მსოფლიო ბანკი გლობალურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი გლობალურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2019 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელშიც საქართველო შედის, 1.6%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზრდის შენელების მთავარ მიზეზად თურქეთი სახელდება. მეორე მიზეზად სახელდება რეგიონში ვაჭრობის შემცირება.

ბანკის პროგნოზით 2019 წელს გლობალურად ეკონომიკური ზრდა 2.6% იქნება, რაც ბანკის ეკონომისტების შეფასებით, “მოლოდინზე დაბალი მაჩვენებლია”.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელებას ევრო ზონაში შექმნილ ვითარებას უკავშირებენ. კერძოდ, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს რომ მთავარ სავაჭრო ბაზარზე არასტაბილურობა რეგიონში სავაჭრო ბრუნვაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში: 

  • ალბანეთი – 3.7% 
  • სომხეთი – 4.2% 
  • აზერბაიჯანი – 3.3% 
  • ბელარუსი – 1.8% 
  • ბულგარეთი – 3% 
  • ხორვატია – 2.5% 
  • საქართველო – 4.6% 
  • უნგრეთი – 3.8% 
  • ყაზახეთი – 3.5% 
  • ყირგიზეთი – 4.3% 
  • მოლდოვა – 3.4% 
  • მონტენეგრო – 2.9% 
  • პოლონეთი – 4% 
  • რუმინეთი – 3.6% 
  • რუსეთი – 1.2% 
  • სერბეთი – 3.5% 
  • ტაჯიკეთი – 6% 
  • თურქეთი: –1% 
  • თურქმენეთი – 5.6% 
  • უკრაინა – 2.7%
  • უზბეკეთი – 5.3%

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%–მდე აპრილში შეამცირა, რის მთავარ მიზეზადაც ბანკი შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენაა მიმართული. პროგნოზის 5%-მდე ზრდას ბანკი 2021 წელს ელოდება. 2019 წლისთვის ბანკის წინა პროგნოზი 5% იყო.

ამასთან, ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები ერთის მხრივ შეანელებს დაკრედიტებასა და კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნას, თუმცა გააძლიერებს საფინანსო სექტორს.

ეკონომიკაზე მოქმედ რისკებს შორის სახელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან 57 მაღალი რისკის მატარებელია, რასაც ემატება ის ვალდებულებები, რომლებსაც PPP ხელშეკრულებები ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *