მინიატიურული ხეების ცქერით ტკბობა | ინტერვიუ ალექსანდრე მესხთან

მინიატიურული ხეების ცქერით ტკბობა | ინტერვიუ ალექსანდრე მესხთან

ღვიის მინიატიურული ლანდშაფტი / ფოტო: ნიკოლოზ მესხი

იაპონურ კულტურაში ხე განსაკუთრებულ როლს იკავებს – ფიჭვი დღეგრძელობის, ხვავისა და ურყევი ერთგულების სიმბოლოა, ბამბუკი – ახალგაზრდობისა და სიძლიერის, ხოლო ნეკერჩხალი – ელეგანტურობის, სილამაზისა და სიმშვიდის. ამასთანავე, ხეები სინტოიზმის ქვაკუთხედადაც გვევლინება – იაპონელებს სჯერათ, რომ ასწლოვან ხეებში სულები სახლდებიან და ხეებს პიროვნების თვისებებს სძენენ. როგორც ამბობენ, იმას, ვინც ხეს მოჭრის – მასში ჩასახლებულ სულთან ბრძოლა მოუწევს.

იაპონურ კულტურაში ტყე წმინდა ადგილად ითვლება – იმდენად, რომ იაპონელებს არაერთი მარადიული ტყე აქვთ, რომელშიც ყველაფერი თავის ადგილზეა: არავის აქვს უფლება, ტყიდან რამე გამოიტანოს, ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი. იაპონელებისთვის მცენარეები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათთან დაკავშირებულმა რიტუალებმა გავლენა იაპონურ ენაზეც მოახდინეს: საკურას, იაპონიის უდრეკი სულის სიმბოლოდ შერაცხული ხის ყვავილობისას, ადამიანები ერთად იკრიბებიან და ამ ხის ყვავილების ცქერით ტკბებიან – იაპონურად, ამ მოქმედებას “ჰანამი“ ჰქვია და ის ორი იეროგლიფით – 花見 – „ყვავილითა“ და „ცქერით“ იწერება.

ამასთანავე, იაპონურ კულტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მინიატიურული ხეების შექმნის ხელოვნება – ბონსაი, რომელიც ჩინეთში კი წარმოიშვა, მაგრამ საქვეყნო აღიარება იაპონელების დამსახურებით მიიღო. ბონსაის შექმნა შრომატევადი პროცესია, რომელიც მანამდე გრძელდება, სანამ არსებობს ხე და არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ხეს უვლის. ამიტომაც, უმეტეს შემთხვევაში, ბონსაის ხელოვნებას ერთი ოჯახის რამდენიმე თაობა მისდევს – ამგვარად, ის მეტაფიზიკური ბმა, რომელიც ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებობს, არსად ქრება.

ბონსაის ფილოსოფიისა და კანონების, სხვადასხვა სახეობის მცენარეების, წლების განმავლობაში შექმნილი არაერთი მინიატიურული ხისა და ოცდაათი წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაწყებული ამ საქმიანობის შედეგებისა და მომავლის შესახებ ბონსაის ქართველ პიონერს, ალექსანდრე მესხს ვესაუბრე და შედეგითაც ფრიად კმაყოფილი დავრჩი – ინტერვიუ ისეთივე საინტერესო და არაზედაპირული აღმოჩნდა, როგორც უშუალოდ ეს საქმიანობაა.

ბატონო ალექსანდრე, როგორ მოხვდით ბონსაის სამყაროში?

ყველაფერი ხომ შემთხვევით ხდება: ბონსაით პირველად ბავშვობაში, 13-14 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა ტელევიზორში ორწუთიანი გადაცემა ვნახე. მოგვიანებით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ სფეროს შესახებ ინფორმაცია შემეგროვებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს ბონსაის შესახებ არაფერი გაუგონიათ. ერთი ადამიანი იყო, რომელმაც ბონსაის შესახებ რაღაც იცოდა და მანაც თქვა, რომ რაღაც სითხე არსებობდა, რომელსაც ხეს თუ დაასხამდი, დაპატარავდებოდა – ყურმოკრული ინფორმაცია, ცხადია.

მოგვიანებით, 1989 წელს, შემთხვევით ერთი ინდოელი ავტორის რუსულად თარგმნილ წიგნს წავაწყდი – აქაც ზედაპირული ინფორმაცია იყო მოცემული, მაგრამ დასაწყისისთვის არა უშავდა. ამ წიგნის ყველაზე კარგი ნაწილი – უკანა გვერდი გახლდათ, რომელზეც საბჭოთა პერიოდში ბონსაის შესახებ გამოცემული წიგნები იყო ჩამოთვლილი. ამგვარად, ორი წლის შემდეგ, საჯარო ბიბლიოთეკაში ჯერ ერთი ამერიკელი ავტორის რუსულად თარგმნილ წიგნს მივაგენი, ხოლო მოგვიანებით გერმანულენოვანი წიგნიც ვნახე – გერმანული არ ვიცოდი, მაგრამ ილუსტრაციები გამომადგა.

ასე თუ ისე, ბონსაიზე მუშაობა დავიწყე. ძალიან რთულია, მასწავლებელი რომ არ გყავს, რადგან წიგნით სწავლისას ბევრი შეცდომა დავუშვი – საბოლოო ჯამში, ათი თუ თორმეტი წლის შემდეგ მივხვდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა, კონკრეტული შედეგისთვის რომ მიმეღწია.

ნაძვის ტყე თოვლში | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

რა არის ბონსაი? რატომ წარმოიშვა ის, სად და როდის?

„ბონსაი“ იაპონური ტერმინია და ქოთანში ან პატარა ლანგარზე ჩარგულ მცენარეს ნიშნავს, მაგრამ უდავოა, რომ ეს მიმდინარეობა ჩინეთში წარმოიშვა. ბონსაის პირველი ისტორიულად დამადასტურებელი წყარო არის ფრესკა, რომელიც 1972 წელს ჩინეთში, ერთ-ერთი სამარხის კედელზე აღმოაჩინეს – მერვე საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ამ ფრესკაზე გამოსახულია მსახური, რომელსაც მცირე ზომის ლანგარზე დარგული მცენარეები უჭირავს. ასევე ამბობენ, რომ ბონსაის ძველ ეგვიპტეშიც აკეთებდნენ, მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ პირველი ბონსაი სემირამიდას დაკიდებულ ბაღებში შექმნილიყო – თუმცა, ეს არავინ იცის.

ბონსაის შექმნის მიზეზების შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ერთ-ერთ ჩინელ იმპერატორს საკუთარი სამეფოს მინიატიურული მაკეტის შექმნა მოუნდა, რისთვისაც მცენარეებიც მინიატიურული შექმნეს. ასევე ამბობენ, რომ ჩინეთში, ომების დროს, მინიატიურული სამკურნალო მცენარეები დაჰქონდათ, დაჭრილებისთვის ცოცხლად რომ ემკურნალათ. ასეა თუ ისე, მოგვიანებით, ბონსაი დეკორატიულ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.

დღეს, მთელ მსოფლიოში, ბონსაის იაპონური კულტურის ნაწილად იცნობენ – იაპონიაში ეს სახეობა მეათე საუკუნეში გამოჩნდა და მის გავრცელებას მიაწერენ როგორც ვაჭრებსა და დიპლომატებს, ასევე ბუდისტ მისიონერებს. თუმცა, მთავარი ის არის, რომ თანამედროვე ბონსაი იაპონელებმა განავითარეს, გარკვეული სტილები ჩამოაყალიბეს, ფორმირების ტექნიკა შექმნეს და ეს მიმდინარეობა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხი იაპონელი სპეციალისტის ღვაწლი, რომელთაც ბონსაის მსოფლიო ფედერაცია ჩამოაყალიბეს, რომლის პირველი კრება 1989 წელს ჩატარდა – თავისი არსით, ეს ფედერაცია სპორტულ ფედერაციას ჰგავს: ის დაყოფილია რეგიონებად და თითოეულს საკუთარი თავმჯდომარე ჰყავს.

ბატონო ალექსანდრე, არსებობს მინიატიურული მცენარეები და არსებობს – ბონსაი. რა განასხვავებს ამ ორ მიმდინარეობას ერთმანეთისგან?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გენეტიკურად, ბონსაი მინიატიურული ხე არ არის. პირიქით, ბონსაი – ფორმირების ტექნიკაა. საყვავილე მაღაზიებში ხშირად გვხვდება მცირე ზომის მცენარეები, ძირითადად ფიკუსები, რომელთაც ბონსაის უწოდებენ. თუკი ბონსაის აღვიქვამთ, როგორც ქოთანში ჩარგულ მცირე ზომის მცენარეს, მაშინ შეგვიძლია, რომ ბონსაი ყველაფერს დავუძახოთ. სინამდვილეში კი ბონსაის მთავარი კრიტერიუმი მისი ფორმაა – თუ რა ფორმა უნდა ჰქონდეს მიცემული მცენარესთვის, რომ მას ბონსაი ეწოდოს. ფორმირებისას, რომელიც გაკრეჭითა და მავთულების დახვევით ხდება, გასათვალისწინებელია გარკვეული პროპორციები – თუ რომელ მხარეს უნდა განელაგოს ტოტები, საით უნდა იყოს მიმართული მეორე ტოტი, რა პროპორცია უნდა არსებობდეს ხის ტანის სისქესა და ბონსაის სიმაღლეს შორის და ასე შემდეგ. ამგვარი კრიტერიუმები საკმაოდ ბევრია, მაგრამ მათ თუ არ დავიცავთ, მივიღებთ ქოთანში ჩარგულ მცირე ზომის ხეს და არა – ბონსაის.

ნეკერჩხალი | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

აღსანიშნავია, რომ მინიატიურული ხის შექმნა, ბონსაის თვითმიზანი სულაც არ არის – ბონსაი შეიძლება იყოს როგორც ხუთი სანტიმეტრის სიმაღლის, ასევე მეტრ-ნახევრის. ბონსაი მისი გაბარიტების მიხედვით არ ფასდება – მთავარია მისი ფორმა, რომელიც ხის ბუნებრივ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ფორმირების ტექნიკისა და პროპორციების ცოდნის გარეშე, ბონსაის შექმნა შეუძლებელია.

ყველა მცენარე თავისებურად ლამაზია, ვარდი იქნება ის, იასამანი, თუ ია. თუმცა ბონსაის შეფასებისას სხვა კრიტერიუმებს ვეყრდნობით: დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი, რომელიც ბონსაიზე მუშაობს, ხვდება, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს, რომ ნამდვილი და ლამაზი ბონსაი გამოუვიდეს. ბონსაის შესაქმნელად ერთი და ორი წელი საკმარისი არ არის – ხე უნდა გაკრიჭო, მასზე მავთული დაახვიო, დაელოდო, მავთულები მოხსნა და თუ მიღებული ფორმა არ მოგწონს, დააკორექტირო.

ეს პროპორციები მუდმივია, თუ დროსთან ერთად ისინიც იცვლება?

თავიდან, ბონსაიზე მუშაობა რომ დაიწყეს, ხეების ფორმირება არ ხდებოდა – იმ დროს ქოთანში ბუნებრივად მინიატიურულ მცენარეებს რგავდნენ, რომელთაც არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, ბუნებაში გაზრდა არ შეეძლოთ. თავისთავად ფორმირება უფრო გვიანი ფენომენია, რომელიც, როგორც ამბობენ, მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა – მანამდე ხეებს მხოლოდ კრეჭდნენ. თუმცა, უფრო საფუძვლიანად ეს ფილოსოფია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა, რადგან მავთულისათვის საჭირო სპილენძი და ალუმინი მანამდე ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო.

ბატონო ალექსანდრე, ბონსაის ფორმირება მუდმივი პროცესია, თუ დგება მომენტი, როცა ადამიანს შეუძლია გაჩერდეს და ბონსაის სილამაზით დატკბეს?

ბონსაიზე მუშაობა არასდროს მთავრდება, რადგან მცენარე მუდმივად მზარდი ცოცხალი ორგანიზმია. თუმცა, ბონსაის ფორმას რომ მისცემ, შესაძლოა მას კორექტირება დასჭირდეს, რათა ხემ სასურველი ფორმა მიიღოს. თუმცა, ხე მუდმივად იზრდება, ასე რომ ფორმის შენარჩუნება – გაკრეჭა და მავთულის დახვევა – მუდმივად არის საჭირო. ის, თუ რამდენჯერ უნდა მოხდეს კორექტირება, მცენარის სახეობაზე არის დამოკიდებული – ფოთლოვანი მცენარეების შემთხვევაში, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება, კორექტირება უფრო ხშირად ხდება, წელიწადში ოთხჯერ ან ხუთჯერ, წიწვოვანი მცენარეების შემთხვევაში კი ნაკლებად – წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ასე რომ, ბონსაიში კონკრეტული შედეგის მიღწევა – პირობითი ნათქვამია, რადგან რეალურად, ბონსაიზე მუშაობა არასდროს მთავრდება.

ადამიანი, რომელიც ბონსაიზე მუშაობას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს, რომ მას დეკორატიული ნივთივით ვერ დადებს და ვერ უყურებს, რადგან გავა დრო, მცენარე გაიზრდება და თავდაპირველ ფორმას დაკარგავს.

ნაძვის ტყე კლდეზე | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

და რეალურად როგორაა, ადამიანი აფორმირებს ხეს თუ ხე აფორმირებს ადამიანს?

ადამიანს, რომელიც ბონსაიზე მუშაობას გადაწყვეტს, მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ისე კი, ნერგის შერჩევის შემდეგ, უშუალოდ ნერგი გკარნახობს, თუ რა ფორმის ბონსაი შეიძლება მისგან გამოვიდეს. ყველა ნერგი და ყველა ტოტი განსხვავებულია და ადამიანმა, რომელიც ხელში ნერგს აიღებს, მასში მომავალი ბონსაი უნდა დაინახოს. სწორედ ამის გამო, ორი ერთნაირი ბონსაის მოძებნა შეუძლებელია – ხეები სტანდარტულად არ იზრდება და შეუძლებელია, რომ მათგან ერთი და იმავე ფორმის ბონსაი მიიღო. ბონსაის ფორმა დამოკიდებულია როგორც ნერგის თავდაპირველ ფორმაზე და მასზე არსებული ტოტების განლაგებაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებს ამ ფაქტორებს ის ადამიანი, რომელიც ბონსაიზე მუშაობს.

ბატონო ალექსანდრე, თქვენს კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს ვაზის ბონსაი იკავებს. იყენებენ თუ არა მსოფლიოში ვაზის ნერგებს ბონსაის შესაქმნელად თუ ეს წმინდა ქართული ფენომენია?

ბონსაი, როგორც წესი, კეთდება ხისგან ან ბუჩქისგან – შეიძლება ნებისმიერი ხე იყოს გამოყენებული, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი და მსხმოიარე. ვაზი კი არც ხედ ითვლება და არც ბუჩქად – ის ლიანისმაგვარი მხვიარა მცენარეა და მისგან ბონსაის შექმნა საკმაოდ რთულია.

ხუთი თუ ექვსი წლის წინ ერთმა ადამიანმა მაჩუქა ვაზის ნერგი და გადავწყვიტე, რომ მისგან ბონსაის შექმნა მეცადა. ისე კი, ვაზის ბონსაის სურათები ნანახი მაქვს – ისინი, როგორც წესიб ევროპაში კეთდება, რადგან იაპონიასა და ჩინეთში ამგვარი ბონსაი არ შემხვედრია. საინტერესოა, რომ ვაზის ბონსაიც, ყველა სხვა მსხმოიარე ხის მსგავსად, ნაყოფს ისხამს, მაგრამ მისთვის ბონსაის ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.

ამ ეტაპზე ვაზის მხოლოდ ერთი ბონსაი მაქვს, რომელმაც, Facebook-ზე მისი სურათის ატვირთვის შემდეგ, ყველა სხვა ბონსაიზე მეტი მოწონება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ამ ბონსაიზე უფრო ლამაზი ნამუშევრებიც შემიქმნია. ამგვარი პოპულარობის მიზეზი ალბათ მაინც ის არის, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, ხოლო ვაზი – საკულტო მცენარე. ადამიანების მხრიდან ასეთი ინტერესის გამო გადავწყვიტე, რომ ვაზის კიდევ რამდენიმე ბონსაი შევქმნა.

