მცირე ბიზნესის საუკეთესო მეგობარი

მცირე ბიზნესის საუკეთესო მეგობარი

ბენ ჩესტნატმა და დენ კურციუსმა მილიარდდოლარიანი ქონებები დააგროვეს, ეს კი იმიტომ, რომ პატარა ბიზნესებს ძველმოდურად ეხმარებიან: ი-მეილით.

ორი წლის წინ ბენ ჩესტნატმა თავისი Mercedes GL63 SUV-ის საბარგულში ტალახიანი ფეხსაცმლისა და ჩაფხუტების გვერდით, ჩრდილო ჯორჯიის მთებში ველოსიპედით სიარულისას რომ ხმარობს, ერთი დაჭმუჭნილი ქაღალდი იპოვა. ამ ქაღალდზე, რომელიც ჩესტნატს ერთი წელია, არ გახსენებოდა, ეწერა ის, თუ რამდენად აფასებდა კერძო სააქციო კაპიტალის წამყვანი ნიუიორკული ფირმა მის კომპანიას: $2 მილიარდად. Mailchimp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქაღალდი პირად სეიფში, ამერიკის ზოგიერთი ყველაზე ჯიბესქელი ფინანსისტების სავიზიტო ბარათებთან ერთად შეინახა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკვდებოდა, – ოღონდ არც ერთი წამით ადრე, – ცოლს კომპანიის გაყიდვა შეძლებოდა. “ეს ჩემი საპენსიო გეგმაა”, – ხუმრობით აღნიშნავს ჩესტნატი.

Forbes 400-ის ახალწვეულს მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, არ დაისვენოს. როგორც მას, ისე მის თანადამფუძნებელს, დენ კურციუსს, მოთმინება უდავოდ დაუფასდათ. $600-მილიონიანი შემოსავლით, Mailchimp-ი დღეს მოგებიანია, ხოლო ბოლო ორ წელიწადში, სულ მცირე, გააორმაგა თავისი ღირებულება – $4.2 მილიარდამდე, რამაც მის ორად ორ მფლობელს, 44 წლის ჩესტანტსა და 46 წლის კურციუსს, თითოს, $2.1 მილიარდის ტოლფასი ქონება გაუჩინა.

Mailchimp-ის წარმატების ხერხემალს ამერიკის პატარა ბიზნესების მფლობელები წარმოადგენენ. შესაძლოა, მისი ყველაზე პოპულარული სერვისი – ი-მეილ-მარკეტინგი – დაბალტექნოლოგიურ, არამიმზიდველ მედიუმად გამოიყურებოდეს 2018 წელს, მაგრამ მცირე ბიზნესის მფლობელებს, როგორც წესი, არა აქვთ იმის ფუფუნება, მარკეტინგულ გუნდებსა თუ სოციალური მედიის პროფესიონალებს მიმართონ. შესაძლებლობა, წკრიალა, ბრენდის გამომსახველი ი-მეილი თითის რამდენიმე დაწკაპუნებით გაგზავნო, ზოგჯერ ერთი დიდი ხიდის ფუნქციას იძენს გაკოტრებასა და წარმატებას შორის იმ 20 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც დღეს Mailchimp-ზე იყრიან თავს.

ამ სიცოცხლის ხიდის შესანარჩუნებლად ჩესტნატი და კურციუსი ბევრს მუშაობენ. პირველი 2,000 გამომწერისა თუ 12,000 გზავნილი ი-მეილისთვის Mailchimp-ის მომხმარებლები არაფერს იხდიან, შემდეგ კი – $10-ს თვეში. დაბალი ხარჯი პოტენციურად დიდ უპირატესობად ითარგმნება. სკოტ მარკარტის თქმით, ყოველი დოლარი, რასაც ის Mailchimp-ის პროგრამული უზრუნველყოფით ყოველკვირეული ი-მეილების გაგზავნაში ხარჯავს, მისი ნეშვილში დაფუძნებული გიტარის სიმების მწარმოებელი Stringjoy-სთვის, ახალი გაყიდვების სახით, $20-ს მოასწავებს. “კლიენტებს ისეთი განცდა აქვთ, თითქოს მიცნობენ”, – ამბობს ის.

Mailchimp-ის სათავო ოფისში, – ატლანტის ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე Sears-ის ძველ საწყობში, – ჩესტნატის კაბინეტში, კრივის ხელთათმანის ფოტოს ნახავთ, რომელსაც მაიკ ტაისონის ლეგენდარული ციტატა ახლავს: “ყველა ადამიანს აქვს გეგმა, ვიდრე სახეში მუშტი არ მოხვდება”. ჩესტნატი მოკრივე არ არის (თუმცა კი ცოლი დამამთავრებელ კლასებში, კარატეს გაკვეთილზე გაიცნო), მაგრამ ამ სენტიმენტს გულით იზიარებს, ვინაიდან კარიერა მანაც ორიოდე სიმბოლური მუშტით დაიწყო.

შეიარაღებული ძალების მოსამსახურისა და მისი ტაილანდელი ცოლის ვაჟი, ჩესტნატი, ინდუსტრიული დიზაინის შესწავლის მიზნით, Georgia Tech-ში 1994 წელს გადავიდა, და სწორედ იქ მიხვდა, რომ სინამდვილეში ვებგვერდების შექმნის სწავლა უნდოდა – რაღაც ისეთის, რასაც ეს სკოლა 1990-იანების შუა პერიოდში არ ასწავლიდა. ჰოდა, ჩესტნატმაც თვითგანათლებას მიჰყო ხელი: ადგილობრივ Barnes & Noble-ის თაროებს შორის ტექნიკური წიგნების კითხვას შეუდგა, მერე კი Cox Interactive Media-ში იშოვა სამუშაო. იქ მოხვედრილმა, სამსახურში კურციუსი აიყვანა, კომპანიის დოტ-კომ ეპოქის MP3-ის მუსიკალურ სერვისზე რომ ემუშავა მასთან ერთად. ეს უკანასკნელი ნახევარ განაკვეთზე მომუშავე DJ და ყოფილი აქტიური სკეიტბორდერი გახლდათ, რომელმაც მოიტყუა, პროგრამისტის უნარები მაქვსო. სულ რამდენიმე თვეში განყოფილებამ ტექნოლოგიური კოლაფსი განიცადა.

კურციუსი სხვაგან გადაიყვანეს, მაგრამ ჩესტნატი კომპანიიდან გაუშვეს და მომდევნო რამდენიმე თვე ვებგვერდების ფრილანსერ შემქმნელად მოუხდა მუშაობა. დღემდე ახსოვს სამსახურის დაკარგვის სიმწარე. “როგორი შეგრძნებაა, როცა სამსახურს ყუთით ხელში ტოვებ!” – ამბობს ის. მაგრამ კურციუსთან ერთად ჩხირკედელაობა მაინც გააგრძელა: ჯერ ელ-მილოცვების საიტზე იმუშავეს, მერე კი უკვე პირადი გამოცდილებით შთაგონებულ სერვისზე. საქმე ისაა, რომ 2000-ის გაზაფხულზე მხოლოდ ჩესტნატი როდი იყო უმუშევარი. კურციუსი მამის საცხობის გაკოტრების მოწმე შეიქნა; ჩესტნატის უფროსმა დამ თმის სალონი დაკარგა. ჰოდა, იქნებ, მარტივი საიტი აეწყოთ, რომელიც ბიზნესის მფლობელებს საშუალებას მისცემდა, ადვილად დაეგზავნათ თავისი ყველაზე ლოიალური მომხმარებლებისთვის ი-მეილები?! შესაძლოა, ამ საიტს ისინი ვერ ეხსნა, მაგრამ კიდევ უფრო ხმაურიან და კონკურენტულ გარემოში არც არაფერს დააშავებდა.

Mailchimp-ი, რომელსაც მათი ყველაზე პოპულარული ელ-ბარათის გმირის პატივსაცემად შეერჩა სახელი, 2001-ში ჩაეშვა, რამდენიმე წლის მანძილზე გვერდითი პროექტის სახით არსებობდა და თვეში რამდენიმე ათასი დოლარი მოჰქონდა. შემდეგ, 2007-ში, როცა მან 10,000 მომხმარებელი მოაგროვა, დუეტმა მისთვის დროის მთლიანად დათმობა გადაწყვიტა. აცნობიერებდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გარე ინვესტორების მიერ კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, ჰოდა, ვენჩურ-კაპიტალის ნაღდ ფულს გულმოდგინედ არიდებდნენ თავს, სანაცვლოდ კი მოგებებს იყენებდნენ და პირობას დებდნენ, რომ ყოველთვე ახალ ელემენტს დაამატებდნენ, რათა უკეთ დაფინანსებული მეტოქეებისთვის გაესწროთ.

თანამშრომელთა მოსაზიდად Mailchimp-მა სააქციო წილებს მოგების გაზიარება ამჯობინა, გიჟურ ზრდას – სტაბილურობა. მიუხედავად ამისა, მაინც ვირუსივით იზრდებოდა, რისი მიზეზიც ე.წ. სახალხო რეკლამასა და ჭკვიანურ მარკეტინგში უნდა ვეძიოთ, რის მაგალითსაც 2015-ში უეცრად წარმატებული პოდკასტის, Serial-ის სპონსორობა განეკუთვნება. ი-მეილი მათ ხერხემლად რჩებოდა, თუმცა კურციუსმა მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებაც დაიწყო, რათა გაეგო, რა ელემენტებს ისურვებდნენ დამატებით, ამისათვის კი ყოველ წელს ქვეყნის გარშემო რვა-ათ ადგილას მიემგზავრებოდა და მცირე მასშტაბის ანტრეპრენიორებს მათ ენაზე, უბრალოდ “დენის” სახელით ესაუბრებოდა. შეიტყო, რომ მაღაზიათა მფლობელებსა და მცირე ბიზნესების ოპერატორებს Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე რეკლამირებაში დახმარება სურდათ. ჰოდა, სოციალური მედიის კამპანიებისთვის Mailchimp-მა მარტივი ინსტრუმენტები დაიმატა. მოხმარების სიმარტივე დღემდე პრიორიტეტად რჩება.

“Mailchimp-მა საქმე გამიადვილა, – ამბობს სან-ფრანცისკოში მდებარე Henry’s House of Coffee-ის მესამე თაობის ყავის მხალავი. – საშუალებას მაძლევს, ბიზნესის სხვა კომპონენტებზე ვკონცენტრირდე და არ ვინერვიულო, რომ ჩემი უკანა კარიდან ხალხი იპარება”.

დღეს, კულისებში თვეობით მუშაობის შემდეგ, ჩესტნატი და კურციუსი ფარდას ხდიან იმას, რასაც ჩესტნატი “მეორე მოქმედებას” უწოდებს. ზოგიერთი ახალი ძალისხმევა ცალსახად დაბალტექნოლოგიურია, მაგალითად, დაბეჭდილი ღია ბარათების ტესტირება; მათმა მომხმარებლებმა ამ ზაფხულს 25,000 ასეთი დაგზავნეს. ზოგს უფრო გართულებული სახე აქვს. ინტერაქციის ყველა დონეზე – იქნება ეს Facebook-ი, ი-მეილი თუ ფიზიკური პუნქტი – ბიზნესის სამომხმარებლო ბაზისთვის თვალის მიდევნებით, Mailchimp-ს უნდა, ი-მეილ-ლისტები შეავსოს, ანუ ის, რამაც კომპანიას სტარტი მისცა, და უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი დაამატოს – ვთქვათ, მომხმარებლები, რომელთაც ბოლო ექვს თვეში არაფერი უყიდიათ. მსგავსი ფუნქციები უკვე სტანდარტს წარმოადგენს ისეთი გაცილებით ძვირი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, როგორიც Salesforce-ს აქვს, მაგრამ Mailchimp-ი ცდილობს, ისინი მცირე ბიზნესებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს. “ჩვენ შეგვიძლია ამ ტექნოლოგიის დემოკრატიზება, – ამბობს Mailchimp-ის პროდუქტის ხელმძღვანელი ჯონ ფორმენი. – ეს ღმერთებისგან ცეცხლის მოპარვასავითაა”.

სწორედ ეს გამოწვევაა, ჩესტნატსა და კურციუსს რომ არ ასვენებს და იმაში ამყოფებს ჩართულს, რასაც თავად ცხოვრების ტურნეებს უწოდებენ Mailchimp-თან ერთად. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებიც ჰყავთ. და საოჯახო ფონდებიც. ჩესტნატის ფონდი პირველია, რომელიც $10 მილიონს ჯორჯიის არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად არიგებს. საჯარო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით რა აზრის არიან? “არ ღირს თავის ტკივილად”, – ამბობს ჩესტნატი. გაყიდვასთან? დამფუძნებლები ეჭვის თვალით იყურებიან. “ჯერჯერობით მაგარი შეგრძნებაა, რომ სხვების დახმარება შეგვიძლია”, – განმარტავს კურციუსი, ჩესტნატი კი ამატებს: “მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ გასული 17 წელიწადი უბრალოდ ვხურდებოდით”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *