მომავალ წელს iPhone-ის დიზაინში მნიშვნელოვანი განახლებები იგეგმება

მომავალ წელს iPhone-ის დიზაინში მნიშვნელოვანი განახლებები იგეგმება

მედიაში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, iPhone-ი ბოლო წლებში ყველაზე დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. როგორც Bloomberg-ი იტყობინება, მომავალ წელს Apple-ი თავის ახალ სმარტფონებში, iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ში ეკრანის ზომის გაზრდას გეგმავს.

2020 წლის შემოდგომაზე iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-ის წარდგენის შემდეგ, Apple-ის სმარტფონების ეკრანი აღარ გაზრდილა. ამჟამად iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ზე დისპლეების ზომა, შესაბამისად, 6.1 ინჩი და 6.7 ინჩია, რაც, დიდი ალბათობით, iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ის შემთხვევაშიც შენარჩუნდება. თუმცა, როგორც ჩანს, მომავალ წელს iPhone-ის დიზაინი „დიაგონალზე ინჩის რამდენიმე მეათედით“ შეიცვლება, ეკრანის ზომები კი 0.2 ინჩით – iPhone 16 Pro-სთვის 6.3 ინჩამდე, ხოლო iPhone 16 Pro Max-ისთვის 6.9 ინჩამდე გაიზრდება.

შედეგად, ახალ iPhone-ებს წინამორბედებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი ეკრანი ექნებათ, თუმცა აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დისპლეის გაზრდის მიზნით არ განხორციელდება. ცვლილებების გავლენით, iPhone-ის შიგნით, უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი სივრცე უფრო დიდი ბატარეისთვის, ან, მაგალითად, უფრო დიდი კამერის სენსორებისთვის.

ამავდროულად კი პერისკოპის კამერა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე  მხოლოდ iPhone 15 Pro Max-ის მოდელებში იქნება წარმოადგენილი, მომავალი წლიდან შესაძლოა მცირე ზომის Pro-ს მოდელებზეც ვიხილოთ.