მსოფლიო ბანკი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებს ასახელებს

მსოფლიო ბანკი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებს ასახელებს

საქართველომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაში სახელწოდებით “სახელმწიფო ხარჯების მიმოხილვა“. თუმცა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ პროგრამის მდგრადობის მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაზე გაწული სახელმწიფო ხარჯებია, რომელიც მკვეთრად გაიზარდა. 

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ჯანდაცვაზე გაზრდილი ხარჯებისა, ის ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, თუმცა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 2014 წელს აღემატებოდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების საშუალო დანახარჯებს.

“ბოლო წლებში საყოველთაო ჯანდაცვის ბროგრამაზე გაწეული ხარჯები აღემატება მის ბიუჯეტს, რაც პროგრამის მდგრადობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. ამასთან, არაერთი გამოწვევა რჩება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, რაც ასევე შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვით მიღწეული პროგრესისთვის ხელისშემშლელი იყოს.  საქართველოში პირველად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები იზრდება, თუმცა კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება“, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი და მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესისთვის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას ურჩევს. 

სამთავრობო დანახარჯების წილი  ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში 2014 წელს შემდეგი იყო: 

საქართველო – 28,2%

სომხეთი – 43%

ხორვატია- 81,9%

ესტონეთი – 78,8%

ლიტვა – 63%

რუსეთი – 52%

საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი სახელმწიფო ხარჯების  საშუალო მაჩვენებელი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 66%-ია. თუმცა ამავე მონაცემებით, საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი მშპ-ში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო: 

საქართველო – 8,5%

სომხეთი – 4,5%

ხორვატია – 7,8%

ესტონეთი – 6,4%

ლიტვა – 5,9%

ლატვია – 6,6%

რუსეთი – 7,1% 

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მთავარ გამოწვევებსაც ასახელებს: 

  • შესყიდვების მექანიზმები სუსტია, ხარჯების ეფექტურად მართვისთვის.
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებული დიზაინი ახალისებს ძვირადღირებულ  სერვისებს, რომელსაც პაციენტები იყენებენ.
  • წამლების მაღალი ფასი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.