ნარჩენებით გენერირებული ელექტროენერგია - ინტერვიუ პანტელეიმონ იოსავასთან

ნარჩენებით გენერირებული ელექტროენერგია - ინტერვიუ პანტელეიმონ იოსავასთან

პანტელეიმონ იოსავა საქართველოში 7 წლის წინ ერთი მისიით დაბრუნდა – ნარჩენების გადამუშავებით ელექტროენერგია გამოემუშავებინა. დღეს იგი უკვე ამარაგებს ელექტროენერგიით ცალკეულ ბიზნესებს, თუმცა გეგმები უფრო დიდი და მასშტაბური აქვს. „ქართული ალტერნატიული ენერგიის” დამფუძნებელ პანტელეიმონ იოსავას გარდაბანში შევხვდით.

რო­გორ წა­მო­იწყეთ „ქართული ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერგი­ა” და რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რეთ ბიზ­ნე­სი?

რამდენიმე წლის წინ, საქართველოში დაბრუნებულმა, როცა ვნახე, რომ ნარჩენებს ჩვენს ქვეყანაში არავინ არაფრად აგდებდა, გადავწყვიტე მათი შეგროვება, გამოყენება და შემდეგ გადამუშავება. ეს იყო ის ნაგავი, რომლის მიწაზე დატოვება და დამარხვა არ შეიძლება, ეს არის ის ნივთიერება, რომელიც ძალიან აზიანებს გარემოს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს საქმე უნდა დამეწყო, იმიტომ რომ ნედლეული ბევრი იყო, ახლაც არის და მისი რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ჩემი მიზანი იყო, ნარჩენების გადამუშავებით მიმეღო იაფი ენერგიის წყარო. მით უმეტეს, რომ საქართველოში არ არის არც იაფი დიზელი, არც გაზი, არც ნახშირი. იდეა იყო ამ ყველაფრის წარმოება და მიწოდება მესათბურე მეურნეობებისთვის.

რა­ტომ დღეს – რა სიგ­ნა­ლე­ბი მი­ი­ღეთ ბაზ­რის­გან, რომ ამ ბიზ­ნეს­ში ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ასევე იზრდება ენერგიის კომერციული ტარიფი. იზრდება იმპორტზე დამოკიდებულება. ეს ყველაფერი განაპირობებს ამ პროექტის კონკურენტულ უპირატესობას და საფუძველს უყრის მის წარმატებას.

რა რა­ო­დე­ნო­ბის ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლება აქვს კომ­პა­ნი­ას და თუ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ინ­ვესტო­რე­ბის მხრი­დან?

საწყის ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო სრული ტექნოლოგიური პროცესის გატესტვა და მიღებული პროდუქციის ხარისხის შემოწმება და გაუმჯობესება. პროცესი წარმატებით ვითარდებოდა, შედეგად პროექტმა გამოიწვია რეზონანსი და დიდი დაინტერესება მსხვილი ინვესტორების თუ სხვადასხვა საწარმო კომპანიის მხრიდან. დღეს კომპანიის ძირითადი საქმიანობაა რეზინისა და ტექნიკური ელემენტების გადამუშავება პიროლიზის მეთოდით, მიღებული ენერგორესურსებიდან კი – ელექტროგენერაცია. მას შემდეგ, რაც ქუთაისში პიროლიზის წარმოებამ წარმატებით იმუშავა, დაიგეგმა და განხორციელდა ქუთაისის წარმოების თბილისთან ახლოს, გარდაბანში გადმოტანა და უკვე დიდი მასშტაბის წარმოების განვითარება.

პირველ ეტაპზე თანამშრომლობა დაიგეგმა აგროპროექტთან, სადაც მოხდება ელექტროენერგიის წლიური მოხმარების სრულად ჩანაცვლება ჩვენი შეღავათიანი ენერგორესურსით. საწარმოს მშენებლობის პროექტი დამტკიცდა და სამუშაოების წარმოების ნებართვაც მივიღეთ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ელექტროქსელებთან, რათა გენერაციიდან მიღებული ჭარბი ენერგია ელექტროსისტემას მივყიდოთ, ან სისტემის გავლით – სხვა მომხმარებლებს. დღეის მდგომარეობით, კომპანიას არსებული სიმძლავრეებით წლიურად 200 მლნ კვ/სთ ელექტროენერგიის გენერირება შეუძლია.

