მთავრობის დოკუმენტი: რუსეთში ენერგიის ექსპორტიდან შემოსავალი 38%-ით გაიზრდება

მთავრობის დოკუმენტი: რუსეთში ენერგიის ექსპორტიდან შემოსავალი 38%-ით გაიზრდება

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, ნავთობის ექსპორტის მაღალი მოცულობა, გაზის ფასების ზრდასთან ერთად, მიმდინარე წელს ენერგიის ექსპორტიდან შემოსავალს $337.5 მილიარდამდე გაზრდის. შედეგად, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს, ქვეყანაში ენერგოექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით მეტი იქნება.

სამინისტრო ვარაუდობს, რომ შემოსავლების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, დასავლური სანქციების ფონზეც კი, რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შემოსავლების ზრდა კი პრეზიდენტ პუტინს უზრუნველყოფს ნაღდი ფულით, რომელსაც სამხედრო ხარჯების დაფინანსებისა და პენსიებისა თუ ხელფასების მომატებისთვის გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაშია და ინფლაციის დონე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებს აუარესებს.

თუმცა, ანალიტიკოსთა განცხადებით, ენერგეტიკული შემოსავლების ბუმი, ეკონომიკისთვის დასავლური სანქციებით მიყენებულ ზარალს მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურებს. „სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე არათანაბარია. გარკვეულ სექტორში, მაგალითად ავტოინდუსტრიაში, შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა, თუმცა ნავთობის სექტორი ამ დროისთვის შედარებით დაუზიანებელია“, – განაცხადა გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, იანის კლუგემ და ავტოინდუსტრიასთან ერთად ყველაზე ძლიერად დაზარალებულ სექტორებში IT და ფინანსებიც დაასახელა. მიზეზი კი ინდუსტრიების მჭიდრო კავშირებია დასავლეთთან.

სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, ენერგიის ექსპორტიდან შემოსავალი მომავალ წელს $255.8 მილიარდამდე შემცირდება, თუმცა კვლავ მაღალი დარჩება 2021 წლის მონაცემებთან ($244.2 მილიარდი) შედარებით. რაც შეეხება გაზის საშუალო საექსპორტო ფასს, პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ღირებულება გაორმაგდება და 1,000 კუბურ მეტრზე $730-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *