IMF-ი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენისთვის

IMF-ი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, ეკონომიკის აღდგენის პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დაწყებამ მილიონობით ადამიანს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის იმედი მისცა, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ვაქცინები ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი, კვლავ იზრდება უმუშევრობისა და სიღარიბის დონეები. კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, პანდემიის შემდგომი აღდგენის სამართლიანი გეგმა სწორედ ამ მოწყვლადი ჯგუფებისა და ქვეყნების ჩართულობასა და მდგრად განვითარებას მოიაზრებს.

იანვრის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2021 წლის ბოლოსთვის 5.5%-ს მიაღწევს, რაც სამედიცინო პერსონალის მუშაობით, მეცნიერების მიერ უმოკლეს დროში ვაქცინის შექმნითა და ხელისუფლების ჩართულობით შესაძლოა, გადაიხედოს კიდეც და ზრდის მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწიოს. ბოლო პერიოდში ფისკალური პოლიტიკისთვის გამოიყო 16 ტრილიონი დოლარი, ამასთან, აღსანიშნავია ეროვნული ბანკების ჩართულობაც. ერთიანი ქმედებების გარეშე, 2020 წლის გლობალური ეკონომიკის შემცირების ტემპი სამჯერ მეტი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, შემოსავალი ერთ მოსახლეზე განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილისთვის 11%-ით შემცირდება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით,  იგივე მაჩვენებელი 20%-ს მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებში შემოსავლის მაჩვენებელი კრიზისამდეც საკმაოდ დაბალი იყო, წლის ბოლოსთვის შესაძლოა გამძაფრდეს სიღარიბის, უსახლკარობისა და შიმშილის პრობლემები.

თავის მხრივ, აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობისთვის არ არის ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, შემცირებულია ბიუჯეტი, იზრდება სავალო ტვირთი. სწრაფი აღდგენის დინამიკა შესაძლოა სახელმწიფოებისთვის უარყოფითი შედეგების მომტანიც აღმოჩნდეს. აშშ-ის ეკონომიკის ზრდით გამოწვეული დადებითი ვაჭრობის ტრენდები მალევე გაზრდის საპროცენტო განაკვეთს, რაც საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება.

ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული მსოფლიოს ეკონომიკის აღდგენასთან. ამ პროგრესის შედეგად, მსოფლიო მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დაგვიანებული ქმედებები კი ამ შედეგის მიღწევას აფერხებს.

ამას გარდა, აუცილებელია, დრო დაეთმოს სამუშაო ძალის განვითარებისა და მცირე კომპანიებისა და ბიზნესის ხელშეწყობას. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილება ითვალისწინებს მდგრადი და “მწვანე” ეკონომიკის განვითარებას. კოორდინირებული ინფრასტრუქტურის ცვლილება მომავალ 15 წელიწადში მსოფლიო მშპ-ს 0.7%-ით გაზრდის, მილიონობით გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. სხვადასხვა სფეროში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება კი შექმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის აღდგენის დასაჩქარებლად უპრეცედენტო ზომები მიიღო: 85 ქვეყნისთვის 107 მილიარდი დოლარი გამოყო, 29 ყველაზე ღარიბ ქვეყანას კი სავალო ვალდებულება მოუხსნა. სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში IMF-ის დაფინანსება 13-ჯერ აღემატებოდა წინა წლების საშუალო მაჩვენებელს. ასევე განიხილება სპეციალური სასესხო უფლებების გამოყენებით (SDR) $650 მილიარდი დოლარის გამოყოფა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის დინამიკის სამართლიანად წარმართვისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *