მსოფლიოს მძიმე კვირები გრძელდება. კორონა-კრიზისის ეფექტები უკვე ასახულია თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებული ცვლილებები დიდი ეკონომიკის და ინდუსტრიების მქონე ქვეყნებშია. დახურული საწარმოების, ბიზნესების და შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების გამო, უმუშევრობის დონე, წარმოების დონე, რითეილ–გაყიდვების დონე, ასევე ეკონომიკური ზრდის დონე ყველგან შემცირებულია, ისევე როგორც საქართველოში. ქვეყნები აგრძელებენ სხვადასხვა მაჩვენებელების გამოქვეყნებას, რომელთაც არცერთ შემთხვევაში არავინ ელოდება რომ იქნება პოზიტიური.
ეკონომიკური მაჩვენებლები
მიმდინარე კვირას მაისის და აპრილის თვის უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს გერმანია, ესპანეთი, იტალია, მთლიანად ევროკავშირი და ასევე აშშ-ი. ამერიკაში განსაკუთრებით გაზრდილია უმუშევრობის დონე. აპრილის თვეში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დამაიმედებელი შედეგები შესაძლოა უკვე აისახოს მაისის მაჩვენებელზე, ვინაიდან ბიზნესების ნაწილობრივ გახსნის შედეგად, მოსახლეობის ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამსახურს.
გარდა ამისა, აშშ-ში, ისევე როგორც კანადასა და ავსტრალიაში მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება ექსპორტისა და იმპორტის ახალი მაჩვენებლები. საინტერესო იქნება ასევე ბრაზილიაში ავტო წარმოების აპრილის მონაცემები, ისევე როგორც ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი, რასაც ბუნებრივია შემცირებულს ელოდებიან.
ასევე იტალიაში ცნობილი გახდება რითეილ-გაყიდვების აპრილის მონაცემები, იგივე მონაცემის გამოქვეყნებას აპირებს ევროკავშირიც, რომელიც საერთო სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს მთლიანად ევროპულ ბლოკში ამ მხრივ შექმნილი ვითარების შესახებ.
მიმდინარე კვირას წარმოების აქტივობის მაისის ინდექსებს გამოაქვეყნებენ იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი, ამით ნათელი გახდება თუ რამდენად აღადგინა საწარმოებმა აქტივობა გახსნის შემდეგ. ეს ინდექსი ერთგვარი მაჩვენებელიცაა იმის, თუ რამდენად სწრაფად შეძლო საწარმოებმა დაბრუნებოდნენ კორონამდელ მაჩვენებელს.
ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაგეგმილია ასევე ხუთშაბათს პრესკონფერენციაც, სადაც მონეტარული პოლიტიკის შესახებ განცხადებას გააკეთებენ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი გააფართოებს პანდემიის საგანგებო პროგრამას, შესაძლოა, ამას გლობალურ საფონდო ბირჟებზე დადებითი რეაქციები მოჰყვეს.
აშშ-ჩინეთი
მიმდინარე კვირასაც შენარჩუნდება დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის ჰონგ-კონგის საკითხზე და კიდევ სხვა საკითხებზე. როგორც მოსალოდნელია, ამ ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის დაპირისპირება კვლავ მოხდება ივნისის პირველ კვირას მთავარ ჰედლაინებში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დაძაბულობა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე.
კომპანიები
მიმდინარე კვირას მსხვილი კომპანიები დაასრულებენ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებას. მათ შორის იქნებიან Zoom, რომელიც პანდემიის პირობებში მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურობა გახდა და ასევე Campbell’s Soup-ი. გარდა ამისა, ამერიკული მაღაზიათა ქსელი JCPenney აპირებს მონაცემების გამოქვეყნებას, თუმცა, ცნობილია უკვე რომ კომპანიამ გაკოტრების საფრთხეების შესახებ განაცხადა.
ბრექსითის მოლაპარაკებები
და ბოლოს, ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება სამშაბათს, რომელიც გარდამავალი შეთანხმების შესრულებას შეეხება. ამ საკითხზე მხარეებმა შეხვედრა 18–19 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე უნდა მოასწრონ. ევროკავშირი და ბრიტანეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ამ დრომდე მოლაპარაკებები დიდ პროგრესს ვერ განიცდის. ბრიუსელი ბრიტანეთს უფრო მეტი მონდომებისკენ მოუწოდებს. საკითხზე ბუნდოვანებამ ბრიტანული სტერლინგის გაუფასურებაც გამოიწვია.