მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის ნოემბერი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის ნოემბერი

ფოტო: Getty Images

Forbes-ის შეფასებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ჯამურად $273 მილიარდით შემცირდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინები ვერ გაამართლა, ხელოვნურ ინტელექტში მზარდმა დანახარჯებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ კი აქციების ვარდნა გამოიწვია. შედეგად, Nasdaq-ის ინდექსი თითქმის 5%-ით დაეცა.

ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ განიცადა. Forbes-ის შეფასებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი ქონება $68 მილიარდით შემცირდა და 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით $869 მილიარდს შეადგენს. კლება ძირითადად SpaceX-ის აქციების 11%-იან გაუფასურებას უკავშირდება. კომპანიის წილი მასკის ქონების თითქმის ოთხ მეხუთედს შეადგენს და Tesla-ს აქციების 13%-იანი ზრდით გამოწვეული დადებითი ეფექტი გადაწონა. მიუხედავად ამისა, მასკი კვლავ ორჯერ მეტად მდიდარია, ვიდრე რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც გასული თვის განმავლობაში $8 მილიარდით, $361 მილიარდამდე შემცირდა.

თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადეს Google-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმაც. Alphabet-ის აქციების 18%-ზე მეტით გაუფასურების შედეგად, მათი ქონება, შესაბამისად, $53 მილიარდითა და $49 მილიარდით შემცირდა. შედეგად, პეიჯის ქონება $233 მილიარდს, ბრინის კი $214 მილიარდს შეადგენს.

ათეულის კიდევ ორი წევრის, მაიკლ დელისა და Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $40-40 მილიარდით შემცირდა. Dell Technologies-ის აქციები ბოლო ერთი თვის განმავლობაში 21%-ით, Meta-ს კი 15%-ით გაუფასურდა. ამჟამად დელის ქონება $229 მილიარდს, ცუკერბერგის კი $211 მილიარდს შეადგენს.

საბოლოოდ, გასული თვის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში შემავალი 10 მილიარდერიდან რვის ქონება შემცირდა, თუმცა რეიტინგში არცერთ მათგანს პოზიცია არ შეუცვლია. ზრდა მხოლოდ სტივ ბალმერისა და უორენ ბაფეტის ქონებამ აჩვენა. Berkshire Hathaway-ის აქციების 9%-იანი ზრდის შედეგად, ბაფეტის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა და $154 მილიარდს მიაღწია. Microsoft-ის აქციების 2%-იანი მატების ფონზე კი ბალმერის ქონება $1 მილიარდით, $162 მილიარდამდე გაიზარდა.

Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულის ქონება ჯამურად $2.8 ტრილიონს შეადგენს, რაც ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე თითქმის $300 მილიარდით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათივე წევრი ამერიკელია და ყველა მათგანი კაცია. ექვსი მათგანის ქონება $200 მილიარდს აღემატება.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2026 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი
ქონება: $869 მილიარდი  (-$68 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX
ასაკი: 55
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $361 მლრდ (-$8 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#3 ლარი პეიჯი
ქონება: $233 მლრდ (-$53 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#4 მაიკლ დელი 
ქონება: $229 მლრდ (-$40 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Ben Sklar for Fortune

#5 სერგეი ბრინი
ქონება: $214 მლრდ (-$49 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: კრისტალ-ბეი, ნევადა
მოქალაქეობა: აშშ

Michael Tran/AFP/Getty Images

#6 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $211 მლრდ (-$40 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 42
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#7 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $178 მლრდ (-$22 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#8 ლარი ელისონი
ქონება: $172 მლრდ (-$8 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 82
საცხოვრებელი ადგილი: მანალაპანი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#9 სტივ ბალმერი
ქონება: $162 მლრდ (+$1 მლრდ)
წყარო: Microsoft
ასაკი: 70
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

Gabriel Bouys AFP—Getty Images

#10 უორენ ბაფეტი
ქონება: $154 მლრდ (+$13 მლრდ)
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 96
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი