Moderna აფრიკაში ვაქცინის საწარმოს ასაშენებლად 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Moderna აფრიკაში ვაქცინის საწარმოს ასაშენებლად 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna აფრიკაში საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. მწარმოებლის მიზანი იქ წელიწადში mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის 500 მილიონი დოზის დამზადებაა, რომელთა შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აფრიკულ სახელმწიფოებთან ერთად ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე თვეებია, მოუწოდებს, კონტინენტზე ვაქცინის საწარმოები გახსნან. მათი განმარტებით, მიზანი იქ მდებარე ღარიბი ქვეყნების COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აქტიურად მომარაგებაა, რომელზეც ამ დროისთვის ხელი ძირითადად მსოფლიოს შედარებით მდიდარ სახელმწიფოებს მიუწვდებათ. ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასასრულებად სწორედ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაა საჭირო.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორისა და კამერუნელი ვირუსოლოგის, ჯონ ნკენგასონგის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, კონტინენტზე COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით სრულად მოსახლეობის მხოლოდ 4.5%-ია აცრილი. გამოცემა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, გასული თვის ბოლოსთვის ვაქცინირებულთა რაოდენობამ მსოფლიო პოპულაციის 41.5% შეადგინა. აქედან პრეპარატი ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 1.9%-ს გაუკეთდა. მონაცემები აღრიცხავს როგორც სრულად ვაქცინირებულ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც იმ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ამა თუ იმ მედიკამენტის ერთი დოზით მაინც იყვნენ აცრილნი.

Moderna-ს წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ აფრიკის რომელ ქვეყანაში ააგებს ამერიკული კომპანია ვაქცინის საწარმოს. მათი განცხადებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Moderna-ს საწარმო, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაში, რუანდაში ან სენეგალში აშენდეს. აფრიკაში ვაქცინის მწარმოებელი ქარხნების აშენებას გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-იც აპირებს. ამის შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოები, სადაც მალარიისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პრეპარატების დამზადება იგეგმება, რუანდასა და სენეგალში განთავსდება.

 

ფოტო: REUTERS/Mike Segar