მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგი

მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგი

ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, მიმდინარე წელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვისაც არანაკლებ რთული აღმოჩნდა. საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ტრილიონობით დოლარით შემცირებასთან ერთად, ინვესტორების ნდობამაც იკლო. თუმცა, მართალია, საერთო ჯამში ბევრი უმსხვილესი კომპანიის ბაზრის წილი მკვეთრად შემცირდა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც წლის განმავლობაში ძირითად სექტორებში პოზიტიური ზრდა დააფიქსირეს.

არსებული მონაცემებით, ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ლიდერი, $2.3 ტრილიონით, Apple-ია, რომელმაც 2022 წლის ტექნოლოგიური ვარდნის, საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და გაყიდვების შენელების მიუხედავად, პირველი ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო. Apple-ის რეკორდული შემოსავლის დაახლოებით ნახევარი არავისთვის გასაკვირად iPhone-ებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

რეიტინგში Apple-ს მეორე ადგილით Microsoft-ი მოჰყვება, რომელსაც პერსონალურ კომპიუტერებზე დაბალი მოთხოვნისა და ძლიერი აშშ დოლარის გავლენის გამო, არცთუ ისე წარმატებული წელი ჰქონდა. ცნობისთვის, მთლიანობაში, კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 50% საზღვარგარეთის ბაზარზე მოდის.

მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიების ათეულში, ცხრა კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვხვდება, ერთადერთი არაამერიკული კომპანია კი ნავთობის გიგანტი Saudi Aramco-ა. საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია, მაისში, ენერგოფასების მკვეთრ ზრდასთან ერთად, მცირე ხნით მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიის სტატუსსაც ფლობდა. ამჟამად ის მესამე ადგილზეა $1.8 ტრილიონით და უსწრებს აშშ-ის კიდევ ერთ ტექნოლოგიურ გიგანტ Alphabet-ს, რომელიც $1.2 ტრილიონით მეოთხე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ Companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს 1 ტრილიონ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ ჩამოთვლილ ოთხ კომპანიას აქვს, შემდეგ მოდის Amazon-ი, $924 მილიარდით, Berkshire Hathaway, $686 მილიარდითა და Tesla, $522 მილიარდით.

მიმდინარე წელს მსოფლიოს გიგანტი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის საბაზრო ღირებულება შემცირდა. ამ მხრივ ლიდერი, 70%-ზე მეტით ვარდნით, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გახდა. Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ვარდნა ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება, ესენია: მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ჩინეთში და კომპანიის CEO-ს ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ მასზე გადართვა. Tesla-ს, 50%-იანი ვარდნით, Amazon-ი მოჰყვება, შემდეგაა Microsoft-ი (-29%) და Apple-ი (-28%).

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წელს გაიზარდა. მათ შორისაა UnitedHealth Group-ი 5%-იანი ზრდით, Johnson & Johnson-ი 3.1%-ითა და Berkshire Hathaway 1.4%-ით.

Companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს 2022 წლის უმსხვილესი საჯარო კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:

  1. Apple – $2.3 ტრილიონი; ამერიკის შეერთებული შტატები
  2. Microsoft – $1.9 ტრილიონი; ამერიკის შეერთებული შტატები
  3. Saudi Aramco – $1.8 ტრილიონი; საუდის არაბეთი
  4. Alphabet – $1.2 ტრილიონი; ამერიკის შეერთებული შტატები
  5. Amazon – $924 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  6. Berkshire Hathaway – $686 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  7. Tesla – $522 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  8. UnitedHealth Group – $510 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  9. Johnson & Johnson – $465 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  10. Visa – $454 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები

(მაჩვენებლები ეფუძნება 2022 წლის 12 დეკემბრის მონაცემებს)