მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და UNWTO-ს მიერ გაანგარიშებული მოსალოდნელი შედეგები

მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და UNWTO-ს მიერ გაანგარიშებული მოსალოდნელი შედეგები

კორონაპანდემიის დამანგრეველი ზეგავლენა მსოფლიო ტურიზმზე 2021 წელსაც გრძელდება – ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ იანვარში – 2020 წელთან შედარებით – ტურისტების მიღება 87%-ით შემცირდა.

შედეგებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ქვეყნებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან მოგზაურობის პროტოკოლი, რათა უსაფრთხოდ გადატვირთონ სექტორი, ამით კი თავიდან აიცილონ სერიოზული დანაკარგი და მიმდინარე წელს წინსვლა შეძლონ.

თავის მხრივ, უკუსვლა, პირველ რიგში, ვირუსის ხელახალმა გავრცელებამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა – მათ შორისაა სავალდებულო ტესტირება, კარანტინი და დაკეტილი საზღვრები. ამასთან,  ვაქცინაციისა და პრეპარატების გადანაწილების პროცესი  მოსალოდნელთან შედარებით უფრო რთულად და ნელა მიმდინარეობს. ამ ფაქტორმა ტურიზმის აღდგენა შეაფერხა.

გამკაცრებული რეგულაციების მხრივ ყველაზე საგანგაშო სიტუაცია აზიაშია, რაც პირდაპირ ისახება ჩასულ ტურისტთა რაოდენობაზე – იანვრის მონაცემებით, აზიაში აღნიშნული მაჩვენებელი 96%-ით შემცირდა; ევროპასა და აფრიკაში – 85%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 84%-ით, ამერიკაში კი – 79%-ით.

„2020 ტურიზმისათვის ყველაზე ცუდი წელი იყო. საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და გადაუდებელი ზომების მიღება სჭირდება, რათა უზრუნველყოს უფრო ნათელი 2021 წელი… ქვეყნებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია და ჯანმრთელობის პროტოკოლების დაცვა აუცილებელია, რათა ტურიზმს ნდობა დაუბრუნდეს“, – ამბობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, UNWTO 2021 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობების 85%-ით შემცირებას ელოდება. ორგანიზაციის აზრით, სიტუაციის გაუმჯობესება დაკავშირებულია მოგზაურობის შეზღუდვებსა და ვაქცინაციის პროგრამის წარმატებასთან.

ცნობისთვის, ტურიზმის მომავალზე საუბრისას განიხილება ორი ძირითადი სცენარი – ერთის მიხედვით, 2020 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში 65%-ით გაიზრდება საერთაშორისო ფრენები, მეორე სცენარით კი 30%-იანი ზრდა სექტემბერშია მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.