საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია: შანსი საფრთხის ქვეშ

საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია: შანსი საფრთხის ქვეშ

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, ხოლო ზოგადად გლობალიზაციის დონით – 63-ზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2015 წლის გლობალიზაციის ინდექსი 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 191 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს ეფუძნება. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური კაპიტალის მოძრაობის კრიტერიუმებით განისაზღვრება. ჩვენ ყურადღებას ძირითადად ეკონომიკურ გლობალიზაციაზე გავამახვილებთ.

სოციალური გლობალიზაციის კრიტერიუმებად შერჩეულია უცხოელებთან კონტაქტის სხვადასხვა მაჩვენებელი (მაგალითად, ტურისტების რაოდენობა, საერთაშორისო სატელეფონო ზარები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, მაკდონალდსის რესტორნების რაოდენობა და სხვა).

პოლიტიკური გლობალიზაციის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: საელჩოების რაოდენობა ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უშიშროების საბჭოს მისიებში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები.

ეკონომიკური გლობალიზაციის დონის მიხედვით პირველ ადგილზე სინგაპურია 95.7 ქულით (მაქსიმალური ქულაა 100). მეორეზე ირლანდიაა 92.6 ქულით, მესამეზე – ლუქსემბურგი 91.1 ქულით. ჩამონათვალს სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები აგრძელებს. საქართველოს მე-19 ადგილი (81 ქულა), ფაქტობრივად, პარადოქსულია. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,700 აშშ დოლარია. აღნიშნულ ინდექსში მე-19 (საქართველოს) ადგილამდე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალი მავრიკიას აქვს – $10,500. საქართველოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნები 50-ე ადგილის ქვემოთ არიან განაწილებული.

ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას, შენი ეკონომიკის საზღვრები ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს, წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი მხოლოდ საკუთარი, მცირერიცხოვანი მოსახლეობა არ იყოს.

ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები (მაგალითად, დიდი 7-იანის ქვეყნები) არ არიან მაღალ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია. ეს აიხსნება იმით, რომ მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. სამაგიეროდ, ვერ ვნახავთ პატარა ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია და ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დაბალი პოზიცია უჭირავს. საერთაშორისო ვაჭრობა, უცხოური კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების განვითარების აუცილებელ პირობად.

საქართველოს მე-19 ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის.

უფრო დეტალურად განვიხილოთ, რატომ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გლობალიზაციის დონის კრიტერიუმები – საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების ხარისხი და უცხოური კაპიტალის მოცულობა.

საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ე.წ. შედარებითი უპირატესობა, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანოს (იმპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რისი წარმოებაც ქვეყნის შიგნით უფრო ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთ, და პირიქით, სხვა ქვეყნებში გაიტანოს (ექსპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაც თვითონ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იგებს როგორც ექსპორტიდან, ასევე იმპორტიდან. მარტივად რომ ვთქვათ, ვყიდულობთ იაფად და ვყიდით ძვირად. ეს კი ზრდის მოსახლეობის დანაზოგებს, რაც ინვესტირებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა.

ამ შედეგის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია საერთაშორისო ვაჭრობა, ანუ აწესებს თუ არა ქვეყანა საბაჟო ტარიფებს, რაოდენობრივ შეზღუდვებსა და აკრძალვებს უცხოური პროდუქციის იმპორტზე. რაც უფრო მეტია აღნიშნული შეზღუდვა, მით უფრო ძვირად უწევს მოსახლეობას საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ამცირებს ეროვნულ დანაზოგსა და ინვესტიციებს. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა რჩება საზღვრებში ჩაკეტილი, ნაკლებგლობალიზებული და განვითარების ნაკლები პერსპექტივების ამარად (მით უმეტეს, თუ მცირე, ბუნებრივი რესურსებით ღარიბ ქვეყანაზე ვსაუბრობთ).

ინდექსის მეორე ძირითადი კრიტერიუმია უცხოური კაპიტალის შემოდინება. ქვეყნის ეკონომიკას ავითარებს ინვესტიცია (იგივე დანაზოგი, კაპიტალი). ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა (საკუთარი მოსახლეობის დანაზოგები) ან უცხოური (სხვა ქვეყნების მოსახლეობის დანაზოგები). მხოლოდ შიდა დანაზოგით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევს, განსაკუთრებით, თუ ღარიბი, განვითარებადი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობა ცოტა ფულს ზოგავს. ამიტომაც, განვითარებადი ქვეყნები მდიდარ ქვეყნებზე მეტად ცდილობენ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო შექმნან.

ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მარაგის ზრდა (რასაც ეკონომიკური გლობალიზაციის დონის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს) არა მხოლოდ გლობალიზაციის მაღალი დონის აღმნიშვნელია, ეკონომიკური განვითარების პოტენციალსაც გვიჩვენებს.

საქართველომ გლობალიზაციის ინდექსში სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო, რაც 2004-2007 წლებში გატარებული რეფორმების შედეგი იყო. აღნიშნულ წლებში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ ბიზნესგარემოს, რომელმაც გაუძლო ომს, ეკონომიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისებს და, ფაქტობრივად, უწყვეტ რუსულ აგრესიას. აღნიშნულ გამოწვევებს ემატებოდა კერძო საკუთრების უფლებების დაცვასა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. ამ ფონზე, პარადოქსულია, როგორ ვითარდება დღემდე საქართველოს ეკონომიკა, რომლის ზრდაც, მართალია, ბოლო წლებში (2013-2015) შენელდა, მაგრამ საშუალოდ 4%-იან ნიშნულს მაინც აღწევს.

ეს პარადოქსი იხსნება სწორედ ქვეყნის ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონით, რასაც საგადასახადო ლიბერალიზაციით, ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკით, ბიზნესის წარმოებაზე, უცხოურ კაპიტალზე, სამუშაო ძალასა და ტურიზმზე რეგულაციების შემცირებით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებით, კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირებით მივაღწიეთ.

გლობალიზაციის მაღალი დონე ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის 70 ათას კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩაკეტილი და 4.5 მილიონი ადამიანის საქმიანობით შემოფარგლული. ისევე, როგორც ესტონეთის ეკონომიკა (მე-8 ადგილი ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში) არ არის მხოლოდ 45 ათასი კვ.კმ.-ითა და 1.3 მილიონი ადამიანის საქმიანობით შემოსაზღვრული და ირლანდიის ეკონომიკა (მე-2 ადგილი ამავე ინდექსში) არ არის მხოლოდ 84 ათასი კვ.კმ. ფართობისა და 6 მილიონი ადამიანის იმედად.

2012 წელს, რომლის შედეგებსაც 2015 წლის გლობალიზაციის ინდექსი ეფუძნება, უცხოური კაპიტალის მარაგი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ 29% იყო, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ეკონომიკის მიმართ – 65%.

ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალ დონეს ერთი ნაკლი აქვს: ასეთ ეკონომიკაზე გავლენას უფრო მეტად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები ახდენს, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებებზე თუ წარუმატებლობებზე. ეს ნაკლი ანტიგლობალისტების საყვარელი თემაა. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისისგან მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე გლობალიზაციის მიერ მოტანილი ეკონომიკური სარგებელი. ამის მაგალითი იყო თუნდაც საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2005-2007 წლებში (საშუალოდ 10%), რომელიც ბევრად აღემატებოდა 2009 წლის 4%-იან ვარდნას.

საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის მე-19 ადგილი მსოფლიოში, რაც ეკონომიკური თავისუფლების მაღალ დონეს ასახავს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ ინერციის წყაროა, რომელიც 2010 წლიდან გვაქვს და თანდათანობით იკლებს. საქართველოს ბიზნესგარემოში ჩადებულია ის საძირკველი, რამაც შეიძლება ქვეყანა სწრაფად აქციოს განვითარებული ეკონომიკის მქონე, მაღალშემოსავლიან ქვეყნად. ოღონდ ამისათვის საჭიროა არა ამ ინერციის ბოლომდე ამოწურვა, არამედ ახალი რეფორმების გატარება და ხარვეზების გამოსწორება. უცხოური პროდუქციის, კაპიტალისა და სამუშაო ძალის შემოსვლის შეფერხების მცდელობები საქართველოსთვის ცუდად დასრულდება.

თუ დღეს არსებულ მრავალ განვითარებულ ქვეყანას (ინგლისს, საფრანგეთსა თუ ჰოლანდიას) საუკუნეები დასჭირდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მისაღწევად, ეკონომიკური გლობალიზაცია იძლევა შანსს, თანამედროვე ეკონომიკური მექანიზმებით იგივე გზა რამდენიმე ათწლეულში გავიაროთ. ამ შანსის გამოუყენებლობა რიგით პოლიტიკურ წაბორძიკებებზე ბევრად მძიმეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *