ნიდერლანდების სასამართლოს გადაწყვეტილებით, Uber-ის მძღოლები კომპანიის თანამშრომლები არიან და არა კონტრაქტორები, შესაბამისად, მათ ადგილობრივი შრომის კანონმდებლობით უფრო მეტი უფლებები აქვთ.
ეს პროფკავშირებისათვის მორიგი სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. მსგავსი გადაწყვეტილება წელს დიდი ბრიტანეთის სასამართლომაც მიიღო. პროფკავშირები უკეთესი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურებისათვის იბრძვიან.
ამსტერდამის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ჰოლანდიის პროფკავშირების ფედერაციის პოზიცია, რომ დედაქალაქში მომუშავე Uber-ის დაახლოებით 4,000 მძღოლი ფაქტობრივად ტაქსის კომპანიის თანამშრომლები არიან, ამიტომ მათ სარგებელი ტაქსის სექტორის შესაბამისად უნდა მიიღონ.
Uber-ი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ამბობს, რომ „არ აპირებენ ნიდერლანდებში მძღოლების დასაქმებულებად კლასიფიცირებას“.
„იმედგაცრუებულნი ვართ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ვიცით, რომ მძღოლების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს დარჩეს დამოუკიდებელ მომუშავედ“ – თქვა მაურიც შენფელდმა, Uber-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩრდილოეთ ევროპაში. – „მძღოლებს არ სურთ, უარი თქვან არჩევანის თავისუფლებაზე, როდის და სად იმუშავებენ“.
სასამართლომ დაადგინა, რომ მძღოლებსა და Uber-ს შორის შრომითი ხელშეკრულება არსებობს. „Uber-სა და ამ მძღოლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა აკმაყოფილებს შრომითი ხელშეკრულების ყველა მახასიათებელს“ – ნათქვამია განჩინებაში.
„მოსამართლის გადაწყვეტილების გამო მძღოლები ახლა ავტომატურად Uber–ში დასაქმებულებს წარმოადგენენ“ – განაცხადა FNV-ის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაქარია ბუფანგაჩმა. – „შედეგად, ისინი მეტ ხელფასს და მეტ უფლებებს მიიღებენ, მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლების ან ავადმყოფობის შემთხვევაში“. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით Uber-ის მძღოლებს ზოგიერთ შემთხვევაში ანაზღაურების დაბრუნების უფლება აქვთ.
მოსამართლეებმა ტაქსის მძღოლებისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო Uber-ს 50,000-ევროიანი ჯარიმაც დააკისრეს.
ცნობისთვის, Uber-ს მსგავსი სამართლებრივი დავა აქვს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც.