უმუშევრობის პრობლემა

უმუშევრობის პრობლემა

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2015 წლის მაისის სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% ყველაზე პრობლემატურ საკითხად სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევს. სექტემბრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დაუსაქმებლად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე (უმუშევრების პროცენტული რაოდენობა სამუშაო ძალაში) 12.4% იყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და უმუშევრობის თემაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის.

დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. უმუშევარია ადამიანი, თუკი ის სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს. მონათმფლობელურ და ფეოდალურ (ბატონყმურ) წყობილებებში უმუშევრობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, რადგან ადამიანს არ ჰქონდა უფლება, მუშაობაზე უარი ეთქვა. უარის შემთხვევაში ის დაისჯებოდა ან შიმშილით დაიღუპებოდა. თუ ადამიანებს ვაიძულებთ, უხელფასოდ ან სასურველზე დაბალი ხელფასისთვის იმუშაონ – ყველას დასაქმება მოხერხდება. უმუშევრობა შრომის კომერციალიზაციამ ანუ შრომაში სასურველი ანაზღაურების (ხელფასის) მოთხოვნის თავისუფლებამ წარმოშვა. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა და საკმარისად ანაზღაურებული (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებოდ საჭირო თანხასაც კი ვერ ფარავს) სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხოლო ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, მოსახლეობის ნაწილს არ უღირს დაბალი ხელფასისთვის დაქირავებულად მუშაობა და ცდილობს, სხვა ქვეყანაში იპოვოს უკეთესი სამსახური, ან სოფელში, მიწაზე მუშაობით მოიპოვოს არსებობისთვის საჭირო მინიმალური შემოსავალი (ხშირად – ნატურალური პროდუქტის სახით). საქართველოსთვის ორივე სიტუაცია დამახასიათებელია – ემიგრაციაც და მიწაზე მუშაობაც. თუ ადამიანს არც მიწა აქვს და ვერც საზღვარგარეთ მიდის, ის სოციალურ ან უმუშევრობის დახმარებას იღებს. ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დახმარება სოლიდურია და კონკურენციას უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურს.

ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. მაგალითად, ბევრი, ვისაც სასურველი სამსახური არა აქვს, მაგრამ მუშაობს, თვლის, რომ უმუშევარია. ასევე მიაჩნია, თუკი უმაღლესი განათლება აქვს და შესაფერის ადგილზე არ მუშაობს. ხშირად ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს დასაქმებულად, თუ ხელფასი აქვს დანიშნული (დაქირავებულია). ასე გაჩნდნენ „უმუშევარი“ ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები, სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე დასაქმებულები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით კი ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან.

დღეისათვის გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, უმუშევრობის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოლოგია გამოიყენება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO – გაეროს შვილობილი ორგანიზაცია) მიერ არის შემუშავებული. საერთაშორისო მეთოლოგიებს პირველ რიგში ის დანიშნულება აქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შესადარისი იყოს. მაგალითად, თუ საქართველოსა და სომხეთში უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებული იქნება, მიღებული შედეგების შედარება არ მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომელ ქვეყანაში უფრო მაღალია უმუშევრობის დონე. გარდა ამ მიზნისა, უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის მთავარი ამოცანაა, სწორად განაწილდეს უმუშევრობის დახმარება, არ მიიღოს დახმარება მან, ვინც რეალურად უმუშევარი არ არის და საკუთარი შრომითი შემოსავალი აქვს. აქედან გამომდინარე, უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული. საქართველოში უმუშევრობის დახმარება არ არის, მაგრამ, რადგან გაეროს წევრი ვართ, ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენც მათი მეთოდოლოგია გამოვიყენოთ. ამასთან, უმუშევრობაზე დაკვირვება გვეხმარება, განვსაზღვროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და თუ რამდენად უმჯობესდება/უარესდება სოციალური ფონი ქვეყანაში.

ახლა კი დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ თვლის საქსტატი დასაქმება/ უმუშევრობის მაჩვენებლებს. დათვლა ხდება შინამეურნეობის (ოჯახების) კვლევის გზით. გამოკვლევა მიმდინარეობს ყოველკვარტალურად, რომლის დროსაც ხორციელდება დაახლოებით 3,400 შინამეურნეობის 15 წლისა და უფროსი ასაკის წევრების გამოკითხვა, გარდა: 1. იმ პირებისა, რომლებიც არ იმყოფებიან შინამეურნეობაში 12 თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში; 2. სამხედრო პირებისა, რომლებიც ცხოვრობენ ყაზარმებში 3. საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ინტერნატებსა და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები პირებისა.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია. პენსიონერიც შეიძლება უმუშევრად ჩაითვალოს.

დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთ საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგებისა და ა.შ.) მიღების მიზნით, უსასყიდლოდ ეხმარებოდა სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

უმუშევრად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთ საათსაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსის მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგებისა და ა.შ.) მიღების მიზნით, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან.

რადგან საქართველოში უმუშევრობის დახმარება არ არის, უმუშევრობის სტატისტიკას მხოლოდ ეკონომიკური სიტუაციის ანალიზის დანიშნულება აქვს. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.2% პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში (მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია მუშაობა და აქტიურად ეძებს სამუშაო ადგილს) ყოველი 1000 კაციდან 124 უმუშევარია. უმუშევართა ჯამობრივი რაოდენობა კი 246 ათასი კაცია.

საქართველოს 2014 წლის უმუშევრობის დონეს თუ შევადარებთ ევროკავშირის ქვეყნების იმავე წლის უმუშევრობის დონეს, აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 8-ში უფრო მაღალი უმუშევრობაა, ვიდრე საქართველოში. საქართველოს შედარებით დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია უმუშევრობის დახმარების არარსებობით, მინიმალური ხელფასის ქვედა ზღვრის ფაქტობრივად არარსებობითა და სოფლის მოსახლეობაში არსებული დაბალი უმუშევრობის დონით. ვინც სოფელში მიწაზე შრომობს ან მეცხოველეობას ეწევა, ყველა დასაქმებულად ითვლება. სოფლის მოსახლეობის წილი კი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში დაახლოებით 45%-ია. ოფიციალური სტატისტიკით, სოფელში უმუშევრობის დონე 5.4%-ია, ხოლო ქალაქში – 22.1%.

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულები (სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, საცალო ვაჭრობასა და სხვა) ჭარბობს. სულ დასაქმებულია დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი, აქედან დაახლოებით 1 მილიონი (60%) თვითდასაქმებულია. სწორედ ამ ფორმით დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი არ თვლის თავს დასაქმებულად და სოციოლოგიურ გამოკითხვებში პასუხობს, რომ უმუშევარია. 692 ათასი ადამიანი არის დაქირავებით დასაქმებული და, შესაბამისად, მათ არა აქვთ აღქმა, რომ უმუშევრები არიან. აქედან დაახლოებით 150 ათასი ადამიანი საჯარო სექტორშია დასაქმებული.

ერთია, რომ ოფიციალური მეთოდოლოგიით 1,7 მილიონი ადამიანი ითვლება დასაქმებულად და 246 ათასი უმუშევრად, მაგრამ თუ განვიხილავთ შიდა შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს, სამსახურს ეძებს არა მხოლოდ 246 ათასი კაცი, არამედ თვითდასაქმებულების უმეტესობაც, რომლებიც სასურველი სამსახურის პოვნამდე სხვადასხვა გზით ცდილობენ შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შესაძლოა, ახალი ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს. გარდა ამისა, საქართველო ბოლო ათწლეულში გადის ტექნოლოგიური ცვლილების პერიოდს, რასაც შედეგად ახლავს ხელით შრომის კომპიუტერებითა და ციფრული ტექნიკით ჩანაცვლება. მაგალითად, ფულის ჩასარიცხმა აპარატებმა გააქრო ათასობით მოლარისა და ოპერატორის სამუშაო ადგილი. ინტერნეტიზაცია, კომპიუტერიზაცია და კომპიუტერული პროგრამების მრავალფეროვნების ზრდა შესაძლებელს ხდის, ერთმა ადამიანმა გააკეთოს იმდენი საქმე, რასაც კომპიუტერის გარეშე რამდენიმეჯერ მეტი ადამიანის შრომა დასჭირდებოდა.

საქართველოს შრომის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასის სავალდებულო ზღვარი, იოლია სამუშაოზე აყვანა- გათავისუფლება, არ არის უმუშევრობის დახმარება, სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია, მაგრამ მკაცრად არ კონტროლდება. ამის შედეგად საქართველო ბევრჯერ გამხდარა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და დასაქმების მაჩვენებლის ამაღლებისათვის რეგულაციებისგან თავისუფალი შრომის ბაზარი უკეთესია. მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრა და სამუშაო საათების მკაცრად დარეგულირება სამუშაო ძალას აძვირებს, დამსაქმებელს უწევს მეტი ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულს, ვიდრე თავისუფალი გარიგების პირობებში გადაუხდიდა. ეს კი ბიზნესს აწვება ტვირთად და კონკურენტუნარიანობას უმცირებს, ვერ ფართოვდება (ან დაბალი ტემპით ფართოვდება) და დასაქმებას ვერ ზრდის. უმუშევრობის დახმარება კი მოტივაციას უკარგავს უმუშევარს, დახმარებაზე ნაკლებ თანხად იმუშაოს, რაც სერიოზულ პრობლემად ექცათ სამხრეთ ევროპის ქვეყნებს. საბერძნეთში უმუშევრობის დონე 26.5%-ია, როცა არალეგალ, დაბალკვალიფიციურ, ბერძნული ენის არმცოდნე ემიგრანტებსაც კი შეუძლიათ საბერძნეთში სამუშაოს პოვნა. ხშირად ემიგრანტები ისეთი თანხისთვის მუშაობენ, რომელიც ნაკლებია, ვიდრე უმუშევრობის დახმარება.

ბევრი ევროპული ქვეყნისთვის შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია ერთ- ერთი გზაა უმუშევრობის შესამცირებლად, საქართველოში კი მეტი ლიბერალიზება ფაქტობრივად შეუძლებელია და დასაქმების ამაღლების მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოში უმუშევრობას (დიდწილად თვითდასაქმებულობასაც) ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით $15 მილიარდია, ერთ ადამიანზე მოდის საშუალოდ $4 ათასის წლიური შემოსავალი, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $15 ათასიდან იწყება. დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი სამუშაოს მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა. საქართველოში საშუალო და უმაღლესი განათლების არასასურველი ხარისხის გამო პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო. 21-ე საუკუნეში კი გლობალიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას, მხოლოდ შენი ქვეყნის შიდა შრომის ბაზარზე არ ჩაიკეტო და ბევრ სხვა ქვეყანაში მოძებნო გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური.

მთავრობას უმუშევრობის პრობლემის თანდათანობით გადასაჭრელად ერთადერთი გზა რჩება: ხელი შეუწყოს ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევას და პარალელურად განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა კი მრავალ კომპონენტს გულისხმობს, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, კერძო საკუთრების უკეთესად დაცვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოება და აშ. მთავრობას არ შეუძლია უმუშევრობის პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდით გადაჭრას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას გამოიწვევს და ისევ ეკონომიკას დააწვება ტვირთად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის გამო კერძო სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.

პოლიტიკოსების დაპირება უმუშევრობის პრობლემის სწრაფად გადაჭრასთან დაკავშირებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად გულისხმობს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოსახლეობა უნდა აქცევდეს ყურადღებას, თუ რა ტემპით ვითარდება მისი ქვეყნის ეკონომიკა. ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმუშევრობის პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია (თუ ადამიანებს არ აიძულებ, უფასოდ ან სასურველზე დაბალ ხელფასად იმუშაონ), ხოლო მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია, ოღონდ არა მყისიერად ან 1-2 წელიწადში. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგია, სინგაპური) მოსახლეობის 2-3% უმუშევარია. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უკეთ ანაზღაურებად სამსახურს ან მისი პროფესიის შესაფერის სამსახურს ეძებს, ასე ვთქვათ, მობილობის პროცესშია. ასეთ დროს მიჩნეულია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არ არის გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით. საქართველოში კი, როგორც აღვნიშნეთ, უმუშევრობის მიზეზი მცირე ეკონომიკაა და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გზაც ეკონომიკის ზრდაა. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ კარგი განათლების მქონე ადამიანს არამხოლოდ გაუიოლდება სამუშაოს პოვნა, ის სხვა ადამიანებისთვისაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. რეცეპტი ნაპოვნია: მეტი განათლება, უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა და უკეთესი ბიზნესგარემო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *