ზეიმად ჩაფიქრებული Gem Fest-ი ტრაგედიად იქცა. ფესტივალი სახელმწიფოს სახსრებით ჩატარდა – Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც ორ წელს და ბიუჯეტიდან საეჭვოდ გასროლილ ₾50 მილიონს ითვლის.
₾4,010 000 – ეს ის თანხაა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტმა Gem Fest 2017-სთვის გაიღო. მეხუთედზე მეტი იმ ₾20 მილიონიდან, რომელიც გადასახადის გადამხდელებს სამთავრობო პროექტ C₾eck in Georgia 2017-ის დაფინანსება გვიჯდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება ჯერ არ ამოწურულა, ამიტომ მთავრობაში ანალიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ, თანაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხარჯვა უფრო უყვართ, ვიდრე დახარჯულის ეფექტის დათვლა.
სამთავრობო პროექტის ავკარგიანობაზე წერას Gem Fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან კონტაქტით ვიწყებ, რადგან, “აეროსმიტის” კონცერტს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ბიუჯეტს ₾5.5 მილიონი დაუჯდა, ხარჯიანობის თვალსაზრისით, Gem Fest-ი მეორე პოზიციაზეა.
“ახალი რა უნდა გითხრა, ვართ ისევ გაყინულ-დაყადაღებულ-შეჩერებული”, – მწერს გიორგი სიგუა Facebook-ის ჩატში (Forbes Georgia-სთვის ინტერვიუს ჩაწერის მხოლოდ ამ ფორმაზე მთანხმდება). მიყვება, რომ Gem Fest 2017-ის ზარალით დასრულება მისმა შეცდომამ გამოიწვია. “მეგონა, სხვასაც ისევე სჯეროდა ანაკლიაში მსოფლიო დონის კურორტის აშენების, როგორც – მე. მარტო ფესტივალზე არ ვფიქრობდი. 4-5-დღიანი ღონისძიებით კურორტს ვერ განავითარებ, მხოლოდ ‘გააცოცხლებ’. მე რომ პრიორიტეტად ფინანსური სარგებლის მიღება დამესახა, 3-4-დღიან ფესტივალს გავაკეთებდი, შემოსავალი იგივე იქნებოდა, ხარჯი 10-ჯერ ნაკლები, დავიხურავდი ქუდს და ჩავიდებდი ფულს ჯიბეში. ნუ, ავიჩემე ეს ახალი იბიცა სამეგრელოში, აფხაზეთის საზღვართან, ბევრს უხაროდა… რაც იყო, იყო”, – მეუბნება გიორგი სიგუა.
Gem Fest 2017 რომ მთლიანად კერძო სახსრებით დაფინანსებული ფესტივალი იყოს, ფრაზას – “რაც იყო, იყო”, დიდ მნიშვნელობას ალბათ არ მივანიჭებდი, მაგრამ ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალისთვის, თავდაპირველად, ₾1.9 მილიონი გამოიყო, ფესტივალის ბოლოსთვის კი ცნობილი გახდა, რომ ეს თანხა ₾4.01 მილიონამდე გაიზარდა. რატომ მიიღო სახელმწიფომ ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებული ფესტივალისთვის “სუბსიდირების” გაზრდის გადაწყვეტილება, ამაზე სახელმწიფო უწყებებს დღეს ღიად საუბარი არ სურთ. “დღეს ამ დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, თუმცა ამ ინფორმაციას ღიად გამოვაცხადებთ მას შემდეგ, რაც C₾eck in Georgia დამთავრდება”, – გვითხრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რომელიც არც უარყოფს და არც ადასტურებს Gem Fest-ის სამომავლო მხარდაჭერას.
სახელმწიფო ბიუჯეტის ₾4.01 მილიონზე საუბრისას ხისტია გიორგი სიგუა და შპს “ბლექ სი არენისკენ” მიგვითითებს, რადგან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან თანხა სწორედ ამ შპს-ს გადაერიცხა. როგორც შოუბიზნესის კულუარებში გავარკვიეთ, დამატებითი მილიონები იმიტომ გახდა საჭირო, რომ Gem Fest 2017-ის ორგანიზატორები უცხოელ არტისტებს ჰონორარებს ვერ უხდიდნენ. გიორგი სიგუაც გვიყვება, რომ წლევანდელ ფესტივალზე 500 არტისტიდან 120-ის ჰონორარი სახელმწიფომ (უშუალოდ შპს “ბლექ სი არენამ”) გადაიხადა, ამიტომ ჯიუტად იმეორებს, რომ მას “კაპიკზე არ ჰქონია წვდომა”, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მისვლა რამდენჯერმე მაინც მოუწია. უწყებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
პრეტენზიები საგამოძიებო სამსახურის მიმართ სიგუასაც აქვს, რადგან, როგორც გვიყვება, ფესტივალის დასრულებიდან რამდენიმე საათში Gem Fest-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და ყველა დოკუმენტაცია წაიღეს, ამიტომ მონაცემები ზეპირად არ ახსოვს და “ბევრი რიცხვის” დასახელებას ერიდება. ამბობს, რომ ერთთვიანი ფესტივალის ფარგლებში ანაკლიამ 30,000 უცხოელ თუ ქართველ სტუმარს უმასპინძლა და პროექტის ჯამური ხარჯი დაახლოებით ₾17 მილიონამდე იყო. როცა უხელფასოდ დატოვებულ თანამშრომლებზე და უკმაყოფილო არენდატორებზე ვუსვამ კითხვებს, მპასუხობს, რომ დავალიანებებს აუცილებლად დაფარავს; არენდატორების მიმართ კი თავადაც აქვს პრეტენზიები, რადგან ფული არ გადაუხადეს და მისი დაახლოებით ₾1 მილიონი მართებთ.
“ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. 2016 წელს წელს Gem Fest-ზე ბევრი ხალხი ჩავიდა, კარგად “იგულავეს” ნარკოტიკების მხრივაც, ბარებმაც კარგად ივაჭრეს, ამიტომ გადაწყვიტა სიგუამ ერთთვიანი გაეკეთებინა და ბევრი ფული აეღო”, – გვიყვება ერთ-ერთი არენდატორი, არტ-კაფე HOME-ის ივენთ-მენეჯერი სონია ნიკოლაძე. 30-დღიანი ფესტივალის იდეა თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ რადგან მისმა უფროსმა გარისკვა გადაწყვიტა, ფესტივალის ტერიტორიაზე 800 კვ.მ იჯარით აიღეს, რაშიც ₾17,000 უნდა გადაეხადათ, მაგრამ, ხელშეკრულების თანახმად, დასაწყისში 25% გადაიხადეს და მეტი არაფერი. “დღეში ორ წყალს ვყიდდით და როგორ გადამეხადა?! მარტო ბარის აშენება 30,000 ლარი დაგვიჯდა. ექვსი ბარმენი მყავდა დაქირავებული, თითოეულს დღეში 70 ლარს ვუხდიდი. 6,000 ლარი გადავიხადეთ სახლში, სადაც ვცხოვრობდით. ფესტივალის პირველ დღეს 4,000 ირანელი ჩამოვიდა, მაგრამ თავიანთი ბარები ჰქონდათ და ჩვენთან არც ჭამდნენ და არც სვამდნენ. მათი წასვლის მერე სრული “გამყინვარება” დაიწყო. 3 აგვისტოს, როცა სოლომუნს უნდა დაეკრა, 10,000 სტუმარი ჩამოვიდა და გაგვიხარდა, მაგრამ ამაოდ. მეორე დღესვე ყველა წავიდა. “ვერ ივაჭრეთ და რა ჩემი ბრალია”, – გვეუბნებოდა სიგუა. იმის აღქმა არა აქვს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და ვენდორები ერთი ოჯახია”, – გაბრაზებული ტონით გვიყვება სონია ნიკოლაძე. მისი თქმით, თუ Gem Fest-ის ორგანიზატორები მომავალ წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას, “მიტინგებს მოაწყობს”.
