მთავრობის ქმედებები ანაკლიასა და NEQSOL-თან მიმართებით ქვეყანაში ინვესტიციების კლებას იწვევს - მაკალათია

მთავრობის ქმედებები ანაკლიასა და NEQSOL-თან მიმართებით ქვეყანაში ინვესტიციების კლებას იწვევს - მაკალათია

ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მთავრობის მიერ 10-წლიანი სტრატეგიის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი ალბათობით ამ დოკუმენტში ეწერება ის, რომ ქვეყანაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ თავად შეაჩერა ამ პროექტის განვითარება, მისი განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ირაკლი მაკალათიას თქმით, არსებული ვითარების მთავარ გამომწვევ მიზეზს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაბალი დაცვის დონე განაპირობებს. ეს გახდა კიდევ ერთი მსხვილი პროექტის “ციფრული აბრეშუმის გზის” განვითარების შეფერხების მიზეზი, შედეგად მანაც ანაკლიის საკითხის მსგავსად საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლა.

“მთავრობის 10-წლიან სტრატეგიაში აუცილებლად ეწერება ანაკლია, რამდენად აშენდება – ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება „ციფრული აბრეშუმის გზას“, ამ ორ თემას დავაკავშირებდი. როდესაც გვინდა, რომ იყოს ეკონომიკური ზრდა, ამისთვის აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული. ამ ორი ქეისის შემთხვევაში არის დარღვევა. ანაკლიის შემთხვევაში კერძო საკუთრება დარღვეულია, სახელმწიფო პოლიტიკა წყვეტს, ვინ უნდა გააკეთოს ეს პორტი და ვხედავთ კიდეც, როგორ წყვეტს ამას. მეორე შემთხვევაშიც, როდესაც ციფრული აბრეშუმის გზაზე და NEQSOL-ზე არის საუბარი, აქაც კერძო საკუთრების დარღვევაა. როდესაც ვხედავთ, რომ კომპანიამ შეისყიდა “კავკასუსის” 100%, მაგრამ მარეგულირებელი ამ გარიგებას კრძალავს და აცხადებს, რომ მასთან შეუთანხმებლად ეს დაუშვებელია, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამოცემები და დამკვირვებლები ამაზე უარყოფით დასკვნებს წერენ. იქნება ეს ვენეციის კომისია თუ ამერიკული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული უარყოფითი დასკვნები, ეს ყველაფერი შემდგომში ცუდად იმოქმედებს საინვესტიციო იმიჯზე.  როდესაც სხვა კერძო ინვესტორი ხედავს, რომ ასეთი რამ ხდება და თუ ისიც შემოვიდა, არც მისი ინვესტიციები იქნება დაცული, შესაბამისად, არც ერთი მსხვილი ინვესტორი არ შემოდის და ვაკვირდებით ინვესტიციების კლებას. შაჰ-დენიზის მილსადენის პროექტის მშენებლობა როდესაც დასრულდა, მას შემდეგ წამოვიდა ინვესტიციების კლება”, – აცხადებს ირაკლი მაკალათია.

მისი თქმით, მსგავსი პროცესები თამაშობს მთავარ როლს იმაში, რომ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია, ახალი უცხოური ინვესტიციით არც ერთი მსხვილი პროექტი არ განხორციელებულა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *