მომავალ წელს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები რეცესიაში შევლენ - იაპონური ფინანსური კორპორაცია

მომავალ წელს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები რეცესიაში შევლენ - იაპონური ფინანსური კორპორაცია

გამკაცრებული სამთავრობო პოლიტიკისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, მომავალ თორმეტ თვეში მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები სინქრონულ რეცესიაში შევლენ, – ამის შესახებ იაპონურ ფინანსურ კორპორაცია Nomura Holdings-ზე დაყრდნობით, Bloomberg-ი  წერს. რეცესიას ჰოლდინგური კომპანია ევროზონაში, გაერთიანებულ სამეფოში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარაუდობს.

იაპონური კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის გასაკონტროლებლად სახელმწიფოების ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებენ და თან, ეკონომიკის შენელების ხარჯზეც. თუმცა, 2023 წლიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირება არის მოსალოდნელი. ამასთანავე, ანალიტიკოსები მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას ვარაუდობენ, რადგან დღეს, საფასო წნეხი აქტივების ბაზარს გასცდა და სერვისებზე, ქირის ხარჯებსა და ხელფასებზე აისახა.

აღსანიშნავია, რომ სინქრონული რეცესიის პროგნოზის მიუხედავად, ეკონომიკის შემცირების ტრენდი ქვეყნებს შორის განსხვავებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ანალიტიკოსები არც თუ ისე მასშტაბურ, მაგრამ გრძელვადიან რეცესიას პროგნოზირებენ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში დაიწყება და ხუთი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპული რეცესიის სიღრმე კი, კონტინენტის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ტრენდზე არის დამოკიდებული: ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ევროპა სრულად იტყვის უარს რუსულ გაზზე, ეკონომიკა გაცილებით უფრო მკვეთრად შემცირდება.

Nomura-ს ეკონომისტების დათვლებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროზონის ეკონომიკა, 2023 წელს 1%-ით შემცირდება. შედარებით მცირე ზომის ეკონომიკებს რაც შეეხება, მათ შორის ავსტრალიას, კანადასა და სამხრეთ კორეას, იქ ანალიტიკოსები რეცესიის გაღრმავებას იმ შემთხვევაში ვარაუდობენ, თუ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი უძრავი ქონების ბაზრის კრიზისს გამოიწვევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *