MySpace-ის შურისძიება

MySpace-ის შურისძიება

ათიოდე წლის წინ კრის დევულფი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ვებგვერდს ედგა სათავეში, ვებგვერდს, რომელიც Facebook-მა პაროდიად აქცია. დღეს კრის დევულფი დაბრუნდა და სტაბილურობას მობილური თამაშების ეფემერულ სფეროში ეძებს.

Château-Crème-a-Lot-ი გიგანტური ვაფლების, ნაყინებისა და დაკლაკნილი ზეფირის ციფრული ციხესიმაგრეა. ის ერთ-ერთია დესერტის რამდენიმე კუნძულთაგან, სადაც ციმციმათვალებიანი შეფი პანდა სხვადასხვა ფორმის მქონე შოკოლადებით გამოცანებს ხსნის, რათა ინგრედიენტები მოიპოვოს, ორცხობილებით დაწყებული, ნამცხვარ-ლოლიპოპებით დასრულებული, ყველაფერი მოამზადოს და, საბოლოოდ, საუკეთესო კონდიტერის სახელიც დაიმკვიდროს. არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ სერიოზული ბიზნესია. შეფი პანდა Cookie Jam Blast-ის ვარსკვლავია – ახალი თამაშისა, რომელიც კალვერ-სიტიში (კალიფორნია) დაფუძნებული შვიდი წლის მობილური თამაშების კომპანია Jam City-მ გამოუშვა. თამაში Jam City-ს ყველაზე წარმატებული ფრანშიზის, Cookie Jam-ის შვილობილია, რომელიც 2014 წლის დებიუტის შემდეგ 100 მილიონზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული და რომელსაც თითქმის ნახევარი მილიარდის შემოსავალი აქვს მოტანილი.

„ველით, რომ Cookie Jam-ი 50 წლის მერეც აქტუალური იქნება“, – ამბობს Jam City-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 51 წლის კრის დევულფი. მუდმივობისადმი ასეთი ლტოლვა, ერთი შეხედვით, კონფლიქტში მოდის ჭკვიანი ტელეფონების თამაშების ჰიპერაქტიურ სამყაროსთან, მაგრამ დაბნეულობა უმალვე ქრება, თუ გავიხსენებთ, რომ „წინა ცხოვრებაში“ კრის დევულფი MySpace-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი იყო – სოციალური მედიის პიონერი კომპანიისა, რომელიც ნამდვილად არ ქცეულა Facebook-ად. ამჯერად დევულფს სურს, მისმა ქმნილებამ დროს გაუძლოს.

სტარტი კარგად აიღო. 2010 წლის დებიუტიდან მოყოლებული, Jam City მობილური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კერძო კომპანიად გვევლინება, რომელმაც 50 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი მოაგროვა, ხოლო ჩარტებში, რომლებიც 100 ყველაზე მაღალშემოსავლიან თამაშს აერთიანებს, თავისი ექვსი თამაში მოახვედრა. ის ისეთ გიგანტებს უწევს კონკურენციას, როგორიც გახლავთ Activision Blizzard-ი, Tencent-ის მფლობელობაში არსებული Supercell-ი და Electronic Arts-ი.

„დაახლოებით ათი კომპანია არსებობს მხოლოდ, რომელთაც ტოპ-ასეულში ერთ თამაშზე მეტი მოუხვედრებიათ, – ამბობს Wedbush Securities-ის ანალიტიკოსი მაიკლ პეჩტერი, რომელიც მობილური თამაშების ბაზარს $40 მილიარდად აფასებს. – ასეულში ერთზე მეტი თამაში თუ ხვდება, ეს ნიშნავს, რომ მეტად შთამბეჭდავი ფორმულისთვის მიგიგნია“.

Jam City, რომელიც შარშანდლამდე Social Gaming Network-ის სახელით იყო ცნობილი, თავისი გამოცანებისა და ნარატიული სახის თამაშების ნახევარს სუფთა ფურცლიდან ქმნის, ნახევარს კი ისეთ მსხვილ ლიცენზირებულ გართობის ბრენდებზე დაყრდნობით, როგორიც Futurama და Peanuts-ია. წარმატებას უფრო მეტად ორიგინალი პროდუქტები აღწევენ (შეფასებათა თანახმად, შემოსავლების 75% სწორედ მათზე მოდის), მაგრამ Hollywood-ის ნაწილი უფრო უსაფრთხოა, ვინაიდან „მომხმარებელთა მყისიერი ბაზა“ მოჰყვება, როგორც ამას 20thCentury Fox-ის ყოფილი აღმასრულებელი ჯოშ იგუადო ამბობს, რომელიც, MySpace-ის ყოფილ ტექნოლოგიურ დირექტორ აბერ უიტკომთან ერთად, დევულფს კომპანიის წამოწყებაში დაეხმარა. მაგრამ უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს: ხშირად Hollywood-ის ბრენდიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 10-12%-ს სტუდიას საავტორო ჰონორარის სახით უხდიან.

ორიგინალი თამაშებით მოგების ნახვისა და Hollywood-ის ბრენდებთან კავშირების კომბინაციამ ნაყოფი გამოიღო: გასულ წელს Jam City $322-მილიონიანი გაყიდვების მომსწრე შეიქნა და იმედოვნებს, რომ წელს $400 მილიონს ასცდება. მობილურ თამაშებში გავრცელებული მოდელის გამოყენებით, Jam City თავისი შემოსავლის უმთავრეს ნაწილს ე.წ. „აპლიკაციის შიდა შეძენებიდან“ იღებს, რა დროსაც მოთამაშეები ისეთი საგანგებო ფუნქციებისთვის იხდიან ფულს, როგორიც ახალი გმირები ან დამატებითი სიცოცხლეებია (Jam City-ს ყველა თამაშის ჩამოწერა უფასოა). კომპანია შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირებასაც მიმართავს: თამაშებში რეკლამებს ამატებს, რამაც, შესაძლოა, 2017 წლის შემოსავლის 10% შეადგინოს. Jam City-ს განზრახული აქვს, ერთ წელიწადში საჯარო ბაზარზე გავიდეს და ამბობს, რომ უკვე სამი წელია, მოგებიანია, თუმცა ზუსტ რიცხვებს არ ასახელებს. პეჩტერის შეფასებით, მათი მოგება წელს დაახლოებით $20 მილიონი იქნება.

ჭკვიანი ტელეფონების თამაშები მერყევი, ჰიტებით წარმართული ბიზნესია. ინდუსტრიისთვის გამაფრთხილებელ ამბავს King Digital Entertainment-ი ჰყვება. 2012 წელს თავისი ტოპშემოსავლიანი თამაშის, Candy Crush-ის გამოშვების შემდეგ King-ი $5.9 მილიარდად Activision-ს მიეყიდა… და მას მერე ჰიტი არ გამოუშვია.

როგორ უნდა აირიდოს Jam City-მ MySpace-ისებრი დაცემა ან King-ისებრი კოლაფსი თავიდან? რისკი რეალურია, ზოგის აზრით კი კომპანია თამაშების მეორეული მაღაზიაა, რომელიც წარმატებას თავისი წამყვანი ფრანშიზების გაპრიალებული იმიტაციებითა და Hollywood-ის პროდუქტთა უფრო არადამაჯერებლად შეცვლილი ვერსიებით აღწევს. მაგრამ კომპანიის მტკიცებით, მონაცემთა ანალიზში დახელოვნებულობა მათ საშუალებას მისცემს, წლების მანძილზე სტაბილური ზრდის მოწმენი იყვნენ. Jam City გულმოდგინედ ჩიჩქნის მოთამაშეთა მონაცემებს, რათა მიხვდეს, როგორ წააქეზოს ერთობ სარფიანი ე.წ. აპლიკაციის შიდა შენაძენები და როგორ შეინარჩუნოს მომხმარებელი თამაშების პერსონალიზაციის გზით.

„ისინი განთქმულნი არიან მონაცემებით“, – ამბობს ტერო კუიტინენი, მთავარი სტრატეგი Kuuhub-ში, ჰელსინკიში დაფუძნებულ ვენჩურულ ფირმაში, რომელიც ციფრული გართობის სფეროში სპეციალიზდება.

ერთ დროს MySpace-ი კულტურული ფენომენი იყო, 13 მილიონი მომხმარებლითა და ყველაზე მსხვილი სატელევიზიო და მუსიკალური ბიბლიოთეკებით ინტერნეტში. ეს ქსელი ისეთი საკულტო ფიგურების ონლაინსახლი იყო, როგორებიც ტეილორ სვიფტი და მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა არიან, და მისი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით $750 მილიონს შეადგენდა. ნაჩქარევმა მონეტიზაციამ, რაც 2005-ში News Corp-ისთვის $580-მილიონიანი მიყიდვით იყო ნაკარნახევი, ზრდა მოკლა.

ახლა დევულფი Jam City-ს მომხმარებელთა დაცვას დიდ ყურადღებას უთმობს, ყოველ ახალ ფუნქციას საგანგებოდ ამოწმებს და რეკლამას მხოლოდ მაშინ ამატებს, როცა მონაცემები აჩვენებს, რომ ამ რეკლამას ე.წ. აპლიკაციის შიდა შენაძენების წახალისება შეუძლია.

„MySpace-ი არ იქცა Facebook-ად, – ამბობს დევულფი და სახეზე ნოსტალგიანარევი სინანული ემჩნევა, თუმცა დამარცხებულის მზერა ნამდვილად არა აქვს. – საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, რატომ“.

დევულფის ოფისის დეკორაცია ამ ნოსტალგიას ასახავს. კრიალა ტახტის თავზე ჩამოკიდებული New Yorker-ის ყდაზე გამოსახულია ყველა იმ მოვლენათა კოლაჟი, რაც 2006-ში დიდი ჰიტი იყო: MySpace-ი, Snoop Dogg-ი, სკარლეტ იოჰანსონი. მის ყავის მაგიდაზე Banksy-ს გრაფიტის წიგნი დევს, რომელშიც ასაკოვანი ქალის სურათს ნახავთ შემდეგი ტექსტით: „MySpace-ზე უკეთ გამოიყურებოდი“.

„როგორც ანტრეპრენიორს, უამრავი დაუსრულებელი ბიზნესი მქონდა“, – ამბობს დევულფი.

პორტლენდის (ორეგონი) მკვიდრს, დევულფს, Jam City-სთან დაკავშირებული შთაგონება 2006-ში ეწვია, როცა MySpace-ის საქმეებზე იაპონიაში მიემგზავრებოდა. ჯერ კიდევ აშშ-ში, აფრენამდე, შეამჩნია, თუ რა ხშირად შედიოდა ხალხი მობილური ტელეფონებიდან სოციალურ მედიასა და თამაშებში. როცა დევულფმა MySpace-ის შემდეგ სხვა კომპანიის წამოწყება განიზრახა, მიხვდა, რომ გართობის მომავალი მობილური იყო და ამ ტრენდზე გადაწყვიტა კაპიტალიზება. საწყისი კაპიტალის სახით, საკუთარი თანხებით, კომპანიაში $1 მილიონი დააბანდა, $26.5 მილიონის ინვესტიცია კი Austin Ventures-ისგან მოიზიდა და 2012-ში პირველი ორიგინალი თამაშებიც გამოუშვა.

2015 წელს Jam City-მ $130 მილიონი მოიზიდა სეულში დაფუძნებული მობილური თამაშების კომპანია Netmarble-ისგან, რომელიც $200 მილიონად შეფასებული კომპანიის 60%-იან წილს დაეპატრონა. ამ ინვესტიციის წყალობით, შარშან, კომპანიამ $100 მილიონად TinyCo შეიძინა – სტარტაპი, რომელიც Hollywood-ის თემებზე ქმნის თამაშებს და რომლის დამსახურებაცაა Jam City’s Marvel-ისა და Family Guy-ის სათაურები.

„ნახევარი ბიზნესი სუპერშემოქმედებით ხელოვნებასა და თხრობით ჟანრს ეფუძნება, ნახევარი კი წმინდა მონაცემებს“, – ამბობს დევულფი.

500-თანამშრომლიან კომპანიას ბევრი საქმე აქვს: პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადება, ცდილობს, თავის ორ დიდ ჰიტს მიღმა დივერსიფიცირდეს და თვალი ჩინურ ბაზარზე უჭირავს, სავარაუდოდ, ისეთ პარტნიორთან ერთად, როგორიც Tencent-ია. რაც უნდა მოხდეს მომავალში, დევულფის თქმით, ის, როგორც ანტრეპრენიორი, არსად აპირებს წასვლას.

„სწორედ ესაა, რისი კეთებაც მიყვარს – დიდი კომპანიების მართვა და მათი მასშტაბების ზრდა, – განმარტავს ის. – რეალურად ფულზე არცაა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *