Nikkei Asia: ჩინეთი კომპანიებს ChatGPT-ის სერვისის გამოყენებას უკრძალავს

Nikkei Asia: ჩინეთი კომპანიებს ChatGPT-ის სერვისის გამოყენებას უკრძალავს

ჩინეთი ქვეყნის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებლებისთვის ChatGPT-ის სერვისის შეთავაზებას უკრძალავს. Nikkei Asia-ს თანახმად, სხვა შემთხვევაში პასუხებს, რომელთაც Microsoft-ის მხარდაჭერით OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი იძლევა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) ცენზურა შეეხებოდა.

თუმცა, პარალელურად, რამდენიმე ჩინური კომპანია ChatGPT-ის საკუთარი ვერსიის შექმნაზე თავადვე მუშაობს და ნაწილი, უახლოეს პერიოდში, მათი საჯარო ვერსიების გამოშვებასაც აანონსებს. ჩინეთის მიერ უცხოური ვებგვერდების დაბლოკვის პრაქტიკა ახალი არ არის. ქვეყნის მთავრობამ 2009-2010 წლებში Google-ი, Facebook-ი, YouTube-ი და Twitter-ი აკრძალა. 2018-2019 წლებში ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იყო Reddit-ისა და Wikipedia-ს გამოყენებაც.

ახლა კი, როგორც Nikkei Asia ამტკიცებს, მათი პლატფორმების საშუალებით საზოგადოებისთვის ChatGPT-ზე წვდომის შეთავაზება Tencent Holdings-სა და Ant Group-ს, Alibaba Group Holding-ის ფინტექურ ფილიალს აეკრძალათ. ხოლო ChatGPT-ის მსგავსი სერვისების გაშვებამდე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებს მარეგულირებელ ორგანოებთან ანგარიშის წარდგენა მოუწევთ.

ცნობისთვის, ChatGPT-ის სერვისი ოფიციალურად ჩინეთში ხელმისაწვდომი არაა. თუმცა ინტერნეტში მომხმარებელთა ნაწილმა, ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) გამოყენებით AI chatbot-ზე წვდომის დამყარება მაინც მოახერხა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერვისის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე China Daily-მ სოციალური მედიის პლატფორმა Weibo-ზე ChatGP-თან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. „ChatGPT-ი აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა, დეზინფორმაციის გავრცელებასა და მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გლობალური ნარატივებით მანიპულირების ინსტრუმენტად გამოიყენოს“, – ვკითხულობთ China Daily-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *