“ფორბსი” დაინტერესდა, თუ ვინ არიან მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მაღალი რანგის მენეჯერები.
საქართველოში საშუალო ანაზღურება ყოველწლიურად იზრდება და სტატისტიკის სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო თვიური ანაზღაურება 999 ლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, – 10 წლის წინ საშუალო ხელფასი ქვეყანაში 368 ლარი იყო. საქმიანობების დარგების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის (2008.3 ლარი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1594.5 ლარი); მშენებლობის (1465.7 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში (1425.7 ლარი).
2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასების დონე სახელმწიფო სექტორში თითქმის არ შეცვლილა. დაკავებული პოზიციების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება მენეჯერულ პოზიციაზე: “კანონმდებლების, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მენეჯერების” პოზიციაზე ხელფასის დონემ 2177.4 ლარი შეადგინა.
“ფორბსი” დაინტერესდა, თუ ვინ არიან მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მაღალი რანგის მენეჯერები. ამისთვის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები გამოვიყენეთ.
დავით საგანელიძე – საგანელიძე სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საპარტნიორო ფონდის აღმასრულების დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2017 წელს მან ანაზღაურების სახით 336 000 ლარი მიიღო. გამოდის, რომ საგანელიძის ხელფასი თვეში 28 000 ლარს უტოლდება. 2015 წლის სექტემბრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით კი მან ამ პოზიციაზე შემოსავლის სახით 84 000 ლარი მიიღო. 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში საგანელიძეს საკუთარი ანაზღაურება მითითებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ ამ პერიოდში მან ხელფასის სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში 33 600 ლარზე მეტია. გამოდის, რომ 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში საგანელიძემ ხელფასის სახით 824 250 ლარი მიიღო.
დავით ფერაძე – ფერაძე საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიის “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. 2017 წლის 22 ნოემბრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, მან ამ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 15 696 ლარი მიიღო. ამავე თანამდებობაზე მუშაობისას თვეში 18 372 ლარის ანაზღაურებას იღებდა პრემიერი მამუკა ბახტაძე. მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე პერიოდში მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 220 474 ლარს შეადგენდა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მან ანაზღაურების სახით 225 134 ლარი მიიღო, 2014 წელს კი ის 186 780 ლარი, რაც თვეში 15 500 ლარზე მეტია. 2013 წელს კი ბახტაძემ რკინიგზის გენ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობით 194 925 ლარი მიიღო. გამოდის, რომ ამ თანამდებობაზე მამუკა ბახტაძემ ანაზღაურების სახით 828 000 ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.
დავით თვალაბეიშვილი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად თვალაბეიშვილი 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. GOGC-ს 100%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდი და შესაბამისად სახელმწიფოა. ამ პერიოდიდან 2017 წლის ჩათვლით, თვალაბეიშვილმა 762 00 ლარის ანაზღაურება მიიღო. 2016 წელს მისი ხელფასი თვეში 14 583 ლარი იყო. ერთ წელში მან ანაზრაურების სახით 175 000 ლარი მიიღო.
სულხან ზუმბურიძე – ზუმბურიძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველის / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა. აღნიშნული კომპანიაც სახელმწიფოა და მისი 100% მფლობელი საპარტნიორო ფონდია. 2016 წელს სულხან ზუმბაძემ ანაზღაურების სახით 341 700 ლარი მიიღო, – ანუ თვეში მისი ანაზღაურება 28 000 ლარს აღემატებოდა. 2013 წლიდან, 2017 წლის ჩათვლით კი, 5 წლის განმავლობაში, სულხან ზუმბაძემ ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
ვახტანგ ამბოკაძე – ამბოკაძე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორია. ამ თანამდებობაზე მუშაობით მან 5 წელში (2013 წლიდან, 2017 წლის ბოლომდე) ანაზღაურების სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – 645 046 ლარი მიიღო. 2016 წელს მისი ჯამური ანაზღაურება 132 840 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 11 000 ლარის ხელფასს ნიშნავს.
ირინა მილორავა – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობით, 2016 წელს მილორავამ 165 604 ლარის შემოსავალი მიიღო, – თვეში 13 800 ლარი.
კახა ბექაური – ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობით, 2017 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე პერიოდში 241 376 ლარი გამოიმუშავა, – თვეში მისი ანაზღაურება 20 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მაშინ როდესაც ბექაური კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა, მისი წლიური ანაზღაურება 233 988 ლარს შეადგენდა, – თვეში 19 400 ლარზე მეტი. ბექაურმა კომისიაში მუშაობით, 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით (4 წელში), თითქმის მილიონი ლარი – 970 892 ლარი მიიღო. 2014 წლიდან, 2017 წლის ჩათვლით, თითქმის მილიონი ლარის ანაზღაურება მიიღო ამჯერად კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემაც – 933 086 ლარი.
კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2017 წელს ანაზღაურების სახით 243 000 ლარი მიიღო (თვეში 20 250 ლარი). აქედან 165 000 ლარი გვენეტაძემ სებ-ის პრეზიდენტის რანგში, ხოლო 78 000 ლარი კი საბჭოს წევრის რანგში მიიღო. ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში კიგვენეტაძის ანაზღაურება ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობის პერიოდში თვეში $11 800-ზე მეტ ანაზღაურებას იღებდა.