მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით რუსული Forbes-ი განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით რუსული Forbes-ი განცხადებას ავრცელებს

მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის, ამერიკული Forbes-ის რუსულენოვანი რედაქცია წერილს ავრცელებს, რომელშიც გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავას ეხმიანება.

როგორც წერილიდან ირკვევა, საქმე ეხება მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2018 წელს რუსული Forbes-ის იმჟამინდელ მფლობელს, ბიზნესმენ ალექსანდრ ფედოტოვსა და ინვესტორ მაგომედ მუსაევს შორის გამოცემის ნახევარ მილიონ რუბლად (~$8,360) გასხვისებასთან დაკავშირებით შემდგარი გარიგება გაუქმებულად გამოცხადდა.

Forbes-ის რუსული რედაქციის ღია წერილს ჟურნალის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მკითხველებო,

დღეს, გარკვეულ მედიასაშუალებებსა და ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული Forbes-ის მაგომედ მუსაევისთვის მიყიდვას ეხება. გვსურს აღნიშნულს გამოვეხმაუროთ და გამოვაცხადოთ შემდეგი:

  1. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მცდარია. ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტორები, რომლებიც ამ საქმის შედეგებზე სიღრმისეულ გავლენას ახდენენ;
  2. უკვე მეორე წელია, რაც კომპანია FAF-ი, რომელიც რუსული Forbes-ის მფლობელი იყო, გაბანკროტების პროცედურას გადის;
  3. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ Forbes-ის აქციები გაყიდული იყო საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად;
  4. ყველას, ვინც მედიაბაზარს იცნობს, ახსოვს, თუ რა რთულ და სესხებით დატვირთულ მდგომარეობაში ტოვებდა ბატონი ფედოტოვი საკუთარ პროექტებს, მაგრამ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ახალმა მფლობელმა საკუთარ თავზე აიღო კომპანიის მოცულობითი საბიუჯეტო (360 მილიონი რუბლი, ანუ ~$6 მილიონი) და თანამშრომლების და სხვა სუბიექტების წინაშე არსებული ვალდებულებები, რაც პირდაპირ იყო აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტში;
  5. ღირს აღნიშვნად, რომ კომპანია AS RUS MEDIA-ს მხრიდან არსებული ვალდებულებების გასტუმრების თაობაზე, ახალი მფლობელის პირობებში, რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურთან ერთად, ხელი მოეწერა დოკუმენტების მთელ წყებას 100 მილიონ რუსულ რუბლზე (~$1.6 მილიონი) მეტი მოცულობით საბიუჯეტო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით – ეს პირობა კომპანიამ წლინახევრის განმავლობაში შეასრულა. გარდა ამისა, მუსაევმა საკუთარი პირადი და კომპანიის სახსრების გამოყენებით სრულად დაფარა თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე არსებული ვალდებულებები და 2021 წლის შედეგების მიხედვით, კომპანია მოგებაზე გაიყვანა;
  6. ამ და სხვა გარემოებების არგათვალისწინება სასამართლოს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვას აჩენს;
  7. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და ვაგრძელებთ რა საქმეს სააპელაციო სასამართლოში, გვჯერა, რომ სასამართლო ზემოხსენებულ გარემოებებს გაითვალისწინებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გაურკვევლობას აღმოფხვრის;
  8. პროცესის მსვლელობის პარალელურად კომპანიაში არაფერი იცვლება – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შესულად არ ითვლება“.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *