ნორვეგია პალესტინისათვის გაყინული ფინანსების გადაცემის ფასილიტატორი იქნება

ნორვეგია პალესტინისათვის გაყინული ფინანსების გადაცემის ფასილიტატორი იქნება

ნორვეგია, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის ხელისუფლებისათვის გაყინული საგადასახადო თანხების გადაცემის ფასილიტატორი იქნება. აღნიშნული ფინანსური აქტივები პალესტინის ხელისუფლების დაფინანსების ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა.

90-იან წლებში მიღწეული დროებითი სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ისრაელის ფინანსთა სამინისტრო პალესტინელების სახელით გადასახადებს აგროვებს, რომელთაც  ყოველთვიურად პალესტინის ხელისუფლებას ურიცხავს. თუმცა გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ გადახდების განხორციელება შეჩერდა.

ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, მისი ჩართულობით გადახდები დროებით გაგრძელდება, რათა თავიდან აირიდონ პალესტინის ხელისუფლების ფინანსური კოლაფსი. შედეგად შესაძლებელი გახდება აუცილებელი საჭიროების სერვისებმა, სკოლებმა და ჯანდაცვის სფერომ ფუნქციონირება განაგრძონ. ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული შემოსავლების შენახვაზე პასუხისმგებელი ნორვეგია იქნება.

2 ნოემბერს ისრაელის მიერ გავრცელებული განცხადებით, ისრაელი პალესტინის ხელისუფლებისათვის განკუთვნილ საგადასახადო შემოსავლებს West Bank-ში გადარიცხავდა, თუმცა ღაზის სექტორისათვის განკუთვნილი წილის გამოკლებით, სადაც პალესტინის ხელისუფლება სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორების ხელფასებს იხდის. პალესტინის ხელისუფლებამ ეს შეთავაზება უარყო და განაცხადა, რომ ხელფასების დასაფარად ფინანსები სრულად ესაჭიროებათ. ცნობისათვის, ღაზის სექტორს პალესტინის ხელისუფლებისათვის განკუთვნილი საგადასახადო შემოსავლის დაახლოებით 30% ხმარდება. საბოლოოდ კი ისრაელი დათანხმდა, რომ ღაზის სექტორისათვის განკუთვნილი წილი, პალესტინის ხელისუფლებისათვის გადარიცხვის ნაცვლად, ნორვეგიამ შეინახოს.

დასავლური თანამეგობრობის ქვეყნები პალესტინის ხელისუფლებაზე მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაში დიდ იმედებს ამყარებენ. აშშ-ის იდეაა, რომ ღაზის სექტორის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა სწორედ პალესტინის ხელისუფლებამ აიღოს.