პრო­ექ­ტის წარ­მა­დო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ნედ­ლე­ულის სა­ჭი­რო მა­რა­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­პო­ვე­ბა?

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება სატრანსპორტო საშუალებების ბრუნვა და, შესაბამისად, იზრდება მეორეული საბურავების მარაგები და ასევე, ქვეყანაში არსებული ძველი დაგროვილი მარაგების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ამ პროექტის წარმადობისთვის საჭირო ნედლეულის მარაგები. მარაგების მიღების შემდეგ კი ელექტროენერგიის გამომუშავებამდე ბევრი სამუშაოა.

მანამდე, სანამ დენს გამოვიმუშავებთ, ძალიან გრძელ გზას გავდივართ. წარმოიდგინეთ, უნდა მოვიაროთ მთელი თბილისი ან რუსთავი, მოვაგროვოთ საბურავები, მოვიტანოთ, დავჭრათ, დავამუშაოთ, დავწნეხოთ და ჩავაწყოთ ქვაბებში, შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე, პიროლიზის მეთოდით, ვშლით ამ რეზინს, ვიღებთ გაზს, ნავთობს, შემდეგ ამ ყველაფერს ვფილტრავთ, ვტუმბავთ და ყოველივე ამის შემდეგ ვუშვებთ გენერატორებში.

ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე მეთოდიც არსებობს: რკინას და ნახშირს ვაცალკევებთ ერთმანეთისგან, ნახშირს ბრიკეტის ფორმას ვაძლევთ, შემდეგ უჰაერო სივრცეში ვწვავთ და აქედანაც ვღებულობთ გაზს, ამ ყველაფერსაც ვუშვებთ გენერატორებში და ვაწარმოებთ ელექტროენერგიას. აი, ამხელა გზას გავდივართ 1 კილოვატის მისაღებად.

რა ღირს თქვენ მი­ერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექ­ტ­როენერ­გი­ა?

ქვეყანაში შარშანდელთან შედარებით დღეს თითქმის გაორმაგებულია კომერციული დენის ტარიფი, ამ ფონზე ჩვენი პროექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი შესაძლებელია იყოს გაცილებით უფრო იაფი კომერციულ ტარიფთან შედარებით, რაზეც უკვე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბევრი საწარმო კომპანია ელოდება ჩვენგან ამ პროექტის განხორციელებას და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

რა გჭირ­დე­ბათ კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?

კომპანიის განვითარებისთვის გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა საკანონმდებლო დონეზე არ იყოს ამ ბიზნესის წარმოებისთვის ბარიერები, არამედ პირიქით, ჩანდეს ხელშეწყობა და დაინტერესება მწვანე ენერგიის პროექტის განსავითარებლად.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მა ალ­ბათ თქვენ­თ­ვის ერ­თ­-ერ­თი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ა…

დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა საწარმოო კომპანიებისთვის, ხელი მიუწვდებოდეთ ეფექტიან და იაფ მწვანე ენერგორესურსებზე, რაც ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

რას ელო­დე­ბით მო­მა­ვალ­ში?

აქამდე ქვეყნაში მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიის მწვანე პროექტები განიხილებოდა და არავინ ფიქრობდა ნაგვის გადამუშავებაზე და ამ ნედლეულით ელექტროენერგიის გენერაციაზე, რაც ორმხრივად სასარგებლო პროექტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროექტის სისტემურ განვითარებას და გაფართოებას, რაც საშუალებას მისცემს ბევრ საწარმოს, მიიღოს იაფი ენერგორესურსი საკუთარი ბიზნესის ეფექტიანი და სტაბილური ოპერირებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *