ფოტო: AP/Jacquelyn Martin
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ტურნირს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ის მასშტაბური სარგებელი არ მოუტანია, რასაც თავდაპირველად FIFA ვარაუდობდა. როგორც სპორტული ეკონომიკის ექსპერტებმა ამერიკულ Forbes-თან განაცხადეს, მუნდიალის მიმდინარეობისას საერთაშორისო ტურისტების ნაკადი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მოგზაურობისა და ტურიზმის ოფისის (NTTO) მონაცემებით, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას (11-27 ივნისი), ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა წლიურად მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ივნისში აშშ-ში ევროპიდან ჩამოსულთა რაოდენობა 1.2%-ით, ხოლო აზიიდან — 5.6%-ით შემცირდა. ზრდა დაფიქსირდა შედარებით მცირე ბაზრებიდან, როგორებიცაა აფრიკა (+13.8%) და სამხრეთი ამერიკა (+4.7%).
პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ნომრების ფასები მასპინძელი ქალაქების სასტუმროებმა გაზარდეს, თუმცა ინდუსტრიის საორიენტაციო და ანალიტიკური ფირმა CoStar-ის მონაცემებით, ამ პერიოდში ობიექტების დატვირთვა და ნომრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ამასთანავე, FIFA-ს წინასწარი პროგნოზებით, მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის $30.5 მილიარდის სარგებელი უნდა მოეტანა. თუმცა ეს პროგნოზები ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდებოდა. საერთაშორისო ტურისტები კი, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე აშშ-ში მცხოვრები გულშემატკივრები.
ამ ფონზე, Bloomberg Intelligence-ის ანალიზით, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატით $9 მილიარდის შემოსავალს მიიღებს.
სპორტის ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ეკონომიკური სარგებელი ხშირად გადაჭარბებულადაა შეფასებული. მაგალითად, სმიტის კოლეჯის პროფესორ ენდრიუ ზიმბალისტის თქმით, $30.5 მილიარდის ეკონომიკური სარგებელი თავიდანვე არარეალისტური შეფასება იყო. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ტურისტების შემოდინებაზე გავლენა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკამაც იქონია.
ამერიკული Forbes-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტთა შეფასებით, თავად FIFA-ს მოდელი ისეა მოწყობილი, რომ ძირითადი ხარჯები და რისკები მასპინძელ სახელმწიფოებზე მოდის, ხოლო ორგანიზაცია შემოსავალს იღებს. ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკის 16 მასპინძელ ქალაქს — მათ შორის აშშ-ის 11 ქალაქს — ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტსა და უსაფრთხოებაში $100-დან $200 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელება მოუწიათ.
დამატებით, FIFA მასპინძელი ქალაქებისგან საგადასახადო შეღავათებსაც ითხოვდა. გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, მხოლოდ სამმა შტატმა — ფლორიდამ, ჯორჯიამ და მისურიმ — საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობისთვის, სულ მცირე, $57.8 მილიონი დოლარის სახელმწიფო და ადგილობრივი საგადასახადო შემოსავალი დათმო.












