ბიუჯეტი 2020

ბიუჯეტი 2020

ავტორი, ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და თსუ-ის “ფინანსების და საბანკო საქმის” კათედრის გამგეა.

ბიუჯეტი ძველ ნორმანდიულ ენაზე ფულის ტომარას, ქისას ნიშნავს.

სახელმწიფო ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმა, მისი შემოსავლებისა და გასავლების ნუსხა. სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის საშულებით ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა, ერთი მხრივ, ფინანსური რესურსების მობილიზებას და, მეორე მხრივ, საზოგადოების იმ მიზნებისა და საჭიროებების დაფინანსებას, რაც სახელმწიფოს კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ დოკუმენტსაც წარმოადგენს, ვინაიდან იმაში, თუ საიდან, რა ოდენობით, რა ფორმით ახდენს ხელისუფლება ფინანსების აკუმულირებას სახელმწიფო ხაზინაში და რა მიზნით, რა ოდენობით, რა დანიშნულებით ხარჯავს მას, იკითხება კონკრეტული მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები.

სახელმწიფო ბიუჯეტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკური (ანუ ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობის შემცირების და ა.შ.) სტაბილურობის, ასევე მიკროეკონომიკური (ანუ ინდივიდუალური მომხმარებლების, ცალკეული საწარმოების, დარგების და ა.შ.) შემოსავლების ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით.

როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტს ორი მხარე აქვს: შემოსულობები და გადასახდელები.

თავის მხრივ, შემოსულობებში შედის: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები, გრანტები, სხვა შემოსავლები, პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლები და ა.შ.

ხარჯების სტრუქტურა კი ძირითადად მოიცავს: სოციალურ ხარჯებს, ეკონომიკური დანიშნულებისა და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ასევე სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯებს და ა.შ.

როგორც წესი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შეზღუდულია, ლიმიტირებულია, ხელისუფლების მიზანს კი წარმოადგენს ამ შეზღუდული რესურსების ოპტიმალური და ეფექტიანი გადანაწილება.

მოდი, ვნახოთ, თუ რას ითვალისწინებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი:

დავიწყოთ იმით, რომ:

1. ბიუჯეტი მშპ-ის 5%-იანი ზრდის გათვალისწინებითაა დაგეგმილი, რაც, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთავრობის საკმაოდ ამბიციური და თამამი გადაწყვეტილებაა;

2. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.7%-ია. ეს იმ პირობებში, როცა კიდევ უფრო იზრდება ასიგნებები სოციალური მიმართულებებით.

3. მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით შეადგენს 45%, მაშინ როცა “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მისი დასაშვები ზედა ზღვარი 60%-ია;

ეს პარამეტრები უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. ფინანსური სტაბილურობის გარეშე კი ეკონომიკის სწრაფი და ინკლუზიური განვითარება წარმოუდგენელია.

მთლიანობაში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 14 მილიარდ 212 მლნ ლარის ოდენობით (ეს თითქმის 800 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე სახელწიფო დახარჯავს 2019 წელს). მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე მიმართულება:

• ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 4. 347 მლრდ ლარს, რაც მთლიანი ბიუჯეტის 30%-ზე მეტია;

• 2020 წლის 1 იანვრიდან ასაკით პენსიონერთა პენსიების 20 ლარით გაზრდა. ასევე 20 ლარით გაიზრდება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220 მლნ ლარზე მეტი;

• 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლისა და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია (ანუ ჯამში მიიღებს 50 ლარით მეტს), მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი;

• იგეგმება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება და 2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმების (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით;

• დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია ჯამურად 120 მლნ ლარამდე;

• საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გაიზარდა 150 ლარით, ხოლო 2020 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან კიდევ დამატებით 150 ლარით. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140 მლნ ლარზე მეტი;

• 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე) ანაზღაურება, რაზედაც მიიმართება 15 მლნ ლარამდე;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280 მლნ ლარზე მეტი;

• 2020 წელის 1 ივლისიდან 125 ლარით გაეზრდებათ ხელფასები ჯარისკაცებს, მეხანძრე- მაშველებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზედაც ბიუჯეტიდან მიიმართება 50 მლნ ლარამდე;

• 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მიიმართება 3.7 მლრდ ლარზე მეტი, რაც ეკონომიკის აქსელერაციისა და დასაქმების ზრდის მხარდაჭერისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია;

• ასევე გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის 74.0 მლნ ლარი;

• რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებულია 300 მლნ ლარი;

• ქ. თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი;

• თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ითვალისწინებს 880 მლნ ლარს;

მოკლედ რომ ვთქვა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *