ფოტო: NASA/JPL-Caltech
NASA-ს მარსმავალმა Perseverance-მა მარსის ზედაპირზე 45.2 კილომეტრი გაიარა და დედამიწის გარდა სხვა ციური სხეულის ზედაპირზე გადაადგილების რეკორდი დაამყარა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა. ექვსბორბლიანი, ავტომობილის ზომის რობოტი მარსზე 2021 წელს დაეშვა და მას შემდეგ პლანეტის უძველეს გეოლოგიურ რეგიონებს იკვლევს.
Perseverance-მა NASA-ს მარსმავალ Opportunity-ის რეკორდი გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა 2004-2018 წლებში მარსის ზედაპირზე დაახლოებით 45 კილომეტრი გაიარა. ორივე მარსმავალმა გადაადგილების მანძილით მთვარის ზედაპირზე მომუშავე ყველა როვერის შედეგსაც გადააჭარბა.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) პროექტის მენეჯერის, სტივენ ლის განცხადებით, Perseverance-ის ტექნიკური სისტემები და სამეცნიერო ხელსაწყოები კარგ მდგომარეობაშია. სისტემების ბოლო შეფასებამ აჩვენა, რომ მარსმავალს მუშაობის გაგრძელება 2030-იან წლებშიც შეეძლება. მისივე თქმით, აპარატის გადაადგილების მექანიზმები იტესტება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ის 100 კილომეტრის ან მეტი მანძილის გავლას.
Perseverance-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ავტონომიური მართვის სისტემას, AutoNav-ს მიუძღვის. ლის განმარტებით, მარსმავლის გადაადგილებების დაახლოებით 90% ადამიანის უშუალო ჩარევის გარეშე ხორციელდება. სისტემა წინ მდებარე რელიეფის სტერეოგამოსახულებებს იღებს, სამგანზომილებიან რუკას ქმნის და დანიშნულების წერტილამდე ყველაზე უსაფრთხო მარშრუტს ირჩევს. სპეციალური კომპიუტერი კი გამოსახულებების სწრაფად დამუშავებისა და მართვის პროგრამის თითქმის უწყვეტად მუშაობის საშუალებას იძლევა.
მარსმავალი ამჟამად ჯეზეროს კრატერს იკვლევს, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მილიარდობით წლის წინ ეს ტერიტორია წყლით იყო დაფარული და აქ ტბა არსებობდა. Perseverance-ი კრატერის დასავლეთ კიდესთან მდებარე Lac de Charmes-ის სახელით ცნობილ რეგიონს კვეთს და Idubi-ის მიმართულებით გადაადგილდება.
მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაადგინოს, არსებობდა თუ არა მარსზე ოდესმე მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები. NASA-ს შეფასებით, მარსმავლის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევა შესაძლოა იყოს პოტენციური ბიონიშნის აღმოჩენა, რომლის შესახებაც სააგენტომ გასულ წელს განაცხადა. შესაძლო კვალი მოწითალო ქანში აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, 3.2-3.8 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა – იმ პერიოდში, როდესაც ჯეზეროს კრატერის ტბას მდინარე უერთდებოდა.
მკვლევართა ყურადღებას კრატერის კიდეც იქცევს. ორბიტიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში წარსულში ჰიდროთერმული სისტემები არსებობდა, სადაც თბილი ან ცხელი მიწისქვეშა წყალი ცირკულირებდა. მეცნიერების ვარაუდით, ასეთ გარემოს შესაძლოა სიცოცხლის წარმოშობისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა.
Perseverance-ის თავდაპირველი მისია მხოლოდ 20 კილომეტრის გავლას ითვალისწინებდა. NASA-მ ახლახან დაამტკიცა მისიის გახანგრძლივება, რომლის ფარგლებშიც მარსმავალი კრატერის კიდის შესწავლას, სულ მცირე, 2028 წლის ბოლომდე გააგრძელებს. მისი ენერგიის წყარო პლუტონიუმზე მომუშავე სისტემაა, რომელიც, NASA-ს განცხადებით, გამართულად ფუნქციონირებს და აპარატს ენერგიის მარაგი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ეყოფა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი










