მუშაობის ჰიბრიდული მოდელი ტერაბანკში

მუშაობის ჰიბრიდული მოდელი ტერაბანკში

პანდემიით გამოწვეულმა ახალმა რეალობამ ორგანიზაციები საერთაშორისო მასშტაბით განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა. მუშაობის დისტანციურმა რეჟიმმა დასაქმებულთა ქცევა შეცვალა, ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის კი ახალი სტრატეგიების შექმნა დააყენა დღის წესრიგში. სწორედ ერთ-ერთ ამგვარ სტრატეგიად იქცა მუშაობის ჰიბრიდული მოდელი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში არაერთ ორგანიზაციაშია დანერგილი. ზაფხულიდან ის წარმატებით ფუნქციონირებს ტერაბანკშიც და  ბანკის ადამიანური რესურსების მართვის და პროცესების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ნინო ჯუღელი ჩვენს ინტერვიუში სწორედ მასზე საუბრობს.

კონკრეტულად რას გულისხმობს ტერაბანკის ჰიბრიდული სამუშაო მოდელი?

პანდემიით განპირობებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ნათელი იყო, რომ თანამშრომლებისთვის ოფისში გამოსვლა ისევე რთული იქნებოდა, როგორც ორი წლის წინ დისტანციურად მუშაობაზე გადასვლა. საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა ჰიბრიდული მოდელი, ამიტომ ჩვენი ბანკის სათავო ოფისის თანამშრომლებს შევთავაზეთ, კვირაში სამი დღე ოფისიდან, ორი დღე კი დისტანციურად ემუშავათ. ახლა გრაფიკი ასეთია: ხუთშაბათობითა და პარასკევობით ყველას შეუძლია  სახლში დარჩეს და ოჯახურ გარემოში იმუშაოს.

საინტერესოა, ამ მოდელის შემუშავებამდე თანამშრომლების განწყობები თუ გამოიკვლიეთ, რას ეყრდნობოდით მისი დანერგვისას?

ჰიბრიდული მოდელი მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის ერთობლივი განხილვის საფუძველზე, თანამედროვე კომპანიების გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა. ცხადია, გამოვიკვლიეთ თანამშრომლების განწყობები, რომლებისთვისაც დისტანციური რეჟიმის შემდეგ ბანკში გამოსვლა რთული იყო, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ, ადაპტაციის პროცესი მათ ნაკლებ სტრესულად გაევლოთ.

პირველ ეტაპზე, რომელიც ზაფხულის პერიოდს დაემთხვა, ბანკის პოლიტიკა ძალიან ლოიალური იყო: თანამშრომელი თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას, დისტანციურად ემუშავა თუ — ბანკიდან. შესაბამისად, ჰიბრიდულ მოდელზე თანდათან გადავედით და პირველი ოქტომბრიდან სათავო ოფისი სრულად ამ ფორმატით მუშაობს.

ზოგადად რა დადებითი მხარეები აქვს ამ მოდელს, რას ცვლის ის ადამიანური რესურსების მართვაში?

ჰიბრიდული მოდელით მუშაობისას სრულადაა დაცული ბალანსი. კერძოდ, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, სახლიდან მუშაობის კომფორტიც შეინარჩუნონ და, ამავდროულად, პირისპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე სხვა კოლეგებთან.

ოფისში ყოფნა ხელს უწყობს კორპორაციული ურთიერთობების აღდგენას, ერთმანეთის მხარდაჭერას, გარკვეული საკითხების მეტი ოპერატიულობით მოგვარებას, იძლევა ცოდნის გაზიარების, გუნდის შიგნით საქმის უფრო სამართლიანად გადანაწილების საშუალებას. რაც მთავარია, ახალმოსულ თანამშრომლებს უფრო უმარტივდებათ გუნდსა და ახალ საქმესთან შეგუება.

რამდენად ერგება ეს მოდელი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტრენდებს?

პანდემიის პერიოდში გარტნერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კომპანიების უმეტესობა (გამოკითხული 12.000 ადამიანიდან 87%) ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ჰიბრიდული მოდელით მუშაობას მოითხოვდა. მაკენზიც იზიარებდა ამ მოსაზრებას, რომ ოფისი ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც პანდემიამდე.

წამყვანი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, Apple, ასევე გადავიდა ჰიბრიდული მოდელით მუშაობაზე, რაც სწორედ კვირაში 3 დღე ოფისში მისვლას, 2 დღე კი დისტანციურად მუშაობას ითვალისწინებს, Microsoft-ის შემთხვევაში, დროის 50% ოფისზე მოდის, 50% კი – დისტანციურ მუშაობაზე.

ვფიქრობ, პანდემიით შეცვლილ რეალობაში თანამშრომლების წახალისების, გამოცდილი კადრების შენარჩუნების, ნიჭიერი ახალგაზრდებისა თუ პროფესიონალების მოზიდვის ერთ-ერთი გზა სწორედ ჰიბრიდული მოდელის შეთავაზებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *