თითქმის ათი წელია, რაც იტალიის ობლიგაციების სარგებელი 7% -იან ზღვარს არ სცილდება.„ეს დასასრულის დასაწყისია”, – ამბობენ ანალიტიკოსები, მაგრამ გაუგებარია, რის დასასრულს გულისხმობენ?
დღეს ადამიანების ერთი ნაწილი ფულის ხარჯვითაა დაკავებული, მეორე კი მისი დაგროვებით, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ძირფესვიანად იცვლება და ნათელი ხდება, რომ ფრუსტრაცია გარდაუვალია.
თავის დროზე ამერიკის სამოქალაქო ომმა ბევრი რამ შეცვალა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნებოდა ერთი ცენტრალიზებული სახელმწიფო, ან რაღაც მსგავსი”, – თქვა აბრაამ ლინკოლნმა. ფედერალურმა საშემოსავლო გადასახადმა, სენატორების არჩევნებმა, უზენაესი სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში განამტკიცა და გააძლიერა ცენტრალიზებული ხელისუფლება ე.წ. „შტატების უფლებების” ხარჯზე.
ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპაში ცენტრალიზაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გასულ თვეს მარტინ ვულფმა The Financial Times-ში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „საუკუნეების ოცნება”. იგი განმარტავდა, რომ ყველა დროის ისეთი მსოფლიო ლიდერები, როგორებიც იყვნენ იულიუს კეისარი, ნაპოლეონი და ჰიტლერი, მიზნად ისახავდნენ ტომებისა და ერების გაერთიანებას.
ევროპის ცენტრალიზაციის ბოლო მცდელობა,საბედნიეროდ, არც ერთი დიქტატორის სურვილს არ გამოხატავდა.იგი ნებაყოფლობითი იყო და მიზნად ისახავდა ომების თავიდან აცილებასა და ეკონომიკურ აღმავლობას. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გაერთიანების იდეამ აშკარად გაამართლა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ევროპის ეკონომიკის „ოქროს ხანად” შეიძლება ჩაითვალოს. ამერიკის შეერთებული შტატები წლების მანძილზე აფინანსებდა ევროპას და მისი ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. ახლა კი ისე გამოდის, რომ ევროპა ვალს, რომელიც ტრილიონ დოლარს აღემატება, ვეღარ აბრუნებს. ორივე მხარე იძულებულია ფული დაზოგოს, რაც დიდ ზარალს მოიტანს, ევროპას კი სუვერენული ობლიგაციების შემცირება მოუწევს.
საუკუნეების მანძილზე ევროპელი მმართველები დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფო ჰქონოდათ. XVIII საუკუნის დასაწყისში სამეფოებს შორის კონსოლიდაციამ, ჰერცოგებისა და დიდგვაროვნების მჭიდრო ურთიერთკავშირმა დასავლეთ ევროპის გაერთიანებას მყარი საფუძველი ჩაუყარა. მოგვიანებით, კერძოდ კი XIX საუკუნეში შექმნილმა სახელმწიფოებმა ევროპის ცენტრალიზაციის იდეა კიდევ უფრო განამტკიცა, რის შედეგადაც ევროკავშირი მივიღეთ.
2007 წლიდან ევროზონის თითქმის ყველა სახელმწიფოში ერთი ვალუტა, – ევრო, გამოიყენება. ამ ქვეყნების მოსახლეობა სახელმწიფო გადასახადებს ერთნაირად იხდის და თითქმის ყველა ერთსა და იმავე სავაჭრო თუ დიპლომატიურ ენაზე – ინგლისურად ლაპარაკობს, მაშინ როცა თითქმის მთელი მსოფლიოს ქვეყნებში საკუთარ, განსხვავებულ დიალექტზე მეტყველებენ, იცავენ ტრადიციებს და საკუთარი ეროვნული ვალუტა გააჩნიათ.
ვესტერნიზებული სამყაროს წამყვან ბიზნესსკოლებში ასწავლიან, რომ თანამედროვე კაპიტალისტური საკრედიტო სისტემა დასავლეთისთვის იდეალურია. ამ ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული სტუდენტები ამერიკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში საქმდებიან, რაც იმას მოწმობს, რომ ეს ერთი მთლიანი მექანიზმია.რამ გამოიწვია მსგავსი ჰომოგენიზაცია? საქმე ისაა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ღრმად სწამს, რომ კაპიტალიზმთან შერწყმული თანამედროვე დემოკრატია საუკეთესოა იმ მმართველობის ფორმებს შორის, რაც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამთლიანებული ევროპა ახლა დაშლის პირასაა მისული. საბერძნეთი ვეღარ იხდის ვალს, გერმანია და სხვა კრედიტორები ვეღარ ავსებენ ბიუჯეტს. გერმანელებსა და ბერძნებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ისინი ერთმანეთს უკიდურესად უარყოფითი ეპითეტებით ეხმაურებიან. ბელგია მთელი 16 თვის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების გარეშე იყო დარჩენილი, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებია. ჩრდილოიტალიელებმა სამუდამოდ უნდა დაივიწყონ გარიბალდი, რაც შეეხება ჰამბურგელ გერმანელებს, თუკი ისინი ვერ იზრუნებენ ლარისელ ბერძნებზე, დრეზდენელ გერმანელებზე ზრუნვას რა ფორმით მოახერხებენ?
განვითარებულ ქვეყნებს აღარ შეუძლიათ სესხის რეგულარულად გადახდა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ევროზონის თითქმის ყველა ქვეყნის მშპ-ის დავალიანება 250%-ს აჭარბებს. დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის დავალიანება დაახლოებით 500%-ს შეადგენს, რაც წლიურ შემოსავალს 5-ჯერ აღემატება. მაგალითად, იტალიის მიმდინარე შემოსავალი მშპ-ის ერთ მესამედს აკმაყოფილებს. ძველი დავალიანება დასაფარია, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველ წელს მცირდება.