ადგილობრივი თემების წევრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც მიმდინარე კვირას მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში გამართული საჯარო განხილვების დროს სს „ნენსკრა ჰიდრომ“ წარმოადგინა.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის პოტენციური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყველა თემის წევრებთან კონსულტაციებს 22 და 23 აგვისტოს – ჭუბერში, ხოლო 24 აგვისტოს ნაკრაში, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე პროექტის თითოეული ტექნიკური ჯგუფის ექსპერტები ესწრებოდნენ.
თემების წევრებმა პროექტის სპეციალისტებს კითხვები დაუსვეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, კაშხლის უსაფრთხოების, მიწის შესყიდვისა და საარსებო საშუალებების აღდგენის გეგმის, აგრეთვე თემის განვითარების პროგრამისა და ეკოლოგიური საკითხების თაობაზე.
სს „ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენლები მიესალმნენ მოსახლეობის ჩართულობის ამ დონეს და იმას, რომ საჯარო განხილვებზე წარმოდგენილები იყვნენ სპეციალისტები თემების წევრთათვის საინტერესო საკითხებზე პასუხების გასაცემად. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, კვლავაც განაგრძონ რეგულარული შეხვედრები თემების ჩართულობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად.
საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ქვეყანა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის იმის გამო, რომ ამ დროს მდინარეებიდან შედარებით მცირე რაოდენობის წყლის რესურსებია ხელმისაწვდომი, ენერგიის მოხმარება კი გაზრდილია. რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ენერგიის იმპორტის საშუალო წლიური მაჩვენებელი ზამთრის პერიოდში 610.00 გგვტ.სთ-ს აღწევს.
ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ნენსკრა ჰესი 1’200.00 გგვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს.
დამატებითი კვლევების შედეგები, რომლებსაც პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ეფუძნება 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა. დოკუმენტების მთელი პაკეტი, ისევე, როგორც შემაჯამებელი ანგარიშები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოფისში თბილისში, ასევე პროექტის ვებგვერდზე და პროექტის საინფორმაციო ცენტრებში ჭუბერსა და ნაკრაში.