მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად საერთაშორისო ბიზნესსკოლა INSEAD-ი Adecco Group-სა Tata Communications-თან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს „გლობალური ნიჭის კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ (GTCI).
რეიტინგში მსოფლიოს 119 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული, იმის მიხედვით თუ რამდენად შეუძლიათ მათ ნიჭიერი კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. ამისთვის GTCI 6 ინდიკატორს იყენებს:
ჩართულობა – ინდიკატორი ზომავს ქვეყნის ბიზნეს და რეგულატორულ გარემოს.
კადრების მოზიდვა – ინდიკატორი აფასებს, თუ რამდენად ღიაა კონკრეტული ქვეყანა მოიზიდოს შესაფერისი კადრები. ამასთან განავითაროს ქალებისა და ხანდაზმული ადამიანების უნარები.
ზრდა – ინდიკატორში შედის ქვეყნის შესაძლებლობა განავითაროს მოქალაქეების უნარები, მათ შორის დაწყებითი და უმაღლესი განათლების კუთხთ.
შენარჩუნება – ინდიკატორი ქვეყანაში ცხოვრების დონეს აფასებს.
VT უნარები – ინდიკატორი ზომავს, თუ რამდენად ფლობენ მოქალაქეები ტექნიკურ და პროფესიულ უნარებს.
GK უნარები – ინდიკატორი მოქალაქეების გლობალურ ცოდნას აფასებს.
ნიჭის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, მას მოსდევს სინგაპური და ამერიკის შეერთებული შტატები.
საქართველო რეიტინგში 72-ე ადგილზეა. ჯამში 100 სარეიტინგო ქულიდან საქართველოს 38.8 ქულა აქვს მიღებული. ყველაზე მაღალი შეფასება კი ქვეყანას ბიზნესის კეთების სიმარტივის კომპონენტში აქვს, რომლითაც მსოფლიოში მე-14-ე ადგილს იკავებს.
ბოლო პოზიციებს იკავებს საქართველო „კლასტერული განვითარების“ კატეგროიაში და 19.81 ქულით მსოფლიოში 108-ე ადგილზეა. 95-ე ადგილზეა ქვეყანა აქტიური სამუშაო ბაზრის პოლიტიკის შემუშავების კუთხით. 81-ე პოზიციას იკავეს საქართველო პოლიტიკური სტაბილურობის კატეგორიაში. ტექნოლოგიების გამოყენების ინდიკატორით საქართველო მსოფლიოში 98-ე ადგილზეა.
სხვადასხვა კატეგორიებში საქართველოს პოზიცია შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თანაბარი ანაზღაურება ქალისა და კაცისთვის – 90-ე ადგილი
- განვითარების საშუალება ქალებისთვის – 49-ე ადგილი
- უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება – 91-ე ადგილი
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობები – 57-ე ადგილი
- პროფესიული განათლება – 88-ე ადგილი
- უმაღლესი განათლება – მე-60-ე ადგილი
- უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯები – 93-ე ადგილი
- მათემატიკისა და მეცნიერების დისციპლინების ცოდნა – 59-ე ადგილი
- პერსონალური უფლებები დაცვა – 44-ე ადგილი
- სოციალური ქსელების გამოყენება – 38-ე ადგილი
- შესაფერისი უნარების მქონე კადრების მოძიების სიმარტივე – 107-ე ადგილი
- მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობა – 102-ე ადგილი