ვაზი | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

ნერგებს რის მიხედვით არჩევთ?

ზოგადად, ბონსაის მიღება შეიძლება როგორც თესლის დათესვით, ასევე ბუნებაში ამოთხრილი ან სანერგეში ნაყიდი ნერგის ჩარგვით. ახსნა იმისა, თუ როგორ ვარჩევ ნერგებს, ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ გეტყვით, რომ უმეტესწილად ფესვებსა და ტანს ვაკვირდები – ზოგადად, ჩემი სუბიექტური ხედვა მკარნახობს, ამა თუ იმ ნერგისგან ბონსაი გამოვა თუ არა.

ნერგზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული: შეიძლება ბონსაის ელოდო და 10-15 წელი არაფერი გამოგივიდეს, მაგრამ შეიძლება, რომ შედეგი 4-5 წელიწადშიც დადო. მე კი ვცდილობ, ისეთი ნერგები შევარჩიო, რომელთაგან 4-5 წელიწადში ბონსაის შევქმნი.

რომელი იყო ყველაზე რთული ხე, რომელზეც გიმუშავიათ?

ბონსაის შექმნა  საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჩემს შემთხვევაში, ყველაზე რთული ხე, რომელზეც მიმუშავია – ფიჭვია. ხის ეს სახეობა, ფიჭვი, ბონსაის საკულტო მცენარედ ითვლება, მაგრამ ამასთანავე, საკუთარი სპეციფიკაც აქვს – მას ძლიერად ვერ გაკრეჭ, პირიქით, ფაქიზად უნდა მოეპყრა. ამ ფიჭვს, სამი წლის განმავლობაში კონკრეტულ ფორმას ვაძლევდი, მაგრამ შედეგი არ მომეწონა და წელს მისი ფორმირება ხელახლა ვცადე და, მგონი, კარგი შედეგიც მივიღე.

ფიჭვი | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

ზოგადად, ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც იმ მცენარეზე იწყებს მუშაობას, რომელზეც არასდროს უმუშავია, პირველ რიგში, ამ მცენარის თვისებებს შეისწავლის. თავიდან ფიჭვის შესახებ მეც ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ხის ამ სახეობაზე მუშაობა უკვე თავისუფლად შემიძლია.

მეორე ნერგი, რომელზე მუშაობა საკმაოდ რთულია – მუხაა. ამ სახეობის ხის მხოლოდ ერთი ბონსაი მაქვს, ისიც ეზოში მიდგას, რადგან ძალიან დიდია.

რა განსხვავებები არსებობს საბაღე და ოთახის ბონსაის შორის?

მცენარეები, ზოგადად, გარეთ იზრდება და ოთახის მცენარის შემთხვევაში – ყველაფერი პირობითია, რადგან მცენარე არ გაჩენილა იმისთვის, რომ ვიღაცის ოთახში ყოფილიყო. საერთოდ, ბონსაიზე სამუშაოდ ადამიანმა ისეთი მცენარე უნდა შეარჩიოს, რომელიც იქაურ კლიმატურ პირობებს მოერგება. ყველა ჩემი ბონსაი – საბაღეა. ამ ტიპის ბონსაის „საბაღეს“ იმიტომ უწოდებენ, რომ წელიწადის ოთხივე დრო მათ გარეთ, ბუნებაში უნდა გაატარონ. წელიწადის ოთხივე სეზონის გამოვლა მცენარის გენეტიკური მოთხოვნილებაა: ის გაზაფხულზე იღვიძებს, ზაფხულის განმავლობაში ყვავის, შემოდგომაზე ფოთლებს ყრის და ზამთარში – ისვენებს.

ოთხივე ეტაპის გამოვლა მცენარისთვის აუცილებელია, ხოლო ზამთრის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ის ხე, რომელმაც ე.წ. „სიმშვიდის“ პერიოდი გარეთ არ გამოიარა, დროთა განმავლობაში აუცილებლად გახმება.

იმ დროს, ზაფხულში, როცა გარეთ და შიგნით ერთნაირი ტემპერატურაა, ბონსაის შიგნით შემოტანაც შეიძლება, მაგრამ სექტემბერში მცენარე აუცილებლად გარეთ უნდა გაიტანოთ, რადგან ის ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს ტემპერატურის ცვლილებას. არ შეიძლება, რომ ხე მთელი წელი სახლში გქონდეთ და ზამთრის ყინვები რომ დაარტყამს, გარეთ გაიტანოთ. მკვეთრი ტემპერატურული სხვაობა ნებისმიერი მცენარისთვის დამღუპველია.

ოთახის ბონსაის თუ დავუბრუნდებით, გეტყვით, რომ ისინი, როგორც წესი, ტროპიკული მცენარეებისგან კეთდება – ამათგან ყველაზე პოპულარული სახეობებია ფიკუსი და ჩინური თელა. ამის მიზეზი მარტივია: მცენარეებს, რომლებიც ტროპიკებში იზრდებიან, მკვეთრად გამოხატული სიმშვიდის პერიოდი არა აქვთ. იქ ზამთარი არ არის და მცენარესაც ცხოვრების თავისებური ციკლი აქვს.

მოთხოვნას რაც შეეხება, მასობრივად, ოთახის ბონსაი ბაზარზე გასული საუკუნის სამოციანი წლების შემდეგ გაჩნდა, როცა ადამიანებს მოუნდათ, რომ ბონსაი საკუთარ სახლში, საკუთარ კაბინეტში ჰქონოდათ. დღეს ოთახის ბონსაი, როგორც წესი, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან შემოაქვთ – იქ არიან ადამიანები, ვინც ასეთ ხეებს მასობრივად აწარმოებენ.

საქართველოში კი ბევრ ადამიანს საკუთარი სახლი აქვს და კიდევ უფრო ბევრს – აივანი, ასე რომ ჩვეულებრივი საბაღე ბონსაის მოვლა სირთულეს აღარ წარმოადგენს. თავის დროზე, როცა საბაღე ბონსაი იაპონიაში გავრცელდა, ის იმდენად იშვიათი იყო, რომ მისი ქონის საშუალება მხოლოდ ე.წ. „ელიტას“ ჰქონდა – იმათაც, საბაღე ბონსაი შიგნით ძალიან იშვიათად შემოჰქონდათ, წელიწადში ორ-სამჯერ, განსაკუთრებული შემთხვევებისას.

ალექსანდრე მესხის პირველი ბონსაი – 31 წლის თუთა | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

თქვენი ერთ-ერთი ბონსაი იაპონიის ყოფილმა ელჩმა შეიძინა, რაც, თავისთავად, ძალიან სიმბოლურია. ამ ამბავს ხომ ვერ მოგვიყვებით?

იაპონიის ყოფილმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ, რომელიც საქართველოში საკუთარ სამუშაო მისიას ასრულებდა და იაპონიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა, გადაწყვიტა, რომ პატრიარქისთვის მცენარე ეჩუქებინა. მოგეხსენებათ, საკუთარ ზამთრის ბაღში პატრიარქს ბონსაის ყველაზე მსხვილი კოლექცია აქვს – მათ შორის, იქ ჩემი ნამუშევრებიც არის. იმ დროს ბატონ ელჩს ურჩიეს, რომ პატრიარქისთვის ბზის ბონსაი ეჩუქებინა, რადგან ამ ბუჩქს ქრისტიანულ რელიგიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ბზა | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

ბატონო ალექსანდრე, როგორც ცნობილია, ბონსაის შექმნის გარდა, საგანმანათლებლო კურსებსაც ატარებთ. რას ასწავლით და როგორი შედეგები გაქვთ?

ამ დრომდე ბონსაი ჩემი ჰობი იყო და სამსახურის გამო, ამ საქმით ადრე დილით ან გვიან საღამოს მივდევდი. შარშან გადავწყვიტე, რომ სამსახურისთვის თავი დამენებებინა და მთელი ჩემი დრო ბონსაისთვის დამეთმო. სიმართლე გითხრათ, კურსების ჩატარება დიდი ხნის წინაც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არ მქონდა უფლება, ვიღაცისთვის რაღაც მესწავლებინა.

კურსებს რაც შეეხება, მათი მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ერთ კლასში ხუთზე მეტი ადამიანი არ სწავლობს. მასალის ახსნა პრობლემას არ წარმოადგენს – რაღაც ნიუანსების ახსნა ტელეფონითაც შეიძლება, მაგრამ პრაქტიკული მეცადინეობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა – აუცილებელია. ზოგ სკოლაში 8-10 ადამიანი ჰყავთ ჯგუფში, მაგრამ მე თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ხუთზე მეტს არ ავიყვანდი და სწორადაც მოვიქეცი, რადგან პრაქტიკული მეცადინეობისას უამრავი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი.

ჩვენი კურსები ორთვიანია და გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება. მე ათი წელი დამჭირდა, რომ კონკრეტული შედეგისთვის მიმეღწია და იმის თქმა, რომ ვინმეს ორ თვეში რამეს ვასწავლი – სწორი არ იქნება. თუმცა ამ კურსების შედეგად ადამიანს ეცოდინება, როგორ დაიწყოს, როგორ დაინახოს, თუ რა არის ბონსაი, რა და როგორ გააკეთოს და რა განსხვავებები არსებობს ამა თუ იმ სახეობის მცენარეებს შორის. ეს საბაზისო დონის კურსია, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ადამიანზე არის დამოკიდებული. თუმცა, ჩემს მოსწავლეებს სხვადასხვა კონსულტაციას  კურსის დამთავრების შემდეგაც ვუწევ – ჩემი კარი მუდამ ღიაა.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ ბონსაის შექმნას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება, ეს არ არის მუსიკა და ფერწერა, რომელიც კონკრეტულ უნარებს მოითხოვს. ბონსაის შექმნისას ყველაზე რთული – დროის გამონახვაა. ეს საქმიანობა იმდენად შრომატევადია, რომ თუ ადამიანს დრო არა აქვს, ბონსაის შექმნა გაუჭირდება.

რამდენად წარმატებულია თქვენი საქმიანობა, როგორც ბიზნესი და გყავთ თუ არა კონკურენტები?

შეუძლებელია ამ საქმეში კონკურენტი გყავდეს – ისევე, როგორც მუსიკაში ან მხატვრობაში. ბონსაი რაც უნდა პოპულარული იყოს, ამ საქმიანობით იმდენად ცოტა ადამიანი არის დაკავებული, რომ მასობრივ პროდუქტად ის ვერასდროს იქცევა.

ბიზნესის წარმატების კუთხით კი, რა გითხრათ: ეს პროდუქტი ძალზე უცნაურია, რადგან მინიმალური შედეგის მისაღწევად, სულ მცირე, ოთხი-ხუთი წელიწადი არის საჭირო. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ და რაღაც გამოგვივიდა კიდევ. ამ მხრივ, ჩემი შვილი, ნიკოლოზი მეხმარება, რომელმაც ვებგვერდი შექმნა და Facebook-ის გვერდი გაააქტიურა, რათა გარკვეული კომერციული შედეგისთვის მიგვეღწია. მას მერე, რაც ეს საქმიანობა სრულ განაკვეთზე შევითავსე, მისი კომერციული პოტენციალიც გაუმჯობესდა.

ბონსაის საგამოფენო სივრცე შემოდგომაზე | ფოტო: ნიკოლოზ მესხი

რას გეგმავთ სამომავლოდ?

პირველი ორი წლის განმავლობაში გაფართოებას ვგეგმავ – მინდა, საოთახო ბონსაის შექმნა დავიწყო, რადგან ეს მიმართულება საქართველოში განსაკუთრებულად მოთხოვნადია. ამასთანავე, ძალიან მინდა, რომ საქართველო ბონსაის მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდეს და, ზოგადად, ეს საქმიანობა საქართველოში პოპულარული გახდეს.