მიტინგის მოწყობა შეიძლება არ გახდეს საჭირო, რადგან Gem Fest-თან დაკავშირებით საქმე საგამოძიებო სამსახურშია, თან მთავრობაც დიდი ალბათობით თავს შეიკავებს მისი მხარდაჭერისგან, რადგან ფინანსური ზარალის გარდა, წელს ფესტივალზე ტრაგიკული შემთხვევაც მოხდა. მართალია, ექსპერტიზის პასუხები არაა ცნობილი, და გიორგი სიგუაც ამტკიცებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ე.წ. კლუბური ნარკოტიკები დაშვებული არ იყო, მაგრამ Gem Fest-ის სტუმრები ჰყვებიან, რომ “ნარკოტიკები თავისუფლად იშოვებოდა”. “კლუბურ ნარკოტიკს კუჭითაც შეიტან ყველგან. ჩაყლაპავ და შეხვალ, სადაც გინდა. მე არავინ მითანხმებდა ნარკოტიკის გაყიდვას”, – ასე მპასუხობს გიორგი სიგუა და ამბობს, რომ მზადაა, მომავალ წელს ფესტივალი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშეც ჩაატაროს, რადგან Gem Fest-ი უკვე საერთაშორისო ბრენდია.
“Gem Fest 2018 აუცილებლად იქნება. 3-, 4- ან 5-დღიანი. თარიღებს მალე გამოვაცხადებთ”, – მწერს სიგუა. “და სად იქნება? შეიძლება Gem Fest-მა იმოგზაუროს”? – ვეკითხები. “კარგი სიტყვაა მოგზაურობა… ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია”, – მიბრუნებს პასუხს და მეც კითხვითვე ვაგრძელებ – “ანუ არ გამორიცხავთ, რომ Gem Fest-მა ადგილსამყოფელი შეიცვალოს?”, “Gem Fest-ის ადგილსამყოფელი არის ვებგვერდი”, – მწერს და gemfestival. com-ზე მიმითითებს, თან ამატებს, რომ უცხოეთიდან შემოთავაზებები აქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ საგამოძიებო სამსახურიდან “დაპატიმრებული კომპიუტერების” გამოხსნაზე ფიქრობს.
გიორგი სიგუას მიმართ პრეტენზიები არა მხოლოდ ანაკლიაში ჩასულ ფესტივალის არენდატორებს, არამედ თბილისში არსებული კლუბების მენეჯერებსაც აქვთ. კლუბ “მტკვარზე”-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნია აცხადებს, რომ ბიუჯეტის მხრიდან სხვადასხვა ფესტივალის, მათ შორის Gem Fest-ის დაფინანსება “აფუჭებს” ბაზარს. “დრაკონული კანონების მიუხედავად, თბილისის კლუბები ევროპის ნაწილად იქცა. საერთაშორისო მედიაგამოცემებში გვახსენებენ როგორც ამომავალ ვარსკვლავს და პარალელურად, ხელისუფლება წლებია, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით აფინანსებს ისეთ ფესტივალებს, რომლებიც ამ ბიზნესს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. რატომ? როცა უცხოელ შემსრულებლებს ვეუბნებით, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა, გადაგიხადოთ დიდი ჰონორარი და ისინი მოგვყვებიან, ეს წლების განმავლობაში აშენებული ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით ინგრევა, როცა მათ ბიუჯეტის ფულით გაბერილ ჰონორარებს სთავაზობენ”, – ამბობს ქეთა გაბუნია.
კლუბ “მტკვარზე”-ს დამფუძნებლის აზრით, როცა სახელმწიფო მილიონებს იხდის ელექტრონული ფესტივალის მხარდაჭერისთვის და მიზანი ანაკლიის მიმზიდველობის გაზრდაა, პირველ რიგში, ბიზნესს უნდა შეუქმნან სათანადო პირობები. “როცა გიორგი სიგუას ანაკლიაში ჩემი კლუბის სტეიჯის გახსნა შევთავაზე, მითხრა, რომ მხოლოდ უფლება 50,000 ლარი ღირდა; ხომ გასაგებია, რამხელა ხარჯი მექნებოდა და ერთ თვეში ამას ვერ ამოვიღებდი, ამიტომ უარი ვთქვი. მთელ მსოფლიოში არ არსებობს ერთთვიანი ფესტივალი; ბერლინსა და ბარსელონაშიც კი 3-4-დღიანია”, – გვიყვება ქეთა გაბუნია. ელექტრონული მუსიკის სფეროში სუბსიდირებული პროექტების წინააღმდეგია და სახელმწიფოს მანკიერ პრაქტიკას აკრიტიკებს ნაჯა ორაშვილი, ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალის წარმომადგენელი და BASSIANI / HOROOM-ის დამფუძნებელი. ის გვიყვება, რომ ამ სფეროს ყველაზე დიდი ზიანი მაშინ მიადგა, როდესაც კონკრეტულმა ჯგუფებმა საერთაშორისო არტისტებისთვის კოლოსალური თანხების გადახდა დაიწყეს იმისთვის, რომ ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაში მოხვედრილიყვნენ. “ამაში მოწინავე ადგილს იკავებს Gem Fest-ი, რომელიც გაათმაგებულ ჰონორარებს სთავაზობს ჰედლაინერ მუსიკოსებს, მაშინ როდესაც ადგილობრივ დი-ჯეებს მულტიპასებით უხდის ჰონორარს, ან საერთოდ არ უხდის. ეს, რა თქმა უნდა, ხელს იმ პრომოუტერების საქმიანობას უშლის, ვინც, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სააგენტოებს გაცილებით დაბალ ჰონორარზე ესაუბრება. ჩვენი სამწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, მილიონობით ლარი დაიხარჯა ფესტივალზე, რომლის ფიასკოზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აუღია. ამასთანავე შპს “ბლექ სი არენა ჯორჯიასა” და კომპანია Pet Plus doo-ს შორის 741,360 ევროს ღირებულების ხელშეკრულებაც ბუნდოვანია. საპრომოუტერო კომპანია Pet Plus doo გუგლში არ იძებნება, რაც გვაძლევს ეჭვის საბაბს, რომ შუამავალი კომპანია ფინანსური მაქინაციისთვის გამოიყენეს”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი.
ინდუსტრიის ინსაიდერების აზრით, გაბერილი ბიუჯეტი და მოუხელთებელი საპრომოუტერო კომპანიის არსებობა მაქინაციის ეჭვს აღძრავს, რადგან ზოგიერთ არტისტს ქართული ბაზრის რეალურ ღირებულებაზე ათჯერ დიდი ჰონორარი აქვს გაფორმებული.
BASSIANI / HOROOM-ის დამფუძნებლის აზრით, საკლუბო ტურიზმი სწორედ იმ კლუბებმა განავითარეს, რომელთა გადახდილი გადასახადებით ფინანსდება Gem Fest-ი და რომლის წარმომადგენელმა მის ტერიტორიაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე სამძიმარიც კი არ გამოაცხადა.
ნაჯა ორაშვილი, ქეთა გაბუნია, ასევე “ალტერვიჟენ გრუპის” ტექნიკური მენეჯერი სანდრო სულაქველიძე მიყვებიან ერთსა და იმავე ისტორიას გასული წლის დეკემბერში მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კერძო სექტორმა მთავრობას პროექტ “Check in Georgia-ს ეფექტიანად ჩატარების მოდელები შესთავაზა და მიიღეს დაპირება, რომ მუსიკალურ ღონისძიებებზე კონკურსი გამოცხადდებოდა და ყველა საპრომოუტერო კომპანიას თუ ინდივიდს მონაწილეობის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.
“კონკურსი არ გამოცხადებულა და სხვადასხვა კომპანიამ ბიუჯეტის თანხები არასამართლიანად დაინაწილა. ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება სახელმწიფოსგან სუბსიდირებული პროექტების ირგვლივ წარმოუდგენელია. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ, კულტურის სამინისტროს თუ Check in Georgia-ს მიკერძოებულმა მიდგომამ კერძო კომპანიები ფინანსურად დამანგრეველ მდგომარეობაში ჩააყენა”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი.
“ალტერვიჟენ გრუპის” ტექნიკური მენეჯერიც ფიქრობს, რომ კომერციულად გათვლილი ფესტივალების მუდმივად სუბსიდირებაზე ყოფნა არა მხოლოდ საკლუბო და საფესტივალო ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს, არამედ ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. სანდრო სულაქველიძეს მაგალითად Gem Fest 2017- ზე გამოვლენილი ხარვეზები მოჰყავს. “დაზარალებული ბარები, სტაფი, რომელსაც ხელფასი არ აუღია. ოფიციალურად არავინ საუბრობს, მაგრამ რამდენიმე ჰედლაინერისთვის ამ დრომდე არ გადაუხდიათ ჰონორარი. მსგავსი ფაქტები საქართველოს რეპუტაციას აზიანებს და ჩვენნაირ კომპანიებს უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებებს ურთულებს”, – ამბობს სანდრო.
კერძო სექტორის პრეტენზიებით ისევ გიორგი სიგუას ვუბრუნდები და მასთან “ჩატაობას” ვაგრძელებ. სიგუა ამტკიცებს, რომ ჰედლაინერები, რომლებიც Gem Fest-ზე ჩამოჰყავთ და სახელმწიფომ დააფინანსა, სხვა სეგმენტს წარმოადგენენ. “ჩვენ კლუბი არ ვართ და არც გვაქვს კლუბი. შესაბამისად, როგორ შეიძლება თბილისის ცენტრში კლუბები და სამეგრელოს ბოლო სოფლებში ჩატარებული ფესტივალი ერთმანეთთან კვეთაში მოდიოდეს?”, – ამბობს ის. “ჩაკითხვების” გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.
საკლუბო და საფესტივალო ბიზნესის წარმომადგენლების “ჩივილების” ანალიზისგან თავს იკავებენ სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ორგანიზატორებიც. გიორგი ჩოგოვაძე გვეუბნება, რომ მსგავსი პრეტენზიებით მათთვის არავის მოუმართავს. “ალბათ, როცა პროექტი მორჩება, ერთ დიდ მაგიდასთან დავსხდებით და გავაანალიზებთ მის ავკარგიანობას. მოვუსმენთ კერძო სექტორს”, – ამბობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პირობას დებს, რომ ის ჯგუფი, რომელიც Check in Georgia 2018-ს დაგეგმავს, ბიზნესწრეების შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
კერძო სექტორის დიდი ნაწილის პოზიცია კი შარშანაც და წელსაც უცვლელი და ერთიანია – სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ღონისძიებების სუბსიდირება, მით უმეტეს, როცა რამდენიმემილიონიანი პროექტის ეფექტიანობას რიცხვებში არავინ ზომავს და Check in Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დეკლარირებული მიზანი – “საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა”, ფაქტობრივად, ლამაზი სიტყვებია; რაც მარტივი სტატისტიკითაც ჩანს – Check in Georgia 2016-ის ფარგლებში სამ დიდ ღონისძიებაზე – ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე სულ 73,420 ბილეთი გაიყიდა, საიდანაც მხოლოდ 2,958 ბილეთის შესყიდვა განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ტურისტულმა კომპანიებმა კი მხოლოდ 1,071 ბილეთი შეიძინეს.
Check in Georgia 2017 ჯერ არ დამთავრებულა. პროექტისთვის განსაზღვრული ₾20 მილიონიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე გამოყო ₾13,236,700 ლარი, საიდანაც შპს “ბლექ სი არენა ჯორჯიას” 12 მლნ გადაურიცხა, მათ შორის 4,010,000 ლარი GEM FEST-ს “შესწირეს”.
შემოდგომა მოვიდა და მალე იმის დათვლაც მოგვიწევს, რამდენი ასეული ვიზიტორი “დააჩეკინა” ძვირადღირებულმა სუბსიდიამ, რომლის ერთადერთი გამართლებაც “დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა” იყო.