმემ, ნიკოლაი სტორონსკიმ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
38 წლის სტორონსკის ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
Revolut-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, სტორონსკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით საჯაროდაა ცნობილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომი სრულად გაუმართლებელია და სტორონსკი მტკიცედ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
მართალია, სტორონსკის მამა კომპანია Gazprom-ის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, თუმცა უშუალოდ ნიკოლაის გამდიდრება ბრიტანეთში მის სამეწარმეო საქმიანობასთან და 2015 წელს ნეობანკ Revolut-ის დაფუძნებასთანაა დაკავშირებული.
Forbes-ის შეფასებით, სტორონსკის ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული Revolut-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 33 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
სტორონსკი აწ უკვე რიგით მეხუთე მილიარდერია, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, მათ შორისაა, Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი; Mail.ru ჯგუფის დამფუძნებელი იური მილნერი; Freedom Holding-ის ხელმძღვანელი ტიმურ ტურლოვი და სომეხი ფინანსისტი რუბენ ვარდანიანი.