Neuralink-მა ტვინის იმპლანტი მესამე ადამიანს ჩაუნერგა

Neuralink-მა ტვინის იმპლანტი მესამე ადამიანს ჩაუნერგა

ილონ მასკის ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Neuralink-მა კლინიკური ტესტირების ფარგლებში ტვინის იმპლანტი მესამე ცდისპირს ჩაუნერგა. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ინტერვიუს დროს განაცხადა, რომელიც მის სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე გადაიცემოდა.

ინტერვიუს დროს მასკმა აღნიშნა, რომ Neuralink-ის ტვინის იმპლანტით უკვე სამი ადამიანი სარგებლობს და ტექნოლოგია სამივე შემთხვევაში კარგად მუშაობს. მილიარდერის თქმით, Neuralink-ი იმედოვნებს, რომ ექსპერიმენტულ მოწყობილობებს წელს კიდევ 20-დან 30-მდე ადამიანს ჩაუნერგავს. ილონ მასკს მესამე პაციენტის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველად 29 წლის ნოლანდ არბოს, 2024 წლის იანვარში გადაუნერგა. არბო დაივინგისას, უბედური შემთხვევის შედეგად, მხრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა ჭადრაკის ონლაინ თამაში გონების საშუალებით შეძლო.

მეორე ცდისპირმა, რომელსაც ასევე ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და იმპლანტი გასულ ზაფხულს ჩაუნერგეს, მოწყობილობის დახმარებით ვიდეოთამაშების თამაში შეძლო და დაიწყო დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესწავლა 3-D ობიექტების შესაქმნელად.

ცნობისთვის, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.