სამშენებლო კომპანია „როი ბ ჯგუფს“ საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილება და „ერთი ფანჯრის“ მოდელი გამოარჩევს. ის მომხმარებელს ჰოლისტურ მიდგომას, ყველა საჭირო სერვისსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას სთავაზობს. კომპანიის შესახებ Forbes Georgia-ს „როი ბ ჯგუფის“ დამფუძნებელი, როინ ბერიძე ესაუბრა.
„როი ბ ჯგუფი“ საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს. რამ გადაგაწყვეტინათ კომპანიის დაფუძნება? რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ საწყის ეტაპზე?
უკვე ოთხი წელია, „როი ბ ჯგუფს“ ინოვაციები და ახალი იდეები შეაქვს არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში. 2020 წელს, საქართველოში ყველაზე ლამაზ საზღვაო ქალაქ ბათუმში, მე და ჩემმა გუნდმა გადავწყვიტეთ, არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია დაგვეარსებინა და დამკვეთის მოთხოვნებისა და ადგილობრივი გარემოს შეჯერებით, ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე შენობა-ნაგებობები მიგვეღო, ისეთი, როგორიცაა ჩვენ მიერ დაპროექტებული და აშენებული სასტუმრო კომპლექსი „გრინ ლაინი“.
სამშენებლო ბაზარი დიდია, რის გამოც საწყის ეტაპზე ჩვენს კომპანიას უამრავი გამოწვევის გადალახვა მოუწია. რთული იყო საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და მათი ინტერესების გაგება, რაც დასაწყისშივე გვირთულებდა ადგილობრივ თავისებურებებზე მორგებული შენობების დაპროექტება-მშენებლობას. მიუხედავად ამისა, გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, ყველა გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ და დღეს დამკვეთის მოთხოვნების, საზოგადოების ინტერესებისა და ადგილობრივი თავისებურებების შეჯერების პრინციპით, ევროპულ იდეებზე დაფუძნებულ ნაგებობებს ვაპროექტებთ და ვაშენებთ.
კომპანიის მთავარი უპირატესობა „ერთი ფანჯრის“ პრინციპია და პოტენციურ მომხმარებლებს სამშენებლო სექტორში თითქმის ყველა სერვისს სთავაზობთ. რა მიმართულებებს აერთიანებს „როი ბ ჯგუფი?
სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც პოტენციურ მომხმარებლებს ვთავაზობთ, ასეთია:
1) საინვესტიციო მიწის ნაკვეთის შერჩევა, მშენებლობისთვის პროექტირება, 2) შერჩეული ტერიტორიის ან/და საინვესტიციო მიწის ნაკვეთის სრული პროექტირება დამკვეთის ხედვებისა და საქართველოს კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების პრინციპზე დაყრდნობით, 3) არქიტექტურული პროექტის ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, 4) შემუშავებული პროექტების ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის მომზადება, 5) დაპროექტებული ობიექტების მშენებლობა და 6) ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანა შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების შემდეგ.
კომპანიამ უკვე არაერთი წარმატებული და მსხვილი პროექტი განახორციელა. მათგან რომელს გამოარჩევთ?
ჩვენი კომპანიის მიერ წარმატებით დაპროექტდა და აშენდა სხვადასხვა ტიპის ობიექტი, მათ შორის გამორჩეულია ორი 47-სართულიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი GEUZ-ი ქალაქ ქობულეთში. მრავალფუნქციური ობიექტი ულამაზესი ხედებით ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს, ხოლო შენობა მთლიანად სანაპირო ზოლთანაა ინტეგრირებული. ეს პირველი განსხვავებული მრავალფუნქციური ობიექტი იქნება ქალაქში.
მას მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილიც გამოარჩევს, რომელიც აერთიანებს მოდერნისტულ მიმდინარეობებს, პოსტმოდერნიზმს, მინიმალიზმს, ჰაიტექსა და ბიოტექს (ორგანული არქიტექტურა), რაზეც შენობის ფორმები და მის ტერასებზე გამოყენებული გამწვანება მეტყველებს. ეს ყველაფერი ჩვენს არქიტექტურულ პროექტებს ინტერნაციონალურ, საერთაშორისო სტილის მქონედ აქცევს.
გარდა არქიტექტურისა, შენობას გამოარჩევს კონსტრუქციული გადაწყვეტილებებიც, კერძოდ, გამოყენებულია სხვადასხვა ნოვატორული და რთული კონსტრუქციული ელემენტი, მაგალითად, დეკორაციული თაღები, კესონური გადახურვა, დეკორაციული ვერტიკალური ფერმა და რაც მთავარია, 8 მეტრამდე გადმოშვერილი კონსოლური გადმოკიდებები – ამგვარი რამ, ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველოს არცერთ შენობაში არ არის გამოყენებული.
ვიზუალურ და სტრუქტურულ დახასიათებასთან ერთად გვერდს ვერც შენობის ფუნქციურ მხარეს ავუვლით. ქობულეთისთვის ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, დაწესებულებებს (როგორიცაა სპორტდარბაზი, შესანიშნავი რესტორანი, კაზინო) და მაღალი დონის სასტუმროს. ეს ყველაფერი მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექს GEUZ-შია გაერთიანებულია.
რა ტიპის პროექტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ვინ არიან თქვენი დამკვეთები?
არქიტექტურულ-სამშენებლო სფერო და შესაძლებლობები ძალიან ვრცელი და ფართოა. ჩვენი პროექტების უმრავლესობა შედგება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დასასვენებელი ვილების კომპლექტებისგან, როგორიცაა „ვილა კოლხეთი“, რომელიც რთული სამშენებლო რელიეფითა და ბუნებასთან მჭიდრო კავშირით გამოირჩევა. ჩვენი დამკვეთები არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
რა გამოარჩევს თქვენს არქიტექტურულ პროექტებს? როგორ ინარჩუნებს კომპანია საკუთარ სტილს განსხვავებული ტიპის შენობების მშენებლობისას?
„როი ბ ჯგუფის“ ფილოსოფია ეფუძნება ინოვაციასა და თანამედროვეობას. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ბიზნესმიმართულებას, რომელიც პროექტირების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, რათა უზრუნველყოს ესთეტიკური და ეთიკური ღირებულებები. ორგანიზაციის არქიტექტორების, დიზაინერების, ინჟინრებისა და მდგრადობის ექსპერტების მრავალფეროვანი გუნდი შემოქმედებითობის გარანტია, თანამშრომლებს ხელს ვუწყობთ, საზღვრებს გასცდნენ და ჩვენი იდეოლოგიის ერთგულად დარჩნენ. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს თითოეული პროექტის განსხვავებულობასა და დიზაინში საერთო შტრიხების შენარჩუნებას.
მულტიდისციპლინური მიდგომა საშუალებას გვაძლევს, კომპლექსურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გვესმის ადაპტაციის მნიშვნელობაც და ამა თუ იმ პროექტის უნიკალურ კონტექსტსაც ვითავისებთ – იქნება ეს კულტურული, ეკოლოგიური თუ სივრცესთან დაკავშირებული. ამის ხარჯზე ვაშენებთ შენობებს, რომლებიც გარემოსთან ჰარმონიაშია და დიზაინის ყოვლისმომცველ პრინციპებს ასახავს.
მშენებლობის ყველა ეტაპზე ვინარჩუნებთ ხარისხის კონტროლის მკაცრ ზომებს. რეგულარული მიმოხილვები და შეფასებები უზრუნველყოფს, რომ პროექტები არა მხოლოდ აკმაყოფილებდეს, არამედ აღემატებოდეს ინდუსტრიის სტანდარტებს. პროცესის განუყოფელი ნაწილია მომხმარებელთან თანამშრომლობაც. პრიორიტეტად მივიჩნევთ მათი მისწრაფებების, მიზნებისა და საჭიროებების გააზრებას.
ინოვაციურობაც ჩვენი დნმ-ის ნაწილია. თვალყურს ვადევნებთ განვითარებად ტექნოლოგიებს, ვიყენებთ ახალ მასალებს და მდგრად პრაქტიკებს, რათა კომპანია თანამედროვეობას არ ჩამორჩეს. ჩვენი პროექტების თანამიმდევრულობას ურყევი ფილოსოფია, კრეატიული მიდგომები, დისციპლინა, ადაპტაცია, ხარისხის კონტროლი, კლიენტებთან თანამშრომლობა და ინოვაციების მიმღებლობის ნაზავი განაპირობებს. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს კომპანიის იდენტობას.
რა მიმართულებით ვითარდება საქართველოს, კერძოდ, აჭარის სამშენებლო ბაზარი?
საქართველოს საერთო მშენებლობების დაახლოებით 30% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონი ამ მიმართულებით განვითარებას არ წყვეტს. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუშავდება ქალაქმშენებლობითი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი, ადგილობრივი გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ერთი სამშენებლო-საპროექტო პოლიტიკით უნდა განვითარდეს.
მე, როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორს, მიმაჩნია, რომ ქალაქმშენებლობითი გენერალური გეგმა ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში უნდა დამტკიცდეს, რათა ურბანული მშენებლობის მიმართულება სწორად განვითარდეს.
მიწის ნაკვეთის შერჩევასთან ერთად, სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის ნებართვის მოპოვებაც აუცილებელია. რამდენად სწრაფი და გამართულია ეს პროცესი?
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამშენებლო პროექტის ნებართვის მოპოვების პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დოკუმენტს მოითხოვს. მუნიციპალურ ორგანოებში უამრავჯერ ვყოფილვართ სამოქალაქო შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთების წარმომადგენლები და მშენებლობის ნებართვა წარმატებით მოგვიპოვებია. ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ჩვენ პოტენციურ დამკვეთებს საქმეს ვუმარტივებთ და სწრაფ, ხარისხიან სერვისებსა და მომსახურებას ვთავაზობთ.
რა მთავარი რისკი ახლავს საკონსტრუქციო ბიზნესს და როგორ ახერხებთ მის პრევენციას?
სამშენებლო ბიზნესში უამრავი რისკია, მაგრამ მაქსიმალურად სწორად გაწერილი ნაბიჯებითა და მომავლის განსაზღვრის მცდელობით მათი თავიდან აცილება შესაძლებელია. მშენებლობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მდგრადობაა და სწორედ ამის გამო ჩვენი კომპანია დამკვეთს სთავაზობს არა მხოლოდ არქიტექტურულ, არამედ საკონსტრუქციო პროექტსაც, რომელიც განსწავლული და პროფესიონალი გუნდის მიერაა შედგენილი. ჩვენს მთავარ მიზანს შენობა-ნაგებობის მდგრადობა წარმოადგენს.
მშენებლობის ერთ-ერთ რისკს ბიუჯეტის საკითხიც წარმოადგენს. მშენებლობის პროცესში ბიუჯეტის კუთხით ყველაფერი რომ გათვლილი იყოს, ჩვენი გუნდი დამკვეთებს ხარჯთაღრიცხვასა და მშენებლობის ორგანიზების ზუსტ გეგმა-გრაფიკს აწვდის. რისკის პრევენცია კომპანიის მიერ სწორად გათვლილი პოლიტიკითა და მომავალზე ორიენტირებით უნდა მოხდეს.
ბოლო წლებში მშენებლობის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი შემცირდა. რა გამოწვევებია დღეს ინდუსტრიაში და როგორ უმკლავდებით მათ?
მშენებლობის, დაპროექტებისა და, ზოგადად, უძრავი ქონების ფასი ნამდვილად გაიზარდა, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ, გაძვირების მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. სამშენებლო მასალებიც ძვირდება, რის გამოც ხარჯებიც გაიზარდა, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი ჩაითვალოს.
ამ ფაქტორების მიუხედავად, „როი ბ ჯგუფში“ დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, მუდმივად ვცდილობდით, ეკონომიკური კრიზისისა თუ პანდემიის პერიოდში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კადრები შეგვენარჩუნებინა. დღეს კომპანიაში 50-ზე მეტი მუდმივი თანამშრომელია დასაქმებული, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს და მჯერა, რეგიონული პოლიტიკური რყევებისა თუ ეკონომიკური კრიზისების მიუხედავად, ყველა არსებულ გამოწვევას გავუმკლავდებით.
როგორ უზრუნველყოფს კომპანია განხორციელებული პროექტების გარემოს დაცვისა და მდგრადობის სტანდარტებთან შესაბამისობას?
ჩვენი კომპანიის მიზანი – სწორი და გამართული მუშაობაა. პროექტირების სტადიაზე გარემო პირობებს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად ენერგოეფექტიანი და გარემოზე მორგებული შენობა ავაშენოთ. ჩვენი სპეციალისტები მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და არქიტექტურული პროექტის პარალელურად, საკონსტრუქციო თუ სხვა საინჟინრო პროექტებიც მზადდება, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად მდგრადი შენობები დავაპროექტოთ.
ზურგს გვიმყარებს საქართველოს არქიტექტურული კანონმდებლობაც და ვალდებულები ვართ, შევიმუშაოთ დენდროლოგიური, ენერგოეფექტიანობის, საკონსტრუქციო პროექტები, სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები და მათზე საექსპერტო დასკვნა დაიწეროს.
რა გეგმები აქვს „როი ბ ჯგუფს“ უახლოეს და შორეულ მომავალში? როგორ აპირებთ ამ გეგმების განხორციელებას?
„როი ბ ჯგუფის“ სამომავლო გეგმაა, საპროექტო-სამშენებლო ბაზარზე ლიდერი კომპანია იყოს, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროს სხვა კომპანიებს, შემოიტანოს და დანერგოს ევროპული ინოვაციები. ჩვენი ხედვა რამდენიმე ძირითად ინიციატივასა და სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს.
უახლესი ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი იქნება. მზად ვართ, გამოვიყენოთ მოწინავე სამშენებლო ტექნიკა და ჭკვიანი სისტემები, რათა ეფექტიანობა გაიზარდოს და ხარჯები შემცირდეს, პოტენციურ დამკვეთებს კი უმაღლესი ხარისხის სერვისები მივაწოდოთ.
ამავდროულად, სანდოობისა და საზოგადოებასთან კავშირების განმტკიცება ჩვენი ბიზნესის ფილოსოფიის ქვაკუთხედად რჩება. ვეცდებით, რომ დამკვეთის, საზოგადოებისა და ადგილობრივი გარემოს მოთხოვნები ერთმანეთს კიდევ უფრო კარგად შევუსაბამოთ.
შესაბამისი გამოცდილებითა და კომპეტენციით უზრუნველვყოფთ, რომ კომპანიის მიერ დაპროექტებული და აშენებული ნაგებობები, კულტურისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს ყველა კუთხეში იყოს წარმოდგენილი. „როი ბ ჯგუფი“ ხელს გიწვდით და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას გთავაზობთ. მიგვაჩნია, რომ წარმატება ერთობაშია.