საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგებში

საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგებში

2004 წლიდან საქართველო ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელ საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (მე-13 ადგილი) და ბიზნესის კეთების (Doing Business) ინდექსი (მე-16 ადგილი). თუმცა საქართველოს ბიზნესგარემოს ნაკლად რჩება კერძო საკუთრების არასათანადო დაცვა. ეს იმ დროს, როდესაც კარგად დაცული საკუთრების უფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი (თუ გადამწყვეტი არა) ფაქტორია. იმას, თუ როგორ არის დაცული კერძო საკუთრების უფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს. კვლევების შედეგად კი ქვეყნების რეიტინგები ქვეყნდება.

პირველ რიგში განვიხილავთ საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index), რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლების ალიანსი“ (Property Rights Alliance). აღნიშნული ინდექსის 2016 წლის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილს იკავებს.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება. გამოკვლეული 128 ქვეყნიდან საქართველომ 4.6 ქულა მოიპოვა, 4.6 ქულა აქვს ასევე რუსეთს, კენიას, მალის, მალავის, ტანზანიას, უგანდასა და გვატემალას. საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 2.4 ქუ ლა 10-დან და 128 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ერთ- ერთი ქვეკომპონენტია საავტორო უფლებების დაცვა, სადაც საქართველოს 10-დან 1 ქულა აქვს. საავტორო უფლებები 104 ქვეყანაშია შესწავლილი და საქართველოს 102-ე ადგილი უჭირავს.

ფიზიკური საკუთრების დაცვის მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, 5.9 ქულა აქვს და 128 ქვეყანას შორის 55-ე ადგილზეა. ფიზიკური საკუთრების დაცვის შეფასების კრიტერიუმებია: საკუთრების დაცულობა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივე და სესხის ხელმისაწვდომობა.

საკუთრების დაცულობაში საქართველოს 5.6 ქულა აქვს და 55-ე ადგილზეა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მაქსიმალური ქულა – 10 მოიპოვა და პირველ ადგილზეა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა სესხის ხელმისაწვდომობის კუთხით აქვს – 2.3 ქულა და 99-ე ადგილი. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.

ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.4 ქულა აქვს და 128 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება: სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის კონტროლი. აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასებისას საკუთრების უფლების ალიანსი ძირითადად მსოფლიო ბანკის შესაბამის მონაცემებს ეყრდნობა.

სასამართლოს დამოუკიდებლობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად თავისუფალია სასამართლო მთავრობისა და ბიზნესჯგუფების გავლენისგან. საქართველოს 5.2 ქულა აქვს და 52-ე ადგილს იკავებს. კანონის უზენაესობა კანონისადმი თანასწორობას, კრიმინალის დონეს, პოლიციის მუშაობის ხარისხსა და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს. საქართველოს 5.4 ქულა აქვს და 52-ე ადგილზეა. პოლიტიკურ სტაბილურობაში საქართველოს 4.5 ქულა აქვს და მე-80 ადგილზეა. კორუფციის კონტროლში 6.5 ქულით საქართველო 34-ე ადგილზეა.

ინდექსის კომპონენტების განხილვიდან გამოიკვეთა, რომ საქართველოს 90-ე ადგილს ინტელექტუალური საკუთრების ცუდად დაცვა განაპირობებს და თითქოს, ფიზიკური ქონების დაცვაში, სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში ნორმალური მდგომარეობაა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგი მხოლოდ 128 ქვეყანას მოიცავს და მსოფლიოს ყველა ქვეყანას რომ მოიცავდეს, საქართველოს გაცილებით ცუდი პოზიციები ექნებოდა.

პოზიტიური კუთხით იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ბოლო წლებში საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს. აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 113-ე ადგილი დაიკავა. 2013 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე გაიზარდა, მაგრამ მაინც 113-ე ადგილზე დარჩა. 2014 წლიდან კი პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია უკვე აშკარაა.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს 8.4 ქულით. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი და ნორვეგია 8.3 ქულით. ყველაზე ცუდად კი კერძო საკუთრება ვენესუელაშია დაცული – ვენესუელა 128-ე ადგილზეა 2.7 ქულით.

საკუთრების დაცვა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევას გავლენიანი შვეიცარიული ორგანიზაცია – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ახორციელებს.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საკუთრების დაცვის დონის განსაზღვრა შემდეგი მეთოდოლოგიით ხდება: კითხვარი საქართველოში მოქმედ ასობით ბიზნესმენს უშუალოდ ეგზავნება, სადაც მათ უნდა უპასუხონ, თუ რამდენად კარგად არის დაცული ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების უფლება საქართველოში. რესპონდენტები თავიანთ პოზიციას 1-დან 7 ქულამდე შეფასებით გამოხატავენ. 1 – ძალიან ცუდს, 7 კი ძალიან კარგს ნიშნავს.

2016 წლის (2016 წელი შეფასებულია მარტ- აპრილის მდგომარეობით) კვლევამ 138 ქვეყანა მოიცვა. საქართველომ საკუთრების უფლების დაცვაში 54-ე ადგილი (4.4 ქულა) დაიკავა. ფიზიკური საკუთრების დაცვით საქართველო 43-ე (4.8 ქულა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვით 99-ე (3.6 ქულა) პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ 54-ე ადგილი და 4.4 ქულა კარგად დაცული საკუთრების უფლების დონეს არ შეესაბამება, ბოლო 4 წელიწადში 75 ადგილით დაწინაურება კარგი შედეგია. ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს პოზიცია 88, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 27 ადგილით გაუმჯობესდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში კერძო საკუთრების უფლების დაცვაში საქართველოს პოზიცია უარესდებოდა და რეიტინგის ბოლო ადგილებს უახლოვდებოდა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით კერძო საკუთრება ყველაზე კარგად შვეიცარიასა და ფინეთშია დაცული (6.5 ქულა 7-დან).

შემდეგ მოდიან ლუქსემბურგი, სინგაპური და შვედეთი. ყველაზე ცუდად კი ვენესუელაშია (1.8 ქულა) დაცული.

ქვეყანაში კერძო საკუთრების დაცვის საკითხს კიდევ ერთი გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია – The Heritage Foundation-ი იკვლევს. აღნიშნული ორგანიზაცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს, სადაც

ეკონომიკური თავისუფლების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი საკუთრების უფლების დაცვის დონეა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (100-დან 55.1) სწორედ ამ კრიტერიუმში აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-13 ადგილზე ვართ, ცალკე აღებულ საკუთრების დაცვაში 77-ე ადგილს (185 ქვეყნიდან) ვიკავებთ. საკუთრების დაცვის შეფასება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაანალიზებით ხდება. აკვირდებიან შემდეგ საკითხებს: ფიზიკური ქონების დაცვა, ინტელექტუალური ქონების დაცვა, ინვესტორთა დაცვა, ქონების ექსპროპრიაციის რისკი და მიწის ადმინისტრირების ხარისხი (ყიდვა-გაყიდვის თავისუფლება). ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საკუთრება ყველაზე კარგად სინგაპურშია დაცული (100-დან 97.1 ქულა), შემდეგ მოდის ახალი ზელანდია (96.1 ქულა), გაერთიანებული სამეფო (93.8 ქულა) და ჰონკონგი (93.7 ქულა). ბოლო ადგილს კი აქაც ვენესუელა იკავებს 6.8 ქულით.

ზემოთ განხილული სამი რეიტინგის შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკუთრების უკეთ დაცვა საქართველოს ბიზნესგარემოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით ორი გადამწყვეტი ნაბიჯია გადასადგმელი: 1. არსებული კანონების უკეთ დაცვა და სასამართლოს ეფექტიანობის ზრდა და 2. საკუთრების უფლების დაცვის მეტი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის შესაძლებლობის თითქმის გაუქმება ან მაქსიმალურად გართულება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *