SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $620 მილიარდით შემცირდა | მიზეზი Cursor-თან შეთანხმებაა

SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $620 მილიარდით შემცირდა | მიზეზი Cursor-თან შეთანხმებაა

ფოტო: Mario Anzuoni | Reuters

 

ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ AI-ზე დაფუძნებული კოდირების პლატფორმა Cursor-ის შესყიდვის დაანონსებას ინვესტორების ნაწილი სკეპტიციზმით შეხვდა. შედეგად, ხუთშაბათს ნაშუადღევს, SpaceX-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით დაეცა და $179-ის ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. ახლად დალისტული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $620 მილიარდით — $2.99 ტრილიონიდან $2.37 ტრილიონამდე შემცირდა.

Cursor-ის შესყიდვა SpaceX-მა ისტორიული IPO-ს შემდგომ მალევე დააანონსა. გარიგება, რომელიც სრულად აქციების გაცვლით განხორციელდება, $60 მილიარდადაა შეფასებული და, არსებული გეგმით, 2026 წლის მესამე კვარტალისთვის დაიხურება.

სწორედ ეს იწვევს ინვესტორების შეშფოთებასაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აქციების გამოყენებით Cursor-ის შეძენა მათი ღირებულების გაუფასურებას გამოიწვევს. თუ SpaceX-ის გარიგება საწყისი პირობებით განხორციელდება, ეს ავტომატურად კოსმოსური კომპანიის $1.77-ტრილიონიანი IPO-ს დაახლოებით 3.4%-იან გაზავებას ნიშნავს. შესაბამისად, არსებული ინვესტორების წილები SpaceX-ში პროპორციულად შემცირდება.

Cursor-ის შესყიდვის დაანონსების შემდეგ, Morningstar-ის ანალიტიკოსებმა SpaceX-ის აქციის „რეალური ღირებულება“ $63-დან $62-მდე დაწიეს. მათივე შეფასებით, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი — თუ AI-დან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება — აქციის ფასი $169-ით განისაზღვრება.

საინტერესოა, რომ ხუთშაბათს ნაშუადღევს დაფიქსირებულ ვარდნამდე, SpaceX-ის აქციების ღირებულება ოთხშაბათს თითქმის 5%-ით დაეცა. საერთო ჯამში კი, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის აქციების ღირებულება სამშაბათს დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან ($225) შედარებით 20%-ითაა დავარდნილი.

აქციების ფასის ვარდნა გამოიხატა SpaceX-ის საბაზრო ღირებულებაშიც. თუ მანამდე კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მეოთხე ადგილს იკავებდა (Amazon-ისა და Microsoft-ის წინ), $2.37-ტრილიონიანი შეფასების მიღწევის შემდეგ მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა.

მოგვიანებით, SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მცირედით კვლავ გაიზარდა და ამჟამად Companies Market Cap-ის მიხედვით, $2.437 ტრილიონით მეექვსე ადგილს იკავებს. უმსხვილესი საჯარო კომპანია კვლავ NVIDIA-ა, $5.1 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციით, მას მოსდევს Alphabet-ი ($4.5 ტრილიონი), Apple ($4.37 ტრილიონი), Microsoft-ი ($2.8 ტრილიონი) და Amazon-ი ($2.6 ტრილიონი).

სამშაბათს ასევე დაიწყო SpaceX-ის ოპციონებით ვაჭრობა, რაც ინვესტორებს აქციების ღირებულების ვარდნაზე ფსონების დადების საშუალებას აძლევს. Susquehanna-ს ანალიტიკოს კრის მერფის შეფასებით, 15%-იანი შანსი არსებობს იმისა, რომ ოპციონებით ვაჭრობის გამო კომპანიამ მომავალ სამ თვეში ღირებულების ნახევარი დაკარგოს.

ცნობისთვის, ისტორიული IPO-ს შემდეგ, SpaceX-ის აქციების ფასების ვარდნამ გავლენა პლანეტის პირველი ტრილიონერის ქონებაზეც იქონია. ილონ მასკის სიმდიდრე, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, $67.8 მილიარდით, $1.2 ტრილიონამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის სამდღიანი წარმატებული სავაჭრო სესიის დამსახურებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს, $1.4 ტრილიონს მიაღწია.