ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა

სექტემბერში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ფასი საშუალოდ 5,24 დოლარით გაიზარდა ბარელზე ანუ 6,77%-ით და დღეისთვის შეადგენს 82,67 დოლარს/ბარელზე. აგვისტოს დასაწყისიდან ნავთობის ფასი გაზრდილია საშუალოდ 8,42 დოლარით/ბარელზე ანუ 11.3 %-ით. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა  საშუალოდ 67 დოლარს.  ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: როგორც ცნობილია, ნოემბრის თვიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც გახლავთ ის და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს – ქვეყანაში საწვავის ფასზე ერთ-ერთ გავლენას ლარის კურსი ახდენს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა და სექტემბრის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარი გახდა. შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე და, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლარის ვარდნის გამო დოლართან მიმართებაში, საწვავის საცალო ქსელში საწვავის ფასმა მოიმატა. კერძოდ, სექტემბერში საწვავის ფასმა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრაზე 5-8 თეთრით მოიმატა. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე.