“ბოლო თვეების განმავლობაში, იყო ცნობები, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა იმ ბიზნეს შეთანხმებებს აჩერებს ან მიმართულებას უცვლის, რომლებსაც ქვეყანა ევროატლანტიკურ ოჯახთან უნდა დაეახლოვებინა,” – ამის შესახებ Newsweek-ზე მოსაზრებას პაკისტანში აშშ-ის ყოფილი ელჩი და EastWest Institute-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქემერონ მიუნტერი აქვეყნებს.
მიუნტერი რუსული გავლენების საფრთხეებზე წერს და Caucasus Online-ისა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს.
„აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ცოტა ხნის წინ შეწყვიტა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობდა. ასევე მთავრობას ადანაშაულებენ ევროპასა და აზიის ციფრული კორიდორის განვითარების შეფერხების მცდელობაში Caucasus Online-თან ბიზნეს შეთახმების მიმართულების შეცვლისა და კომუნიკაციების შესახებ კანონში სადავო ცვლილებების შეტანით“, – წერს მიუნტერი.
ამასთან, ყოფილი დიპლომატი და ამჟამინდელი გლობალური კონსულტანტი ამბობს, რომ არის საზოგადოების შეშფოთება, რომ ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის ზეწოლის გავლენის შედეგია, რომელიც ცდილობს საქართველოს გეოპოლიტიკური გზაზე კონტროლის მოპოვებას.
„დასავლეთის მთავრობები უნდა იყვნენ ფხიზლად ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობებს. საქართველო არის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა ევროპისა და ამერიკისთვის – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მცდელობა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის რუსეთის გავლენების სფეროს ქვეშ არ მოექცეს“, – წერს ქემერონ მიუნტერი.
შეგახსენებთ, რომ NEQSOL ჰოლდინგმა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. კომპანიის მიზანს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დამაკავშირებელი ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.
სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსითვის” მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.
თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.
სწორედ ეს დავა გახდა მიზეზი, რის გამოც, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
20 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” 270,000 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა და სადავო ტრანზაქციის შესაბრუნებლად, ერთთვიანი ვადა მისცა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ამ ვადაში არ უზრუნველყოფს მოთხოვნის შესრულებას, კომისია ჯარიმის გარდა სხვა ზომების მიმართვასაც გეგმავს. ამ დროისთვის უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.
NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.